in

აი, როგორ მუშაობს ქოფირაითერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, ქოფირაითერის საქმიანობას უკეთ გაგაცნობთ, მარიტა ფილაურთან ერთად.

M: ვინ არის ქოფირაითერი და რა არის მისი მთავარი ფუნქცია?

ქოფირაითერი არის წერილობითი კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შექმნას იდეა, ტექსტი (ქოფი) და სტრუქტურა ისე, რომ მის მკითხველს გაუმარტივდეს ინფორმაციის აღქმა. ქოფირაითერს ბევრი ფუნქცია აქვს და რთულია რომელიმეს დავარქვა „მთავარი“, თუმცა ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის აუდიტორიის შესწავლა, მისი პრობლემებისა და სურვილების ამოცნობა, მათ ენაზე საუბარი და პროდუქტის ისეთი ფორმით შეთავაზება, რომელიც კომპანიასაც აწყობს და მომხმარებელსაც (აუდიტორიას).

M: რა მიმართულებებს მოიცავს შენი, როგორც ქოფირაითერის საქმიანობა?

ჩემი საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს UI/UX ქოფირაითინგს, SEO ქოფირაითინგს, იმეილ ქოფირაითინგს და სოც.მედია კონტენტ სტრატეგიების გაწერას. საკმაოდ აქტიურად მიწევს ბოლო პერიოდში კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა კომპანიისთვის, მათი თანამშრომლების გადამზადება წერილობით კომუნიკაციაში და სხვა. გარდა ამისა, 4 წელია ვასწავლი ქოფირაითინგს ციფრულ აკადემიებში და ინდივიდუალურად.

M: როგორ მიხვედი ამ პროფესიამდე?

ქოფის წერა დამატებითი შემოსავლის გამომუშავების მიზნით დავიწყე 18 წლის რომ ვიყავი. რახან მეხერხებოდა და მსიამოვნებდა წერა, გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა ამით ფული გამეკეთებინა. Upwork, Freelancer და Fiverr გადაქექილი მქონდა და უკვე ვიცოდი როგორ უნდა დამეწყო ონლაინ ფულის გამომუშავება. თავიდან უბრალოდ ვწერდი (გასართობად) და Upwork-ის კლიენტებს ვირტუალურ ასისტენტობას ვუწევდი და სხვა, რუტინულ საქმიანობებში ვეხმარებოდი. ნელ-ნელა დავიწყე წერა ფულის გამომუშავების მიზნით და ასე აღმოვაჩინე კონტენტის წერა და შემდეგ უკვე – ქოფირაითინგი.

M: როგორ განვითარდა შენი კარიერული გზა?

ამ 9 წლის განმავლობაში, შემხვდა ბევრი საინტერესო პროექტი, ბევრი უინტერესოც და მტანჯველიც. მქონდა კონტაქტი არაერთ უცხოელ და ადგილობრივ კლიენტთან. შემხვდნენ ისეთი კლიენტებიც, რომლებმაც დაინახეს ჩემი პოტენციალი და მასწავლეს დამატებით ახალი რამეები. ისეთ კლიენტებთანაც მქონია ურთიერთობა, რომლებიც საშინლად მომექცნენ, გადამაგდეს, გადააგდეს ჩემი ნაწერი და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი უდიდესი გამოცდილება იყო და დროთა განმავლობაში, ჩამოვყალიბდი ისეთ პროფესიონალად, როგორადაც ახლა ვიცნობ საკუთარ თავს.

M: შენი ხედვით, რა საკვანძო უნარები სჭირდება ადამიანს, კარგ ქოფირაითერად რომ ჩამოყალიბდეს?

ტექნიკური გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, ქოფირაითერმა აუცილებლად უნდა იცოდეს გრამატიკულად გამართული წერა (და შეცდომებს სპეციალურად უშვებდეს). უნდა ესმოდეს ენა და ენის სპეციფიკაცია (იდიომები, თანამედროვე და მოძველებული ფრაზების გამოყენება, სხვა). გარდა ამისა, უნდა ესმოდეს აუდიტორიის ფსიქოლოგია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ სწორედ ამ აუდიტორიისთვის ვწერთ ტექსტს და არა ჩვენი გემოვნებისთვის. ასევე, კარგ ქოფირაითერს გაყიდვების ტექნიკებიც უნდა ესმოდეს და კარგად შეეძლოს მიმოკვლევის ჩატარება.

