in

აი, როგორ მუშაობს სცენარისტი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე სცენარისტი და წიგნი „მარგალიტების“ ავტორი მარიამ გურგენიშვილი გვიყვება.

M: რა როლი აქვს სცენარისტს ვიდეოპროდუქტის შექმნაში?

იქიდან გამომდინარე, რომ მე მხოლოდ სერიალზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, ზოგად ჭრილში რთული იქნება, ვიმსჯელო. შემიძლია, კონკრეტულად „ცვალებად ნიშნებზე“ ვისაუბრო. სცენარისტებს კი განგვიხილავენ იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურად კინოინდუსტრიაში, მაგრამ რეალურად ყველაფერი სცენარით და სცენარისტით იწყება. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, სცენარის ავტორობა მხოლოდ დიალოგების წერაა, როცა სინამდვილეში ყველაფერს ნულიდან იწყებ და გმირებთან ერთად ახალ სამყაროსაც ქმნი. პროექტისთვის სახელის მოფიქრებაც კი ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, არათუ გმირებისა და მათი ისტორიების შეთხზვა და შემდეგ დაწერა.

M: რა ფუნქციებს აერთიანებს შენი, როგორც სცენარისტის, საქმიანობა?

„ცვალებადი ნიშნებით“ თუ ვიმსჯელებთ, სახელის მოფიქრებიდან დაწყებული ყველა სხვა ფაქტორითა და შტრიხით გაგრძელებული მაქსიმალურად ჩართული ვიყავი. სერიალს „ცვალებადი ნიშნები“ მე დავარქვი და იმასაც მოგიყვებით, რატომ. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ასტროლოგია. პერსონაჟებს რომ ვქმნიდით მე და ბექა ადამაშვილი, გონებაში სულ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს ვუსაბამებდი ოთხ მთავარ გმირს. მე და ბექაც ზოდიაქოთი ორივე ცვალებადი ნიშანი, ტყუპები ვართ, და ერთმანეთის მიყოლებით ვართ დაბადებული მაისში. ასევე, კრეატიული გუნდის მთავარი წევრები პროდიუსერების ჩათვლით ყველა ცვალებადი ნიშანი ვიყავით. ამან უფრო განაპირობა ამ სახელის შერჩევა, თორემ გმირებს კარდინალურ ან მუდმივ ნიშნებსაც მოვარგებდი თავისუფლად. ჩვენ ვიყავით ცვალებადი ნიშნები, ხალხი ვინც ამ პროექტის შექმნაში ღამეები ვათენეთ.

M: როგორ დაინტერესდი ამ საქმით და როგორ შეისწავლე?

წერა ბავშვობიდან მიყვარს, ისევე, როგორც კინო და ლიტერატურა. შესწავლით გამოდის, რომ ადგილზე, მუშაობის პროცესში ვისწავლე ყველაფერი. მხოლოდ წიგნზე მუშაობის გამოცდილება მქონდა. ჩემი სადებიუტო რომანი „მარგალიტები“ 2021 წელს გამოსცა პალიტრა ლ-მა. ინგლისურ ენაში არსებობს ერთი ასეთი გამოთქმა – baptism of fire. ეს პროექტიც ზუსტად ცეცხლში მონათვლასავით იყო ჩემთვის.

M: შენი სამსახურეობრივი გამოცდილების შესახებ გვიამბე – ამჟამინდელ პოზიციამდე როგორ მოხვედი?

ამჟამად ამერიკის საელჩოს მოძრავი ბიბლიოთეკის კოორდინატორი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი საქმე. სცენარისტობას რაც შეეხება, კავეა პლუსი თავად დამიკავშირდა შემოთავაზებით. როგორც მითხრეს, ქეთი დევდარიანმა და დათო გაბუნიამ გამიწიეს რეკომენდაცია. მითხრეს, რომ სტუდენტური სერიალის გადაღება სურდათ და საცდელად მთხოვეს, პირველი სერია მომეფიქრებინა და დამეწერა, რომ ენახათ ჩემი შესაძლებლობები.

სერია მოეწონათ და უკვე ოფიციალურად დამამტკიცეს სცენარისტად. „ცვალებადი ნიშნების“ პირველი სერია შემდეგ ისევ თავიდან დავწერე, რადგან დამკვეთის, რეჟისორის, პროდიუსერებისა და სპონსორების ინტერესების გათვალისწინებით რაღაცების შეცვლა დამჭირდა.

