in

აი, როგორ მუშაობს საფეხმავლო გამყოლი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საფეხმავლო გამყოლის საქმიანობას გაგაცნობთ, ნუცა ცქიმანაურთან ერთად.

M: პირველ რიგში, რას გულისხმობს საფეხმავლო გიდის საქმიანობა?

საფეხმავლო გამყოლი, ტრეკინგის გიდი – ასე ჰქვია ჩემს პროფესიას ოფიციალურად და არაოფიციალურადაც. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, სადაც უფრო ზუსტად იქნება განსაზღვრული საფეხმავლო გამყოლის კომპეტენცია. ამჟამად კი, ჩვენი ასოციაციის (GMGA) წესდებით, საფეხმავლო გიდის სამუშაო არეალი ქვეყნის ყველა კლიმატური ზონა, მარკირებული და არამარკირებული ბილიკებია, სხვადასხვა სირთულის მარშრუტები, როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური გადაადგილებისთვის. საფეხმავლო გამყოლის სამუშაო არეალი მთავრდება იქ, სადაც შემოდის თოკების, წერაყინებისა და სპეციალური აღჭურვილობის საჭიროება. ასეთ ადგილებშიც დავდივართ, რა თქმა უნდა, ოღონდ კლიენტის გარეშე, ჩვენი სიამოვნებისთვის, თავგადასავლისთვის.

M: როგორია საფეხმავლო გამყოლის როლი და ფუნქციები?

ზოგჯერ ჰგონიათ ხოლმე, რომ საფეხმავლო გიდები ჯიბეში ხელებჩაწყობილი დავსეირნობთ მარკირებულ და კარგად გათელილ ბილიკებზე და საქმეც დიდად არ გვაქვს. არადა, სულაც არაა ასე.

ტექნიკურად, ჩვენი ფუნქციაა, ტურისტი A პუნქტიდან B პუნქტში მივიყვანოთ უსაფრთხოდ და მაქსიმალურად კომფორტულად. თუმცა ამ ორ წერტილს შორის, დღიურად დაახლოებით 16 კმ-ია, რომელსაც უბრად ვერ გაივლი. ცხადია, ტურის მიმდინარეობისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კომუნიკაციაა. ამის გარეშე, ტური იქნება ლამაზი ღვინის ჭიქა ღვინის გარეშე.

ტურზე, ჩვენ, საფეხმავლო გიდები ჩვენი ქვეყნის სახე ვართ და ყველაფერს, რასაც ხედავენ, თუ ისმენენ, ჩვენი პრიზმიდან გამომდინარე აღიქვამენ. ეს ძალიან საამაყო და მეორე მხრივ, ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა: დაანახო შენი ქვეყნის საუკეთესო მხარეები ისე, რომ ამ სიყვარულმა უკან დააბრუნოს. კმაყოფილი ტურისტი ხომ საუკეთესო და პირდაპირი რეკლამაა. მთის ბილიკებზე გადაადგილებისას თითქოს სალაპარაკოც ბევრი არაფერი არ უნდა იყოს, არადა, სულ პირიქითაა. ასეთ იზოლირებულ და ეგზოტიკურ გარემოში, ტურისტებს კითხვებს ვერ გამოულევ. ასე რომ, საფეხმავლო გიდი მეტ-ნაკლებად დეტალურად უნდა ერკვეოდეს საქართველოს მთათა სისტემაში, მხარეთმცოდნეობაში, ეთნოგრაფიაში, კულტურულ ძეგლებსა და გეოგრაფიაში. ყველაზე მეტად კი, ყველა ასაკის ტურისტს ლეგენდები და მითები აინტერესებს, თუშეთის ღრმა ხევებში ჩამალული ჭინკები და თებჟორიკები, თუ სამეგრელოს ტყიან ბილიკებზე, ხეების უკან მიმალული ტყაშმაფა და ოჩოკოჩი.

ხშირად გვიწევს კარავში ღამისთევა და შესაბამისად, საკვებსაც საველე პირობებში ვამზადებთ. ძალიან მიყვარს ტურისტების გაოცება და ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილებში დილას საუზმეზე ცხელი ბლინების, ან ხაჭაპურის დახვედრება. რაც დამერწმუნეთ, სულაც არაა ძნელი, როცა პრაქტიკული გამოცდილება გაქვს.

