ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, საქართველოს ბანკის პროგრამ მენეჯერი ნინო რამიშვილი.
M: ნინო, პირველ რიგში, გაგვაცანი შენი პოზიცია – რა როლი აქვს მას საქართველოს ბანკში?
საქართველოს ბანკში ყოველთვის უწყვეტი დინამიკაა. მუდმივად ვმუშაობთ არაერთ ინიციატივაზე, რომელიც მომხმარებლებს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. თითოეული ასეთი სიახლის ბანკის შიდა თუ გარე მომხმარებელთან სასურველი სახით მიტანაში არაერთი სხვადასხვა მიმართულება და ათეულობით ადამიანია ჩართული. სწორედ აქ აქვს საკვანძო როლი პროგრამის მენეჯერს. ის ეხმარება გუნდს, რომ მცირე ვადებითა და რესურსების დანახარჯებით, რაც შეიძლება, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შეიქმნას.

ამისათვის, პირველ რიგში, ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად ვარკვევთ დამკვეთის საჭიროებებსა და მიზანს, ვაიდენტიფიცირებთ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ სამუშაოებს და საჭირო რგოლებს. მათთან ერთად ვადგენთ პროგრამის თაიმლაინს და პროგრამის მიზნის შესრულებამდე თავიდან ბოლომდე ჩართული ვართ ყველა პროცესში – შესასრულებელ სამუშაოებს შორის დამოკიდებულებების განსაზღვრა, გუნდების კოორდინაცია, ჩართულ მხარეებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ვენდორული გადაწყვეტილების მოძიების შემთხვევაში პოტენციურ ვენდორებთან კომუნიკაციის, პროგრამის პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი გუნდებისა და მიმართულებებისთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარების უზრუნველყოფა.
M: ეს მიმართულება როგორ აირჩიე?
თავიდან, ფინანსების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. რატომღაც არ წარმომედგინა ჩემი თავი IT-ში. ამიტომ, როცა ჩემს კომპანიას ახალი საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად გუნდის წევრი სჭირდებოდა, ფინანსებთან ჩემი სიახლოვის გამო უფრო დავთანხმდი ახალ გამოწვევას. სწორედ ეს იყო გარდამტეხი ეტაპი, რამაც ციფრული პროდუქტების შექმნა სრულიად სხვა მხრიდან დამანახა. იქ, BDO Solutions-ში, საბუღალტრო სოფტის – „ბალანსის“ – ნულიდან შექმნაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ მომხმარებლების საჭიროებების გამოკვლევა და ამ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავება, ხოლო შემდეგ ამ პროდუქტის გამოყენებაში მომხმარებლების დახმარება და მათი პრობლემების გადაჭრა თავს კომფორტულად და ბედნიერად მაგრძნობინებდა.
გამოცდილების გავლენით, სრულიად გადმოვერთე ამ სფეროზე და თითქმის ყველა როლში გამოვცადე ჩემი თავი, რაც ციფრული პროდუქტების შექმნისა და განვითარებისთვის არის საჭირო. სხვადასხვა კომპანიაში ვიყავი მხარდაჭერის კონსულტანტი, ბიზნეს ანალიტიკოსი, ფროდაქთ ოუნერი, ტესტერი, პროექტის მენეჯერი, პროგრამ მენეჯერი და UI/UX დიზაინერიც კი.
M: ამ საქმეში რა მოგწონს ყველაზე მეტად?
IT ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო მიმართულებაა, თანაც სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი მის მიმართ. აქ ინტროვერტიც ნახავს თავის ადგილს და ექსტროვერტიც, ჰუმანიტარიც და ტექნიკური მიმართულების ადამიანიც. თან ყველა როლის საქმიანობა იმდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ ყოველთვის შეგიძლია როლი შეიცვალო, განსხვავებული ფუნქციები შეითავსო, ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინო.
ზოგადად, ძალიან აქტიური და ენერგიული ადამიანი ვარ. ადამიანებთან ურთიერთობა, სხვების საჭიროებების გაგება და სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში დახმარება სიამოვნებას მანიჭებს. ასევე, პროექტის მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია დაგეგმარება, პროგრესის მონიტორინგი და შემდგომ, ამ გეგმის წარმატებით განხორციელება – ეს ჩემი პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილიცაა. რომ შევაჯამოთ, ის ძირითადი აქტივობები, რომელსაც სამსახურის გარეთაც რეგულარულად ვახორციელებ, ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს და მავსებს.
M: მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა შენი პროფესია ამდროინდელ პოზიციამდე?