პირველი სერიის სათაურად “Walls of Jericho”-საც ვფიქრობდი ფილმის “It Happened One Night” კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ბოლოს ხმათა უმრავლესობით “Tinder Surprise” გადაწყდა. ზოგადად, მარტივი არაა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების სრულიად განსხვავებულ ინტერესებს მოარგო ტექსტი.

M: როგორ ეძებ შთაგონებას სცენარისთვის?

მე ძალიან მიყვარს საკუთარ თავსა და წარსულში ქექვა. ჩემი საყვარელი ადამიანების ეკრანზე გაცოცხლება. მაგალითად, „ცვალებად ნიშნებში“ ნატას ოჯახი საკმაოდ ჰგავს ჩემს ოჯახს, ჩემი მშობლების ურთიერთობას. სოფიას გმირიც ჩემი მოფიქრებულია. დედაჩემის დედაც ასეთივე პროგრესული ადამიანი იყო, დროს რომ წინ უსწრებდა ყოველთვის.

ასევე, ბოდიშეიმინგის თემა და სექსუალური შევიწროების თემაც, რაც სერიალში გაჟღერდა, ჩემს პირად გამოცდილებას ეყრდნობა. მგონია, ყველაზე ავთენტური და საინტერესო მაშინ გამოდის პროდუქტი, როცა რაღაც რეალური ურევია მასში.

M: რა უნარები, რისი ცოდნა სჭირდება კარგ სცენარისტს?

ჩემი აზრით, ადამიანების მოსმენისა და დაკვირვების უნარი ემპათიურობასა და მდიდარ წარმოსახვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სცენარისტისთვის. უნდა შეგეძლოს სხვა ადამიანების ტყავში შეძრომა, მათი მოტივებისა და შეფარული მიზნების ამოცნობა. მე, საბედნიეროდ, დაკვირვებულიც ვარ, ადამიანების მოსმენაც მიყვარს და მგონია, რომ მათი თანაგრძნობაც შემიძლია. ფანტაზია კი ბავშვობიდან მართლა ულევი და უკიდეგანო მაქვს.
ასევე, აქვე დავამატებდი, რომ შრომისმოყვარეობა და ძლიერი ნებისყოფაც, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ გინდა წარმატებული სცენარისტი გახდე.

M: რამდენად პერსპექტიულია ეს საქმე შენი შეხედულებით?

სექტემბრიდან ინგლისში მივდივარ, ორ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავირიცხე კრეატიული წერის მიმართულებით – University of Birmingham-ში და University of Warwick-ში, ორივე Russel Group-ის წევრია. ზოგად ჭრილში რთულია ისაუბრო, ამიტომ მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გიპასუხოთ. პირადად ჩემთვის ძალიან პერსპექტიული და რეალურია ეს პროფესია და ეს სფერო და აქტიურადაც ვაპირებ საქმიანობას.

M: რა ეტაპებისგან შედგება სცენარის შექმნა? მაგალითად, როგორია სერიალის შემთხვევაში?

ჯერ იწერება „აუთლაინი“, ანუ მოკლე მონახაზი სერიალის შინაარსის, შემდეგ „თრითმენთი“, რომელშიც უკვე დაწვრილებით გაწერ თითოუელი სერიის სცენებსა და ამ სცენების მოკლე შინაარსს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მოვიქეცით. შემდეგ უკვე იწყება სერიების წერა. მე და ბექამ სრულ ქაოსში ვიმუშავეთ, დრო იმდენად ცოტა იყო. მე რომ პირველ სერიას ვწერდი, ბექა ჩემ პარალელურად წერდა მეორე სერიას. ერთმანეთის სერიების წაკითხვასაც ძლივს ვასწრებდით.

M: რას ურჩევდი მათ, ვისაც სცენარისტობა სურთ?

ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი საზღვრები, როგორც პირადი, ისე პროფესიული. გულდასმით წაიკითხონ ხელშეკრულებები და თავიანთ შექმნილ გმირებზე საავტორო უფლება მოითხოვონ.

„აფლელუ პარიზის” ახალი ფილიალის გახსნამ დიდი ხმაურით ჩაიარა

მენტალური შვებულების 1 წელი თიბისი დაზღვევაში