in

აი, როგორ მუშაობს VFX არტისტი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზერი ლუკა ჯღარკავა VFX არტისტის საქმიანობაზე გვიყვება.

M: რას აკეთებს VFX არტისტი? რა როლი აქვს მას პროდუქტის შექმნის პროცესში?

VFX არტისტი ქმნის ციფრულ ფოტორეალისტურ კადრს ნებისმიერი ვიდეო ნაწარმისთვის, რომელსაც ამის საჭიროება ექმნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფილმი, სატელევიზიო შოუ, მუსიკალური კლიპი, რეკლამა და სხვა. სადაც მთავრდება შესაძლებლობები ვიდეო გადაღებისთვის და იზღუდება ჩვენი ფანტაზია, იქ იხსნება კარი VFX-სთვის.

M: რა ფუნქციებს მოიცავს VFX არტისტის საქმიანობა?

VFX არტისტის მთავარი ფუნქციაა შექმნას დამაჯერებელი სურათები – ინტეგრირებული ელემენტები გადაღებულ კადრში თვალისთვის მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა იყოს.

M: როგორ დაინტერესდი ამ საქმიანობით?

ინტერესი, ძირითადად, ფილმებიდან წამოვიდა, როცა წავაწყდი „კულისებს მიღმა“ დოკუმენტურ კადრებს და ვნახე, როგორ იქმნებოდა ესა თუ ის ეფექტი. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა ინტერესი და მსგავსი მასალების ძიება დავიწყე. კომპიუტერთან ბავშვობიდან მქონდა შეხება, მაგრამ სასწავლო მასალა იმ დროისთვის თითქმის არ არსებობდა. ვინც ამ სფეროთი ვიყავით გატაცებული, აგურის აგურზე დადებით, ჩვენ თვითონ ვსწავლობდით და ერთმანეთის ვუზიარებდით გამოცდილებას. რაც ონლაინ გაკვეთილები გაჩნდა, პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდა. რის სწავლასაც ადრე წლები მოვანდომეთ, დღეს, რამდენიმე თვეში შესწავლადია და პროცესში ჩართვაც მალეა შესაძლებელი.

M: როგორ განვითარდი VFX სფეროში, რა ეტაპები გაიარე?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია არ ყვავის. სწორედ ამიტომ, ოთხმა მეგობარმა დავაფუძნეთ კომპანია Highway VFX და მიზნად დავისახეთ ერთიანი ძალებით ჩვენი სფეროს განვითარება, რისთვისაც უმეტეს დროს უცხოურ პროექტებზე მუშაობას ვუთმობთ. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. უკვე თორმეტნი ვართ, ნელ-ნელა ვიზრდებით, მაგრამ შედეგი დამაიმედებელია. კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს საქმიანობა რაღაც დაგროვილი ცოდნით შემოფარგვლის საშუალებას არ გვაძლევს, ყოველთვის გვაიძულებს მივდიოთ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გავზარდოთ ხარისხი და შევამციროთ ის დრო, რაც ამ ხარისხის მიღებას სჭირდება. ტექნიკა და ტექნოლოგიები იმდენად  ჩქარა ვითარდება, რომ დღეს რაც ვიცით, ხვალ, შესაძლოა გამოუსადეგარი იყოს. ამიტომ ცოდნის განახლება გამუდმებით გვიწევს.

M: რა უნარებია საჭირო, კარგ VFX არტისტად რომ ჩამოყალიბდე?

როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც დაკვირვების უნარს ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. დიდი პლიუსია თუ ხატვა იცი და ზოგადად, ხელოვანი ხარ, დანარჩენი შესწავლადია.

M: რა მოგწონს ამ მიმართულებაში ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, ის, რომ ძალიან მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. დღევანდელი ფილმები სავსეა კომპიუტერული კადრებით, მაგრამ ცოტაა ისეთი, რომელშიც VFX ტექნოლოგია შეუმჩნევლად და დამაჯერებლადაა გამოყენებული. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის რომ მსგავსი დონის პროექტებში მოგვიწიოს ჩართვა მომავალში, მომწონს რომ ამის ამბიცია გვაქვს. Ვფიქრობ ესეთი შემართებით ყველაფერი გამოგვივა.

M: როგორია სამუშაო პროცესი?

ძალიან რთული და შრომატევადია. კომპიუტერთან ძალიან დიდი დროის გატარებას ითხოვს და თუ ეს საქმე არ გიყვარს, არაფერი გამოვა. ბოლოს, შედეგს ხედავ და გიხარია, რომ ტყუილად არ გიშრომია.

M: რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?

ვფიქრობ, პერსპექტივა ყოველთვის ექნება, მაგრამ შეიცვლება ტექნიკური პრობლემების გადაჭრის მეთოდები. ახლა, ხელოვნური ინტელექტის ერა მოდის და ძნელია ზუსტად წარმოიდგინო, როგორ შეცვლის ის მთელ სამყაროს. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ  VFX მოთხოვნადი იქნება.

M: რას ურჩევდი მათ ვინც ახლა ფიქრობს პროფესიის არჩევაზე?

ზოგადი რჩევის მიცემა გამიჭირდება, მაგრამ ვინც VFX-ით არის დაინტერესებული, მათ ვურჩევ პროგრამებისა და ინსტრუმენტების შესწავლამდე ზოგადი თეორიული ცოდნა მიიღონ მთლიანად დარგის შესახებ, გაიგონ რა ეტაპებს გადის კონკრეტული კადრი დასაწყისიდან დასასრულამდე. Ასე უკეთ დაინახავენ მთლიან სურათს. Ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ ვიდეო კამერიდან დანახული სამყარო როგორია, კარგად შეისწავლონ კამერა და ამ კუთხით დააკვირდნენ დეტალებს.

„ნავების დაწვა“, როგორც წარმატების საიდუმლო

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სხვისი შფოთვა გვაწუხებს?