როგორც აღვნიშნე, IT-ში შემთხვევით მოვხვდი, თუმცა როგორც კი მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ამ სფეროდან წასვლა აღარც მიფიქრია. ჩემი აზრით, აუცილებელია გაბედნიერებდეს შენი გარემო, ადამიანები, ურთიერთობები და რა თქმა უნდა, საქმე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალო, რომ სწორ ადგილას ხარ.
პროგრამა „ბალანსის“ შემდეგ ახალ გამოწვევებს შევეჭიდე ბიზნეს ანალიტიკოსის როლით Asseco Georgia-ში, სადაც მომეცა შესაძლებლობა, დამატებით ამეღო პასუხისმგებლობა ახალ პროდუქტზე, როგორც ფროდაქთ ოუნერსა და დამწყებ UI/UX დიზაინერს. ამ მიმართულებებით და არამარტო, უსაზღვროდ დიდი გამოცდილება შემძინა კომპანია VOBI-ში მუშაობამ. აქ დამკვეთის სურვილებზე მორგება და პატარა გუნდში რამდენიმე სხვადასხვა როლის შეთავსება მიწევდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ინტერესი IT სფეროში.
სტარტაპებსა და მცირე ზომის გუნდში ახალ პროდუქტზე ნულიდან მუშაობას თავისი პლუსები და გამოწვევები აქვს – აქ სრული სურათის სწრაფად დანახვისა და რამდენიმე როლის შეთავსების შესაძლებლობა და საჭიროებაა. ამის საპირისპიროდ, დიდ კორპორაციაში მუშაობისას შესაძლებლობა გეძლევა რაღაც ძალიან დიდის პატარა ნაწილი იყო, თითოეული ახალი პროგრამა სრულიად ახალ გამოწვევებს გთავაზობდეს. ეს ერთდროულად რთულიცაა, საინტერესოც და გამოწვევებით სავსეც. ამიტომაც გადავწყვიტე საქართველოს ბანკში გამეგრძელებინა პროგრამ მენეჯერად მუშაობა და უკვე თითქმის 1.5 წელია ამ დიდი გუნდის ნაწილი ვარ.
M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა და რა ფუნქციებს უკავშირდება?
პროგრამ მენეჯერის პორტფელში ერთდროულად ყოველთვის რამდენიმე პროგრამაა, რომელთაც თავისი სტეიკჰოლდერები, გეგმა და სპეციფიკა აქვს. ყოველდღიური საქმიანობა ვარირებს იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზეა თითოეული პროგრამა, თუმცა ყოველთვის გულისხმობს გაწერილი თაიმლაინის მიხედვით პროგრესის მონიტორინგს.
მაგალითად, პროგრამის ინიციაციის ეტაპზე, ჩემი ფუნქციებია:
- ბიზნეს ექსპერტებთან შეხვედრებით პროგრამის მიზნების, მოთხოვნების, ვადებისა და ბიუჯეტის გაცნობა და საჭირო რგოლებისგან შემდგარი გუნდის შეკვრა;
- E2E ბიზნეს პროცესისა და მოთხოვნების ჩამოყალიბება ბიზნეს ანალიტიკოსთან და ბიზნეს ექსპერტებთან ერთად, ტექნიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბების კოორდინირება, ჩართულ მხარეებთან დასაგეგმი სამუშაოების შეთანხმება, თაიმლაინის გაწერა და დაგეგმვა;
- ვენდორული დაგაწყვეტების საჭიროების შემთხვევაში, საჭირო გადაწყვეტილების მოძიების კოორდინირება, გადაწყვეტილებების ტესტირების უზრუნველყოფა, და ა.შ.
პროექტის განხორციელების ეტაპზე:
- რეგულარული შეხვედრები პროგრამის გუნდთან თაიმლაინის მიხედვით დაგეგმილი ამოცანების შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად – რაც გულისხმობს წარმოქმნილი ბარიერების აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოების კოორდინირებასაც
- დაგეგმილი ამოცანების შესრულებისას მათი ტესტირებისა და ფინალური E2E ტესტირების კოორდინირება
- პროცესის ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი მხარეების ინფორმირება, პროდუქტის გაშვებისას მარკეტინგთან და სხვა მიმართულებებთან ერთად მჭიდროდ მუშაობა წარმატებული გაშვების უზრუნველსაყოფად, ხოლო მის შემდეგ, პროგრამის მონიტორინგი შესაძლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
- ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, პროდუქტისა და პროცესების გადაბარება შესაბამისი გუნდებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცესების გამართულობის უზრუნველყოფით.
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი სამუშაოს ეფექტიანად შესასრულებლად და რა სირთულე ახლავს მას?