ცოტა უფრო ფსიქოლოგიურად თუ მივუდგებით, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც მოთმინებაა საჭირო და ადაპტირების უნარი. ქოფირაითინგი თანამედროვე პროფესიაა, მაგრამ ასევე დინამიკური და მუდმივად ვითარდება. მოთმინება გამოადგება ქოფირაითერს სიახლეებისა და ცვლილებების წინაშე (რომ შფოთვით არ შეხვდეს ცვლილებებს), ხოლო ადაპტირების უნარი სიახლეების ათვისებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში გამოადგება. ასევე, წერის სიყვარულიც არ იქნებოდა ურიგო.

M: რა უნდა გავითვალისწინოთ, თუკი ფრილანსერი ქოფირაითერი გვინდა გავხდეთ?

ფრილანსერობა არაჩვეულებრივი რამ არის და გაძლევთ უდიდესი მოქნილობის საშუალებას, თუ კი სწორად წარმართავთ ყველაფერს. გაქვთ თავისუფალი დრო, თქვენით იწესებთ დასვენების დღეებსა და კვირებს; შეგიძლიათ იმუშაოთ ბევრ საინტერესო პროექტზე და ა.შ.

თუმცა, ფრილანსერობას ასევე მოაქვს ფინანსური არასტაბილურობა. რახან ფიქსირებული ხელფასი არ არსებობს, მუდმივად მოგიწევთ პროექტების მოძიებაზე ზრუნვა და ზოგჯერ, შესაძლოა არასასურველ პროექტსაც დათანხმდეთ. თქვენი ცხოვრების სტილი ოდნავ შეიცვლება, თუ კი კომპანიაში, სრულ გრაფიკზე მუშაობას ხართ მიჩვეული, მაგრამ როგორც ყოველთვის, ადამიანს შეუძლია ადაპტირება და ამასაც მიეჩვევით.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩამოწეროთ ფრილანსინგის დადებითი და უარყოფითი თვისებები ერთმანეთის გასწვრივ. შემდეგ ჩამოწერეთ თქვენი მიზეზები, თუ რატომ გინდათ გახდეთ ფრილანსერი და რატომ გიღირთ კომპანიაში დარჩენა ან კომპანიაში მუშაობა. შეხედეთ შედეგებს, შეაფასეთ და ნახეთ, რომელი გადაწონის.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც ქოფირაითერობაზე ფიქრობს?

პირველ რიგში, გირჩევდით, რომ მარტივად არ შეხედოთ ამ საქმიანობას. ჩვენს ენაზე (და არა მხოლოდ) წერა და კითხვა მეტ-ნაკლებად ყველას გვეხერხება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ნაწერი კარგი ქოფია და კარგად გაყიდის პროდუქტს ან მომსახურებას.

დარწმუნდით რომ გაქვთ საბაზისო ცოდნა ამ პროფესიის შესახებ. ნახეთ სხვა ქოფირაითერები როგორ საქმიანობენ და რას აკეთებენ.

გაიარეთ კურსი ან უყურეთ უფასო ვებინარებს. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ქოფირაითინგის შესახებ. დაესწარით საჯარო გამოსვლებს, ღია ლექციებსა და სხვა, სადაც საუბრობენ ამ პროფესიაზე, მის სირთულეებსა და სარგებლებზე.

დაიწყეთ „ნეთვორქინგი“ და მოაგროვეთ სანაცნობო ციფრული მარკეტინგის სფეროში. სანაცნობო არა მხოლოდ სახელის „გავარდნაში“ დაგეხმარებათ, არამედ, დამატებით და ტრენდულ ინფორმაციასაც მოგაწვდით. იმეგობრეთ მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან და გაერკვიეთ მათ საქმეშიც.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქოფირაითერი მხოლოდ ტექსტს არ წერს. ქოფის წერა იწყება იდეის ჩამოყალიბებითა და მოკვლევით.

დაბოლოს, დაიწყეთ ქოფირაითერის საქმიანობა. წერეთ ქოფი. გადააკეთეთ თქვენივე დაწერილი ქოფი ან სხვისი ქოფი გამოასწორეთ. თვალყური ადევნეთ სხვა ქოფირაითერების მიერ შექმნილ ტექსტს და მათ პროგრესს. დააკვირდით საკუთარ თავს და ნახეთ, რამდენად მოგწონთ ამ სფეროში საქმიანობა. და თუ არ მოგეწონებათ, გული არ დაგწყდეთ, იმიტომ, რომ ერთი პროფესია მეორეს კარს აღებს და რაც უფრო მეტი რამ გეცოდინებათ ციფრულ სფეროში, მით უფრო კონკურენტუნარიანი იქნებით.

SpaceX-ის სატესტო ფრენისას Starship-ის რაკეტა აფეთქდა!

JWT Metro-ს გადაღებული რეკლამები აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება