in

აი, როგორ მუშაობს IT პროექტების მენეჯერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე IT პროექტების მენეჯერი გაგი ნინოშვილი გვიამბობს. გაგი ნინოშვილი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Moiispro AI-ზე და ამ მიმართულებით ცოდნას Commschool-ის სტუდენტებს უზიარებს.

M: რა არის IT პროექტების მენეჯმენტი და რას მოიცავს ის?

IT პროექტების მენეჯმენტი არის იდეის შედეგად ქცევის ხელოვნება. უნდა შეძლო და თუნდაც, მარტივად ფორმულირებული იდეა, აქციო სრულყოფილ გეგმად, შემოიკრიბო გუნდი და მათთან ერთად უზრუნველყო პროექტის დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი, გაშვება და დასრულება. ეს საკმაოდ პროაქტიური როლია. ამ როლში ისეთი ადამიანები არიან ხოლმე, ვისაც შეუძლია მართოს პროექტზე მუშაობა, დაეხმაროს მასში ჩართულ ადამიანებს და იმუშაოს უზრუნველყოს გუნდის ეფექტურობა. IT პროექტის მენეჯერებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ლოკალურად, ჩვენს ბაზარზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში. ეს, ბუნებრივია, თანამედროვე ტექნოლოგიური წინსვლითაა განპირობებული. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა ისიც, რომ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ამ პროფესიის ადამიანებისთვის.

M: შენთვის რით იყო საინტერესო IT პროექტების მართვა, რამაც პროფესიული არჩევანი განაპირობა?

ბიზნესქეისების ანალიზი 15-16 წლიდან დავიწყე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს პროდუქტის მენეჯმენტი ერქვა. ეს ის ასაკი იყო, როცა ბიზნესგადაწყვეტილებების მიმართ მძაფრი ინტერესი გამეღვიძა და ვიგრძენი, ჩემი საქმე სწორედ ამ მიმართულებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ მოტივაციით ჩავაბარე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, სადაც ბიზნესის გადაწყვეტილებებისადმი ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარდა და IT პროექტებში აღმოვჩნდი. 

M: როგორია IT პროექტის მენეჯერის ყოველდღიური ფუნქციები?

IT პროექტების მენეჯერის საქმის უდიდესი ნაწილი სწორი და დროული კომუნიკაციაა. მისი ყოველდღიური საქმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფაზაშია პროექტი. ინიცირებისა და დაგეგმვის ეტაპზე მეტად მოთხოვნების შეგროვებასა და დოკუმენტებზე გვიწევს ზრუნვა, უფრო მეტად გვიწევს კითხვები დავუსვათ ადამიანებს და სწორი ტექნიკებით შევძლოთ მათგან მოთხოვნების შეგროვება. შესრულების ფაზაში უფრო ყოველდღიურ განახლებებზე, სთეიქჰოლდერებთან კომუნიკაციასა და ცვლილებების სწორად წარმართვაზე ვართ მიმართული.

ამასთან, IT PM პასუხისმგებლობას იღებს პროექტის ნებისმიერი ტიპის შეფერხებაზე თუ დაუგეგმავ ცვლილებაზე, გვიწევს ვიყოთ ჩართული ნებისმიერ, თუნდაც ძალიან მცირე პრობლემის ანალიზსა და მოგვარების პროცესში, რათა საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად ჩავრთოთ სხვა გუნდები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თუ ცვლილების დროულ მენეჯმენტში.

M: როგორ განვითარდა შენი კარიერული გზა?

ამ სფეროში ჩემი პირველი გამოცდილება უკავშირდება Flutter-ს. მაშინ, ჯერ კიდევ Singular ერქვა. კომპანიას 2020 წლიდან შევუერთდი IT PM-ს პოზიციაზე. მალევე ჩემს ყოველდღიურ ფუნქციებს Scrum Master-ის როლი შეემატა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება Agile მიდგომების პრაქტიკაში გააზრების, დანახვისა და დანერგვის თვალსაზრისით.

შემდეგ საქმიანობა განვაგრძე EPAM Systems-ში. იქ ერთი წლის მანძილზე ვიმუშავე ბიზნეს ანალიტიკოსად. ამ პერიოდში სულ სხვანაირად დავინახე საკუთარი უნარები. ეს იყო ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი მენეჯერის როლისთვის. გავიცანი სხვადასხვა პოზიციის როლი და ფუნქციები და მათ შორის ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა Product Owner-ის როლი.

მომდევნო 2 წელი Setanta Sports-ს უკავშირდება, სადაც სტრიმინგის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე ვიყავი. იქიდან Space International-ში მოვხვდი და 1 წლის განმავლობაში, TBC უზბეკეთის ბაზრისთვის ტრანსფერების, გადახდებისა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების პროდუქტებს ვხელმძღვანელობდი.

დღესდღეობით Moiispro AI სტარტაპზე ვმუშაობ, რომლის საშუალებითაც ჩვენს რეგიონში კომპანიებისთვის AI გადაწყვეტების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დანერგვას ვისახავთ მიზნად. პარალელურად, დაკავებული ვარ საგანმანათლებლო საქმიანობით და Commschool-ში IT პროექტების მენეჯმენტს ვასწავლი სტუდენტებს.

