in

აი, როგორ მუშაობს ფილმების გამხმოვანებელი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე ფილმებისა და სერიალების გამხმოვანებელი გიორგი წერეთელი გვიყვება.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ პროფესია – რამდენად მნიშვნელოვანია ის ქართულ სივრცეში?

ზოგადად ქართული გახმოვანება წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. იყო პერიოდი, როდესაც ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ფილმს თუ შეხვდებოდით ქართულ ენაზე, რაც მომხმარებლისთვის არაკომფორტული იყო. ხალხი იძულებული იყო უცხორ ენებზე გახმოვანებული ფილმებისთვის ეყურებინა. შემდეგ შეიქმნა ის „გიგანტი“ საიტი (აჭარანეტი), რომელიც მომხმარებელს ზღვა მასალას სთავაზობდა მშობლიურ ენაზე, რამაც ბევრ ადამიანს მისცა საშუალება უამრავი კინო შედევრი თუ საყვარელი სერიალი ენახა. ფილმების და სერიალბის ყურება ხომ მხოლოდ გართობა არ არის, მათგან უამრავი რამის სწავლა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი – გამხმოვანებლების პროფესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა საქართველოს მოსახლეობისთვის. ისევე როგორც დიდი პასუხისმგებლობა. ვინაიდან ასი ათასობით ადამიანი შენს ხმას ისმენს და ვალდებულიც ხარ მომხმარებლამდე სრულყოფილად მიიტანო ის პროდუქტი, რომელზეც მუშაობ. მე ვთვლი, რომ სწორედ ქართულად გახმოვანებული ფილმებით, თუნდათ ახალმა თაობამ საკმაოდ ბევრი კარგი რამ ისწავლა, რაც სამომავლოდ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება.

M: შენ თვითონ როგორ აღმოაჩინე საკუთარ თავში ამ სფეროსადმი ინტერესი?

ჩემი ამ სფეროში მოხვედრა, ცოტა სახალისოც კია. ალბათ მართლაც ძალიან მიზიდავდა ეს პროფესია, რადგან დედაჩემი სულ მეხუმრებოდა – ჯერ კიდევ, პატარაობიდან როდესაც ტელევიზორში რაიმე სერიალი გადიოდა, მსახიობების სახელებს და გვარებს ვიმახსოვრებდი და შემდეგ ამ გამხმოვანებლებს „გახმოვანებაში“ ვყვებოდი. საბედნიერო ის არის, რომ ჩემთვის დღემდე საინტერესო და საყვარელი საქმეა. 13 წელია ამ პროფესიას მივყვები, მაგრამ წამითაც არ მბეზრდება. მიყვარს ეს სამსახური და დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. 

M: გამხმოვანებელი როგორ გახდი და როგორ ისწავლე ეს საქმე?

2010 წელს, რაღაც სერიალს ვუყურებდი ინგლისურად. ქართულად არსად არ იშოვებოდა, ვერავისთან ვერ განვიხილავდი, მე კი ვინმესთან ამაზე საუბარი მსურდა. ამიტომ რაღაც უბრალო მიკროფონი შევიძინე, ტექსტიც მე ვთარგმნე, გავახმოვანე, დავამონტაჟე და ერთ-ერთ საიტზე განვათავსე. სულ რაღაც ერთ დღეში, ამ სერიალმა დიდი ინტერესი დაიმსახურა, ბევრსაც შეუყვარდა და ასე დაიწყო ჩემი როგორც გამხმოვანებლის პროფესიის განვითარება. ეს პროფესია არსად მისწავლია. რა თქმა უნდა სამოყვარულო დონეზე ვაკეთებდი ყველაფერს. ახლა რომ ვუსმენ 7-8 წლის წინანდელ გახმოვანებას, ძალიან არ მომწონს. თუმცა ჩემი განვითარება უშუალოდ პროცესში მოხდა. თვითნასწავლი გამხმოვანებელი ვარ, რაც ძალიან მსიამოვნებს, რადგან საკუთარი სურვილითა და დასახული მიზნით, საკმაოდ ბევრს მივაღწიე. 

M: გვიამბე, როგორ განვითარდა შენი კარიერული გზა, სანამ ამჟამინდელ პოზიციამდე მოხვიდოდი?

