in

აი, როგორ მუშაობს ლიტერატურული მთარგმნელი

ფოტო: თამუნა კორახაშვილი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, ლიტერატურული მთარგმნელის საქმიანობას გაგაცნობთ, ქეთევან ყანჩაშვილთან ერთად.

M: სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, გვიამბე, რა სპეციფიკური განსხვავებაა ტერმინ „თარგმანსა“ და „ლიტერატურულ თარგმანს“ შორის?

მოდით, უფრო ზოგადი ტერმინების გამიჯვნით დავიწყოთ. როდესაც „თარგმნას“ ვახსენებთ, ყოველთვის ვგულისხმობთ წერით თარგმანს და არა ზეპირს. ზეპირად თარგმნას ეწოდება თარჯიმნობა და ისიც გარკვეულ ქვეკატეგორიებად იყოფა (თანმიმდევრული, სინქრონული), თუმცა ეს ჩვენი საუბრის თემას სცდება. წერითი თარგმანი შეიძლება იყოს ლიტერატურული და არალიტერატურული ან „ტექნიკური“ (როგორც ამას მთარგმნელები ვუწოდებთ). ტექნიკური თარგმანი გულისხმობს გარკვეული დარგობრივი თემატიკის დოკუმენტის შინაარსის და ფორმის მაქსიმალური, თითქმის მათემატიკური სიზუსტის დაცვას.

წარმოიდგინეთ, რა დატრიალდება, თვითნებური ცვლილება რომ შეიტანოთ სამედიცინო ანალიზში ან იურიდიულ ხელშეკრულებაში. თუმცა ტექნიკური თარგმანი, დარგში ასე თუ ისე გარკვეულობისა და ორიგინალი ენის ცოდნის გარდა, ცხადია, მოითხოვს ენის შეგრძნებას და აქაც ეტყობა ხოლმე თარგმნილ ტექსტს გამოცდილი ხელი. სწორედ ეს განასხვავებს ენის უბრალო მცოდნეს მთარგმნელისგან და ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ადამიანი თარგმნის უნარს ფლობს. ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, განსხვავებული ვითარება გვაქვს მხატვრულ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ლიტერატურულ თარგმანში.

M: რა ეტაპებს მოიცავს უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა? 

ლიტერატურული თარგმნის თეორია გვეუბნება, რომ თარგმნის მიზანი მაშინ სრულდება, როდესაც ნათარგმნი ტექსტი მკითხველში აღძრავს იმავე ემოციას, რასაც ორიგინალი.

ეს განმარტება ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ მე ავტორის მაქსიმალურად ერთგული მთარგმნელი ვარ, ზოგჯერ სწორედ ამით გამიმართლებია ტექსტიდან საჭირო გადახვევა. თარგმნის პროცესი უბრალო აზრის დეკოდირება-კოდირების პროცესი არ არის. საჭიროა სწორი აღქმა ავტორის პირველადი, გადატანითი, სტრიქონებსშორისი მნიშვნელობისა. ლიტერატურული ხერხების, განწყობის, კონტექსტის, კილოს, კულტურული თუ სხვა მინიშნებების ზუსტად ამოკითხვა, ეპოქის, ანუ დიდი სურათის ცოდნა, შემდეგ ამის ისე უმტკივნეულოდ გადატანა სამიზნე ენაზე, რომ არც მთლად შენად აქციო და თანაც ორგანულად მიუსადაგო ადგილობრივ აუდიტორიას. 

M: რა არის ყველაზე რთული ნაწილი ამ საქმეში?

ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, არ წამიღოს ჩემმა თავმა და არ გაგიტაცოს ტექსტმა იმდენად, რომ შევეცილო ავტორს თავის ქმნილებაში. გინდა, არ გინდა, ნათარგმნ ტექსტს მთარგმნელი თავის ხელს ატყობს, თავის წილს დებს მასში და ცოტას ართმევს ავტორს. ეს განსაკუთრებით ეხება პოეზიის თარგმნას, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით, ლექსის თავიდან დაწერას უტოლდება. თუმცა მე პროზის მთარგმნელი ვარ და პოეზიის თარგმანზე პოეტებს ვკითხოთ.