ჩემი აზრით, ცხოვრებაშიც და საქმეშიც ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი და დროული კომუნიკაცია. თუ რამემ შეიძლება საქმე გართულოს, ეს პირველ რიგში მისკომუნიკაცია ან არასაკმარისი კომუნიკაციაა. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს როლსაც სწორედ ეს აქვს. პირველ რიგში, უნდა შევძლოთ სწორი და დროული კომუნიკაცია ჩართულ მხარეებთან და შემდეგ უზრუნველვყოთ, რომ ყველა რგოლი ინფორმაციას ერთმანეთთან სათანადოდ ცვლიდეს. შესაბამისად, ეფექტური კომუნიკაციის უნარს გამოვყოფდი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან უნარს.
დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროგრამ მენეჯერს დიდი სურათის დანახვა შეეძლოს. ამის მიხედვით იგეგმება და მიმდინარეობს შემდეგ მთელი პროგრამა, რა დროსაც ასევე აუცილებელია ორგანიზებულობა, პრიორიტეტიზაციის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა. ამ უნარების დახმარებით შეძლებს პროგრამ მენეჯერი თითოეული ნაბიჯის ეფექტურ კოორდინირებას, პოტენციური რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მიტიგაციას.
ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროგრამ მენეჯერმა შეძლოს დროულად დასვას საჭირო კითხვები და დროულად მიიღოს მათზე პასუხები, რაც თავიდან აგვარიდებს გაუგებრობებს და ამის გამო დროისა და ენერგიის კარგვას. ხშირად ისეთ პროგრამებში ვერთვებით, რომლის დომეინი, მიზნებისა და საჭიროებების დეტალები ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობია. თუ პროგრამის დაწყების ეტაპზევე ან შემდგომ მაინც არ დავსვით თუნდაც ერთი შეხედვით სულელური კითხვა, ასეთმა არდასმულმა კითხვამ, ბოლომდე არ ჩაძიებამ, მისკომუნიკაციამ შესაძლოა საერთო სურათი შეცვალოს და მთელი გეგმა ყირაზე დააყენოს.
პროგრამ მენეჯერის როლი, როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი დოზით მოითხოვს ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ ადამიანთან ურთიერთობას – გვჭირდება თითოეულ მათგანთან საერთო ენის გამონახვა, პროცესების მაქსიმალურად სწრაფი დეესკალაცია. ამიტომ პროგრამ მენეჯერის მაღალი ემოციური ინტელექტი და პოზიტიური დამოკიდებულება მოვლენების მიმართ ძალიან კარგ სამსახურს გაუწევს თვითონ პროგრამ მენეჯერსაც და ყველა სტეიკჰოლდერს.
მთლიანობაში კი, აუცილებელია გიყვარდეს, რასაც აკეთებ. ვფიქრობ, ამის გარეშე ამ და ნებისმიერი საქმისთვის საჭირო ყველანაირი უნარი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება.
M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს შენს პროფესიას?
ზოგადად, ძალიან რთულია გააკეთო პროგნოზი, მომავალში რა მოთხოვნილება იქნება ბაზარზე და რა საჭიროებები ექნებათ მომხმარებლებს. თუმცა, როცა საქმე ტექნოლოგიების განვითარებას ეხება, ვფიქრობ, ეს სფერო მნიშვნელობას ვერ დაკარგავს. ციფრული ტექნოლოგიები ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და ამ სფეროში სამუშაო ძალის საჭიროება იზრდება.
რაც შეეხება პროგრამ მენეჯერის როლს, შესაძლოა, ამ როლის სამუშაო აღწერილობა წლებთან ერთად შეიცვალოს, თუმცა სანამ ადამიანური რესურსი იქნება ჩართული პროდუქტის შექმნაში, პროცესების კოორდინირების აუცილებლობა მუდმივად იარსებებს. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა ფეხი აუწყოს ცვალებად მოთხოვნებს და არ შეაჩეროს თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
M: რით შეიძლება იყოს შენი სპეციალობა საინტერესო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უწევთ?
როდესაც ვინმე რაიმე ახლის სწავლის ან პროფესიის შეცვლის სურვილს გამოთქვამს, ან ვხვდები აბიტურიენტს, რომელსაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, მაშინვე ციფრული მიმართულების ელჩი ვხდები – ყოველთვის ჩვენს სფეროს ვურჩევ, ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, მომავლის პროფესიაა და ამ მიმართულებისადმი ინტერესი, საჭიროება და მასშტაბები მუდმივად იზრდება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ჩემი აზრით, აქ საკუთარი თავის პოვნა ყველანაირი ინტერესისა და უნარების მქონე ადამიანს შეუძლია.