დასაწყისი ნამდვილად რთული იყო. როგორც აღვნიშნე, ყველაფერს სრულიად მარტო, სახლში, ჩემს პატარა ოთახში ვაკეთებდი. შეიძლება ითქვას ერთი მსახიობის თეატრი ვიყავი. თარგმნა, გახმოვანება, მონტაჟი, ატვირთვა, საიტზე განთავსება, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. შემდეგ ჩემი პატარა საიტი ასე თუ ისე წარმატებული რომ გახდა, დიდმა კომპანიებმა შემომთავაზეს მათთან თანამშრომლობა, ასე აღმოვჩნდი საბოლოოდ აჭარანეტში, სადაც ჩემი ცხოვრების თითქმის 10 წელი გავატარე. ვითანამშრომლე და დავუმეგობრდი უამრავ კარგ ადამიანს, რომლებთანაც საიტის დახურვის მიუხედავად დღემდე ძალიან კარგი ურთიერთბა მაქვს. მოგეხსენებათ, ანტიმეკობრული კანონის გამო აჭარანეტი დაიხურა, ამიტომ სხვა გზა აღარ მქონდა, შემოსავლის სხვა წყარო უნდა მეპოვნა. სხვა პროფესიაში გადასვლაც კი ვიფიქრე და რეზიუმეები გავგზავნე, თუმცა როგორც აღვნიშნე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ ტელევიზიებს დავუკავშირდე და როგორმე რომელიმე ტელევიზიაში დავტოვო სინჯი, რომ თუ თავისუფალი ადგილი გამოუჩნდებათ და მოვეწონები, სამსახურში ამიყვანონ-მეთქი. ძალიან გახარებული ვარ ასე რომ მოვიქეცი, რადგან დღესდღეობით უკვე 6 ტელევიზიაში ვმუშაობ გამხმოვანებლად: რუსთავი 2, ჯი-დი-ესი, ფორმულა და სხვები. 

M: რა არის საჭირო, გახმოვანება კარგად რომ გამოუვიდეს ადამიანს?

ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს, ვინც ამ პროფესიით არის დაინტერესებული. პირველ რიგში აუცილებელია სწორად და გამართულად მეტყველება. შემდეგი სასიამოვნო ხმის ტემბრი. სასურველია ინტონაციების სწორად დასმა შეეძლოს. ასევე აუცილებელია ტექსტის სწრაფად კითხვისა და გააზრების უნარი. ბევრს ჰგონია, რომ დღეში 5-6 სერიას რომ ვახმოვანებთ, ტექსტს წინასწარ, წინა დღეს ვკითხულობთ ან ვიმახსოვრებთ. არა, ყველაფერი პროცესში ხდება. თუმცაღა, როგორც აღვნიშნე, მეც მოყვარულმა დავიწყე და საქმე პროცესის დროს ვისწავლე. ასე რომ, თუ ადამიანს სურვილი და მონდომება აქვს, მაშინ ყველაფერს მიაღწევს. 

M: რა უნარები სჭირდება პროფესიონალს ამ საქმისთვის?

ამ პროფესიას, როგორც ბევრ სხვას რამდენიმე განხრა აქვს. მე ვმუშაობ „ვოისოვერზე“, რაც ნიშნავს უბრალოდ ფილმის ან სერიალის ორ ხმაში (უკეთეს შემთხვევაში ოთხ ხმაში) გახმოვანებას. ასევე არსებობს უფრო რთული განხრა – დუბლირება, რომელზეც მხოლოდ ორჯერ მიმუშავია. ეს არის ფილმის პერსონაჟის სრულად მორგება და ასე ვთქვათ ამ პერსონაჟის „გადათამაშება“ ქართულ ენაზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ადამიანს აუცილებლად დასჭირდება თეატრალური გამოცდილება, რომ პერსონაჟი მაქსიმალურად შეისისხლხორცოს. ვოისოვერზე კი, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ტექსტის სწრაფად გააზრება, ვინაიდან ბევრად ნაკლებ დროში ხდება გახმოვანება, ვიდრე დუბლირების დროს. 

M: როგორია თავად პროცესი დასაწყისიდან საბოლოო პროდუქტამდე? 

საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო. ვოისოვერის დროს, ერთი ფილმის გახმოვანებას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. ამ 2 საათში ჩათვალეთ, რომ უბრალოდ ფილმს უყურებ. ჩართული ხარ სიუჟეტშიც, პერსონაჟების თითოეულ სიტყვას ისმენ, გინდა ეს თუ არა. მე და მარიამ გიორგობიანი (ჩემი პარტნიორი გამხმოვანებელია უკვე მეცხრე წელია) ძალიან ვართ ხოლმე ფილმის სიუჟეტში ჩართული. თუმცა რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც ესა თუ ის ფილმი არ მოგწონს, არ გაინტერესებს და მაინც გიწევს გახმოვანება. პროფესია საშუალებას გაძლევს, რომ სამუშაოსთან ერთად, თან გაერთო და უამრავ ფილმსა და სერიალს უყურო. 

M: რას ურჩევდი მათ, ვისაც აინტერესებს გახმოვანების სწავლა და ამ კუთხით მუშაობა?

თუ თქვენი ინტერესი გახმოვანების სფეროა, აუცილებლად მიყევით მას ბოლომდე. მე რომ უკან დაბრუნება შემეძლოს, არჩევანს მაინც არ შევცვლიდი. იმ საქმის კეთება, რაც ასე ძალიან გიყვარს და ამხელა სიამოვნებას განიჭებს, უმნიშვნელოვანესია. გახმოვანების კურსები, რამდენადაც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს (შეიძლება ვცდები, უბრალოდ მე არ მსმენია). იმედი მაქვს, ამ მხრივაც გაჩნდება რაიმე სახის სასწავლებელი და დაინტერესებული პირები შეძლებენ პროფესიის შესწავლას. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

 

როგორ წარმოიშვა მუსიკა? — Carlsberg-ის ვიდეორგოლი

თიბისის ბიზნეს აპს ახალი ფუნქციონალი დაემატა