პრაქტიკული თვალსაზრისით, გაუწაფავი მთარგმნელისთვის შესაძლოა ზოგჯერ რთული იყოს ქართული შესატყვისის მოძიება ე. წ. უთარგმნელი სიტყვებისა თუ გამონათქვამებისთვის, არქაული ტექსტისთვის, ადგილობრივი დიალექტებისთვის, ადგილობრივი სპეციფიკის მატარებელი ფრაზებისთვის ან იდიომატური გამონათქვამებისთვის და ა. შ., რომელთაც ვერც გადმოაქართულებ (ანუ ჩვენს ადგილობრივ სპეციფიკურ ანალოგს ადვილად ვერ უპოვი) და ისევ ლიტერატურული ენის ფარგლებში უნდა ეძიო გამოსავალი. 

ზოგადად, საწყის ეტაპზე, ავტორის სტილის გათავისება და შესაბამისი ლექსიკის, სინტაქსის და სხვ. მოძებნა და მისადაგება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. ხანდახან შეიძლება მთარგმნელს შენი ჩვეული კომფორტის ზონიდან გასვლა და სხვა ლექსიკის, წინადადებების სხვა წყობის, სრულიად სხვა, შენთვის უჩვევი ლიტერატურული ხერხების მოხმარება დაგჭირდეს. სხვაგვარად ხომ ერთი და იმავე ადამიანის ნათარგმნი წიგნები ერთნაირად იმეტყველებენ, რაც თავისთავად მთარგმნელის არაპროფესიონალიზმს ნიშნავს. ეს არაერთი გამოცდილი მთარგმნელისთვის შემიმჩნევია, სამწუხაროდ. მთარგმნელის ენამ ავტორის ენა არ უნდა გადაფაროს. 

ამავდროულად უნდა შეეგუო და თვალი გაუსწორო იმას, რომ ზოგი ნიუანსი თარგმანში დაიკარგება. ეს ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული მომენტია ხოლმე, როცა დიდი ბრძოლის მერე ვნებდები და დანაკარგს ველევი.

M: რა უნარებს/ცოდნას უნდა ფლობდეს ადამიანი, ლიტერატურული თარგმნა კარგად რომ შეძლოს? 

უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს კარგი მკითხველი. „კარგში“ ვგულისხმობ ბევრ კითხვასაც და გემოვნებიანი წიგნების კითხვასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, თარგმანებთან ერთად, ქართველი ავტორების კითხვაც, რადგან ქართული ენა ყველაზე ლაღი და მოქნილი უმეტესად სწორედ ქართველ ავტორებთანაა, რომლებიც მთარგმნელებისგან განსხვავებით, არ არიან შეზღუდულები ფორმებისა თუ შინაარსის მხრივ. 

ხშირად დავობენ თარგმნა ხელობაა თუ ხელოვნება. ჩემი აზრით ორივეა. ამიტომ თარგმნას, როგორც ხელობას, სჭირდება გამოცდილება, დაუღალავი შრომა და უნარ-ჩვევების გამომუშავება. თუკი შეიძლება პოეზიაში და, უფრო იშვიათად, პროზაშიც თვითნაბადმა და გაურანდავმა ნიჭმა ასე თუ ისე თავი გაგატანინოს, მთარგმნელობას დაუხვეწაობა ძალიან ეტყობა. მთარგმნელმა აუცილებლად სიღრმისეულად უნდა იცოდეს ორიგინალი ენა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად – ის ენა, რომელზეც თარგმნის. მაგრამ ამასთან ერთად ეს უაღრესად შემოქმედებითი პროცესია. როდესაც ვამბობთ, რომ მთარგმნელი „ენას კარგად უნდა გრძნობდეს“, ამაში სწორედ ამ საქმიანობის შემოქმედებით წილს ვგულისხმობთ.

პირველი მოთხრობა, რომელიც ვთარგმნე, იყო ერნესტ ჰემინგუეის „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ (ოღონდ მე მაშინ ამბიციურად „კილიმანჯაროს თოვლი“ დავარქვი). მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი. მაშინ თითო აბზაცის თარგმნას მთელ დღეს ვუნდებოდი და წარმოუდგენლად რთულ საქმედ მეჩვენებოდა.

