in

აი, როგორ მუშაობს ქასთინგის მენეჯერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს სალომე ღლონტია, TV11-ის ქასთინგის მენეჯერი.

M: რა როლი აქვს ქასთინგის მენეჯერს გადაღების პროცესში?

ძალიან მნიშვნელოვანი – ის რეჟისორთან, ოპერატორთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან არის ტანდემში და დიდი როლი აქვს მთელ გადასაღებ პროცესში. თავდაპირველად, როდესაც პროექტის დაწყება გადაწყდება, იქნება ეს ფილმი, სერიალი, რეკლამა თუ სხვა და დაიწერება სცენარი, მის პარალელურად მუშაობს ქასთინგ მენეჯერი პერსონაჟების შერჩევაზე. ის ფიქრობს, თუ რომელი მსახიობი მოერგება და გაუმკლავდება პერსონაჟის ხასიათსა და აღწერილობას.

M: რა ხდება, თუ ქასთინგის მენეჯერი ახალ სახეებს ეძებს?

დიდი ხანია ჩვევაში მაქვს, სადაც მივდივარ, ვაკვირდები – როგორ გამოუვიდოდა თამაში, ტექსტის თქმა, მოძრაობა და ა.შ. რეკლამისთვის უფრო ვიზუალურად განსხვავებულ ტიპაჟებს ვუყურებ, სერიალისთვის – მეტყველებასაც ვაქცევ ყურადღებას. თუ ვინმე მომეწონა, ვუხსნი, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ვთავაზობ ჩემს ქასთინგ ბაზაში დამატებას. ასე ვიქცევი, როცა ინტერნეტში ვიპოვი საინტერესო ტიპაჟებს. ამას გარდა, მაქვს საკუთარი ჯგუფი, სადაც ქასთინგის შესახებ ვდებ ინფორმაციას და დაინტერესებულ ადამიანებს ვამატებ. საინტერესოა, რომ ცოცხალი შეხვედრისას არასოდეს მიმიღია უარი.

მსახიობების შემთხვევაში, შერჩევა ბევრად ადვილია ჩემთვის, რადგან ძალიან დიდ ნაწილს ვიცნობ, ხოლო ვინც უცხოა, მათ შესახებ ინფორმაციას თეატრის გვერდით ვნახულობ.

M: ამ მიმართულებით მუშაობა როგორ დაიწყე?

ქასთინგისადმი ინტერესი თავისით გამიღვივდა. ჩემი საქმე ძალიან მრავალფეროვანია და ქასთინგი მისი მხოლოდ ერთი ნაწილია, შესაბამისად, მობეზრების საშუალება არ მაქვს.  გამიმართლა და 13 წლის წინ, ღამის შოუს სტუდიაში მოვხვდი, სადაც ვისწავლე ეს ყველაფერი. სტუდიაში მუშაობდნენ მარიამ მდინარაძე და ნინი კინწურაშვილი, რომლებიც გამოცილები იყვნენ ქასთინგში. იმ დროისათვის, გასაუბრებაზე მივედი ირაკლი კაკაბაძესთან და დავით გოგიჩაიშვილთან – სჭირდებოდათ სეგმენტ პროდიუსერი „შეგირდის“ რეალითი შოუსთვის. შოუს შემდეგ იყო ფილმი „სიყვარულის ბალადა“, რის დროსაც გადმოვინაცვლე ქასთინგის მიმართულებით. მარიამმა და ნინიმ მასწავლეს ბევრი რამ, მანახეს არსებული ბაზა, ის, თუ როგორ უნდა შემერჩია მსახიობი გადასაღებად.

შერჩევის პროცესი განსხვავდება, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ სერიალზე ვმუშაობ, მაშინ ტექსტიც უნდა ჩამაბაროს ქასთინგის მონაწილემ – ჯერ მარტომ, შემდეგ სხვა მსახიობთან ერთად, შესაძლოა რომელიმე სცენაც კი გადავიღოთ საპილოტედ.

რეკლამის ქასთინგში ორი ეტაპია – ჯერ ფოტოებს გზავნის, შემდეგ მოდის ან სახლიდან გზავნის ვიდეოს და ისე ვარჩევთ. TV11-ში, ერთად მუშაობის იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ გუნდურად ვმსჯელობთ და ვფიქრობთ, ქასთინგის მონაწილეების არჩევისას.

M: რა თვისებები სჭირდება ადამიანს, რომ ქასთინგის კარგ მენეჯერად ჩამოყალიბდეს?

ალბათ, პასუხისმგებლობის გრძნობა განსაკუთრებით, რადგან ძალიან რთული პროცესია – ჯერ უნდა შეარჩიო, სხვადასხვა ეტაპებად, გადაიღო, დარწმუნდე, რომ ჰონორარი აიღო და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვე დეტალურად. ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს წარმოსახვის კარგი უნარი, დაკვირვებული თვალი, რომ შესაბამისი ადამიანი იპოვოს გადაღებისთვის. ასევე, კარგი მეხსიერება, რომ პროექტისთვის შესაბამისი ადამიანი გაახსენდეს. უნდა ჰქონდეს დარწმუნების უნარი – მაგალითად, ზოგ მსახიობს არ უნდა სერიალში მონაწილეობა – მხოლოდ ფილმი აინტერესებს.

საკმაოდ ბევრ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, ყოველდღე არის გადაღებები. ბევრი ჩამოდის საქართველოში გადასაღებად, ინტერესი იზრდება და სფეროც ვითარდება. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ზუსტად რომ შეუსაბამებ ადამიანსა და პროექტს ერთმანეთს. დროდადრო მეკითხებიან ხოლმე, როგორ დავიწყო ქასთინგ მენეჯერობაო. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია პრაქტიკაში სწავლით, თუ უკვე არსებულ ქასთინგ მენეჯერს დასჭირდება ასისტენტი. მე ძალიან დამეხმარა აქტიური ძიებაც – თეატრების ვებგვერდებს ვათვალიერებდი მუდმივად, ვსწავლობდი, ვინ სად თამაშობდა, თუ ვინმეს ვიცნობდი, ვურეკავდი და ვეკითხებოდი რჩევას. კომუნიკაციაში მეხმარება ჩემი საკომუნიკაციო გვერდი ქასთინგისთვის და რაკი ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა, ლოკაციების შესახებაც, სადაც საინტერესო ადგილების პოვნა შეუძლიათ გადასაღებად.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

She’s Next Empowered by Visa-ს ბიზნესიდეების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია

ადამიანური კავშირების ხელახლა აღმოჩენა ციფრულ სამყაროში — Amica-ს კამპანია