M: შენი აზრით, რა არის პროექტის მართვისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები?

ვფიქრობ, პროექტის მენეჯერისთვის, პასუხისმგებლობის შეგრძნებასთან ერთად, ყველაზე მეტად საჭიროა კომუნიკაციის ძლიერი უნარები, რაც პროექტის ეფექტურად მართვისთვის აუცილებელია. გუნდთან, ჩართულ მხარეებთან, სხვა გუნდებთან თუ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, არის ის, რაც გვაქცევს უკეთეს პროექტის მენეჯერებად და ის, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების შანსებს ერთი-ორად ზრდის.

ჩემი აზრით, პროექტის მენეჯერის hard skills-ის ათვისება ყველაზე მარტივი ნაწილია ამ პროფესიის შესწავლისას, რადგან აქ თეორიულ ცოდნაში დაუძლეველი არაფერია. მთავარი და უფრო მეტად ყურადსაღები ისაა, რომ soft skills და mindset მივმართოთ სწორად, შევძლოთ პროცესი დავინახოთ იმ პრიზმიდან, საიდანაც დანახვას იმ კონკრეტულ მომენტში საჭიროებს და სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ პოტენციურ პრობლემებსა თუ რისკებზე, რისთვისაც სწორი და დროული კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

M: რა ხელსაწყოებს იყენებ შენს საქმიანობაში?

სამუშაო პროცესი ვერ წარმომიდგენია Miro-ს გარეშე. პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია, თავისი სათქმელი სწორად, სწრაფად და გასაგებად მიიტანოს შესაბამის ადრესატამდე: გუნდის წევრები, ჩართული/დაინტერესებული მხარეები… ვცდილობ ყოველთვის ყველაფერი ვიზუალურად გამოვსახო Miro-ს საშუალებით და უბრალოდ კიარ მოვყვე, არამედ ვაჩვენო.

ამის გარდა, Task Management-ისა და Document Management-ის ხელსაწყოები პროექტის მენეჯერის ყოველდღიურობის ნაწილია. ამ მიმართულებით უამრავი სხვადასხვა პროგრამა არსებობს, რომელსაც სხვადასხვა სამუშაო გარემოში იყენებენ (ClickUp, Trello, Asana და სხვა) თუმცა, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, Jira და Confluence უკონკურენტოდ ყველაზე ძლიერი ხელსაწყოებია დეველოპმენტის პროცესებისთვის. არადეველოპმენტ პროექტებისთვის (მაგ. პროცესის ოპტიმიზება), შესაძლოა ძალიან კომფორტულად და ეფექტურად გამოიყენოთ Asana, Trello, ClickUp.

M: როგორია თვითგანვითარება IT პროექტების მენეჯერისთვის?

შემიძლია ვთქვა, რომ გასული 5 წლის განმავლობაში არ გასულა კვირა, რაიმე ახალი რომ არ მესწავლა. სწავლა კი ყველაფრიდან შეიძლება – სამუშაო პროცესიდან, ადამიანებთან ურთიერთობიდან, თუ თეორიული მასალის გაცნობიდან. ყველაფერი კი ჩემს ცნობისმოყვარეობას უკავშირდება პირდაპირ. თავისუფალ დროს ვუთმობ ახალი ინფორმაციის მოძიებას, პოდკასტებს, ვიდეოლექციებს ან სიახლეებს ვეცნობი. ამგვარად, სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ ჩემს სამუშაო გარემოს, ყოველდღიურ ამცანებს. პროფესიული ლიტერატურისა და კურსების გარდა, მნიშვნელოვანია წარმატებული ადამიანებისთვის თვალის მიდევნება.

M: რას ურჩევდი მათ, ვისაც IT პროექტების მიმართულებით სურს განვითარება?

როცა რაღაც ფაქტის შესახებ წაიკითხავ სტატიას, ან მოისმენ პოდკასტს და შემდეგ აქედან მიყვები ახალი ცოდნის მოძიებასა და ანალიზს, ამით ერთგვარი ცოდნის ხე იკვრება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იტოტება და ბევრ ახალ მიმართულებას გაჩვენებს. პირველადი ცოდნის მისაღებად, ძალიან კარგია Atlassian-ის მარტივი სასწავლო მასალები – What i s Agile? | Atlassian – რომელიც ტერმინოლოგიას, ზოგად შინაარსს კარგად დაგანახებთ.

რასაკვირველია, ამ კითხვაზე აქტუალურია ვახსენო ხელოვნური ინტელექტი. შედით ChatGPT, Perplexity, Google Gemini-სთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში, დახარჯეთ ამაში წუთები, საათები, დღეებიც კი. იზრუნეთ იმაზე, რომ AI-სთვის დავალებების სწორად წერაში ივარჯიშოთ, რის შემდეგაც თავად AI-ც ბევრად უფრო სწორ და გამოსადეგ ინფორმაციას მოგცემთ.

 

„გადავარჩინოთ თათები“ — აი, როგორ ზრუნავს Purina ძაღლებზე

ნათია გავარდაშვილი – #პირველისამსახური