M: შენთვის რით აღმოჩნდა საინტერესო ეს პროფესია?

ბუნებრივად და თავისთავად მივედი ამ პროფესიამდე. მიმიყვანა წიგნების სიყვარულმა, ხოლო ლიტერატურასთან სიახლოვის, ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობის ერთ-ერთი გზა სწორედ თარგმნაა. 

ჩემთვის თარგმნის პროცესი ძალიან სასიამოვნოა და ხშირად მიგრძვნია შემოქმედებითი აღმაფრენა. რადგან, რაც არ უნდა ვთქვათ, ეს შემოქმედებითი პროცესიცაა. კი, სათქმელს სხვას ესესხები, მაგრამ როგორ იტყვი ამ სათქმელს, ეს უკვე მთლიანად შენზეა.

M: რას ნიშნავს შენთვის, იყო ლიტერატურული მთარგმნელი? რა პერსპექტივას ხედავ ამ საქმიანობაში? 

იყო ლიტერატურული მთარგმნელი, ნიშნავს იყო შუამავალი, ერთგვარი დესპანი კულტურებს, ენებს, ეპოქებს, ადამიანებს შორის.

ეს არის საქმე, რომელიც ადამიანებამდე აღწევს და რჩება. ლიტერატურული თარგმანების წყალობით იმხელა სითბო და სიყვარული მიმიღია მადლიერი მკითხველისგან, რომ ამას ნამდვილად არაფერი შეედრება. 

გარდა ამისა, ჩვენ ხომ მხოლოდ მოგონებებს, შთამომავლობას და გაკეთებულ საქმეს ვტოვებთ. ცოტათი მაიმედებს იმაზე ფიქრი, რომ ისეთი უკვდავი ავტორები მყავს ნათარგმნი, მათთან ერთად სულ ერთი ციცქნა უკვდავება მეც მიწერია.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც პროფესიას ახლა ირჩევს – რატომ უნდა გახდეს ლიტერატურული მთარგმნელი?

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არალიტერატურული ტექსტების თარგმნა ბევრად უფრო სარფიანია, ვიდრე ლიტერატურულისა, რადგან პირველს უფრო შეძლებული მუშტარი ჰყავს, ვიდრე მეორეს. ამიტომ ლიტერატურულ თარგმანს როცა ირჩევ, თავისთავად, შემოსავლის ნაწილსაც თმობ და საქმესაც ირთულებ, რადგან ის განუზომლად მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ტექნიკური თარგმნა. ამიტომ დამწყებ მთარგმნელებს ვურჩევდი, ორივეგან მოსინჯონ ძალები და მათთვის იდეალური წონასწორობა იპოვონ ფინანსურ და არაფინანსურ სარგებელს შორის.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთარგმნელისთვის საჭიროა კონცენტრაციის უდიდესი უნარი, შრომისმოყვარეობა, მოთმინება, თვითდისციპლინისა და დროის მართვის, დიდხანს სადმე შეკეტვისა და წიგნებთან მარტო დარჩენის ძალა. 

ეს არის საქმიანობა, რომლის შედეგიც თვალნათელი და ხელშესახებია. ეს არის საქმიანობა, რომელიც თუ წიგნები გიყვართ, სასარგებლოს და სასიამოვნოს შეგათავსებინებთ. ცოტა პათეტიკურად შეიძლება გამომდიოდეს, მაგრამ ეს არის ქართული ენის სამსახურში ჩადგომა და ამ პაწაწინა ენის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება ისეთ გოლიათებს შორის, როგორიც, ვთქვათ, ჩვენთან პოპულარული რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ლიტერატურაა. ესაა უდიდესი მისია, მიიტანო უცხოელი ავტორი ადგილობრივ მკითხველამდე და ამით შენთვის უცნობი ადამიანების ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უნებური წვლილი შეიტანო. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში სწორედ უცხოელმა ავტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი და თანაც სწორედ იმ დროს, როცა მხოლოდ მშობლიურ ენაზე შემეძლო კითხვა.

კლასიკური შავი და ოქროსფრიდან ტროპიკულ ფერებამდე — Strongbow-ის რედიზაინი

გულისცემა განსაზღვრავს, როგორ აღვიქვამთ დროს — კვლევა