in

აი, როგორ მუშაობს შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ნინო გაბისონიაა, საქართველოს ბანკის შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია – შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი?

შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია ბანკში. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ბანკის ძირითად პროდუქტებზე დაფიქსირებული ინციდენტების მოკვლევაში და მოგვარებაში. მე და ჩემი გუნდი ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევთ სხვა შიდა რგოლებსაც, რომლებიც მომსახურებას უწევენ მომხმარებლებს, რომ სრულყოფილად და ხარისხიანად შეასრულონ დავალება. გვაქვს განსაზღვრული KPI-ები, რომელსაც მუდმივად ვაანალიზებთ, მიღებული პარამეტრებით ვზომავთ რამდენად მოკლე დროში და ხარისხიანად ვაგვარებთ ინციდენტებს, რაც თავისთავად აისახება მომხმარებლების კმაყოფილებაზე.

M: თავად შენ როგორ აირჩიე ეს საქმე, რით იყო საინტერესო?

IT საკმაოდ ინოვაციური და პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც მუდმივად ვითარდება. პროდუქტებთან ტექნიკური კუთხით მუშაობისას შეგიძლია დაინახო, რა როგორ მუშაობს, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რა შესაძლებლობები და საზღვრები აქვს, რაც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. უშუალოდ, შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს ყველა ინციდენტს, ბოლომდე მიყვება პროდუქტის უკან მდგარ ლოგიკას, რომ მივიდეს საბოლოო პასუხამდე.

M: ამ პოზიციამდე როგორ მიხვედი?

ტექნიკური მიმართულებით, ჩემი პირველი სამსახური საქართველოს ბანკში დავიწყე. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე IT დეპარტამენტში, სადაც რამდენიმე მიმართულებით, საკმაოდ დიდი და საინტერესო გამოცდილება შევიძინე. დღეს, შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის გუნდში ვმუშაობ და ყველა წინა რგოლში დაგროვილი ცოდნა ძალიან მეხმარება უკეთ აღვიქვა პროცესი, როგორც ერთი მთლიანობა. 

M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?

ჩემს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი. უშუალოდ, ტექნიკური უნარებიდან PL/SQL-თან მუშაობის საბაზისო ცოდნა მაინც. დანარჩენი ცოდნა პრაქტიკიდან მოდის.

M: რა სირთულე ახლავს შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერას?

ჩვენი საქმიანობა PL/SQL-ში მუშაობას მოიცავს. როდესაც ინციდენტი ფიქსირდება, საჭიროა სიღრმისეულად მოკლვევა – ანუ პროცესის უკან მდგარი ლოგიკის კარგად გარჩევა, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, ზოგჯერ საკმაოდ რთულია ამ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოვიძიოთ პასუხი. თუმცა, ვფიქრობ, ეს სირთულე აძლევს ერთგვარ ხიბლს ამ საქმიანობას, რადგან თანამშრომელს განვითარებაში ეხმარება.

M: პანდემია როგორ აისახა შენს საქმიანობაზე?

პანდემიის დროს, მთელი IT სამსახური გადავედით დისტანციურ სამუშაო გარემოში, რაც ბევრისთვის უფრო მოსახერხებელიც აღმოჩნდა. ინციდენტების კუთხით, ამ პერიოდში, ჩემს გუნდზე დატვირთვა შემცირდა, რადგან მომხმარებლები გადაერთნენ დისტანციურ პროდუქტებზე, როგორიცაა e-ბანკი და m-ბანკი, რომლებსაც ცალკე მხარდაჭერის გუნდი ჰყავს.

M: ყველაზე მეტად, რა გხიბლავს ამ საქმეში?

ჩვენი საქმე საკმაოდ მრავალფეროვანია, მუშაობა გიწევს სხვადასხვა პრობლემასთან, მოკლველვის პროცესში იღებ ბევრ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ყოველი მომდევნო დავალების შესრულებას გიადვილებს. ძალიან საინტერესოა კარგად იცნობდე პროდუქტებს და გესმოდეს თითოეული მათგანის მუშაობის პრინციპი. ამ პროცესში კი, ვითარდები ტექნიკური მიმართულებით, რაც კარიერულ წინსვლასთან გაახლოვებს, სხვადასხვა IT-ის მიმართულებით.

M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?

მხარდაჭერის გუნდი არის ერთ-ერთი საწყისი რგოლი, სადაც შენი შრომითა და მონდომებით შეგიძლია მიიღო საკმაო ცოდნა PL/SQL-თან მუშაობის მიმართულებით, რომ განვითარდე დეველოპმენტის მიმართულებით, რაც მოიცავს უკვე მომხმარებლებზე მორგებული ახალი პროდუქტების შექმნას, ტესტირებას. ამ მიმართულებით კარიერული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად იძლევა საქართველოს ბანკი, გარდა ამისა, აქ მიღებული გამოცდილება გზას გიხსნის არა მარტო საბანკო, არამედ სხვა ნებისმიერი მიმართულებით IT სფეროში.

M: რამ შეიძლება დააინტერესოს ამ პროფესიაში ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში უწევთ?

ვფიქრობ, IT მიმართულებით მუშაობა, მომავლის საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ამ მიმართულებით განვითარებისთვის. აქ შეგიძლია გაეცნო ბანკის შიდა პროდუქტებს და მათ უკან მდგარ პროცესებს, განივითარო ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება და მიაღწიო დიდ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში. 

„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

38 კითხვა, რომელიც გასაუბრებისას უნდა დასვათ