M: როგორ აღმოჩნდი ამ მიმართულებაში, როგორ იქცა გიდობა შენს პროფესიად?

ბუნებაში ფეხით სიარული ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ჩემ გარშემო არავინ იყო, ვინც ამ ჩემს სიყვარულს ფორმას, მიმართულებას მისცემდა, ამიტომაც პროფესიულად სხვა გზა ავირჩიე. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ტელევიზორში რეპორტაჟი ვნახე. სადაც ხევსურეთში საცხენოსნო ტურებზე ცნობილი მოგზაური და ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი საუბრობდა. მონუსხული შევცქეროდი ეკრანს და ერთადერთი, რაც კარგად დავიმახსოვრე, ტურის ფასი იყო, როცა წამყვანმა ჰკითხა. მაშინ ინტერნეტი ახალი ხილი იყო და გამიჭირდა პაატას კონტაქტების მოძიება, თუმცა მიზნად დავისახე ცხენებით მოგზაურობა და ნელ-ნელა ფულის შეგროვებაც დავიწყე. იმ დროს, 200 ლარი დიდი თანხა იყო ჩემნაირი სტუდენტისთვის.

2010 წელს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი ჯავახეთში და შეიძლება ითქვას, ამ რეგიონთან ჩემმა ნაცნობობამ მთელი ჩემი მომავალი თავდაყირა დააყენა. ექსპედიციაში გატარებული უწყინარი 2 კვირა 2 წელიწადში გადაიზარდა და ჯავახური თავგადასავლებისა და აღმოჩენილი ადგილების გაზიარების სურვილმა გიდად მაქცია. იმდენი საოცარი ადგილი ვნახე, იმდენი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, რომ ამ ემოციას მარტო ჩემთვის ვერ დავიტოვებდი და დავიწყე ჯავახეთში მეგობრებისთვის ტურების ორგანიზება. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი მარშრუტების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, მაგრამ მქონდა დიდი სიყვარული და ენთუზიაზმი. საბოლოოდ კი, მცირე კავკასიონის ამ სტიქიურმა სიყვარულმა აქამდე მომიყვანა. და მოხდა ის, რასაც 19 წლის ნუცა ვერც წარმოიდგენდა – ტელევიზორში ნანახ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს ახლა თავად ვაორგანიზებ და ვუძღვები, ცნობილი მოგზაური და ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი კი დღეს ჩემი კარგი მეგობარია და წელიწადში რამდენჯერმე ერთად ვსერავთ კავკასიონის ბილიკებს.


M: როგორია ტურის სამზადისი შენთვის?

ტურისთვის სამზადისი „წმინდა“ ნაწილია. დაგეგმვისას და ჩაბარგებისას არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არ დაგავიწყდეს. ამიტომ ბარგს ძირითადად მაშინ ვალაგებ, როცა შინ მარტო ვარ და სიით, ე.წ ჩექლისტით ვხელმძღვანელობ. ეს სია, ყველა გიდს ალბათ ინდივიდუალური აქვს, მაგრამ ძირითადი პუნქტები და ნივთები უცვლელია.

M: რომელია ის ნივთები, რაც საფეხმავლო გამყოლს აუცილებლად უნდა გქონდეს თან?

საფეხმავლო ტურები, უმეტესად, მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე სრულდება ხოლმე, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ერთდღიან ტურებზეც კი, ყოველთვის სჯობს გვქონდეს ის ნივთები, რაც საგანგებო სიტუაციებში შეიძლება დაგვჭირდეს. ჩემთვის, ამ ნივთების სია ასე გამოიყურება:

  • კარგი ზურგჩანთა მყარი საზურგითა და შესაკრავებით, რომელსაც საწვიმარიც აქვს.
  • ინდივიდუალური პირადი დახმარების პაკეტი (იპდპ) სადაც აუცილებლად შედის თერმული საბანი
  • პირადი საწვიმარი და დიდი ზომის პონჩო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრადაც შეიძლება გადაკეთდეს.
  • თავფანარი
  • ცეცხლის დასანთები პაკეტი
  • ტელეფონი და ღონთავსო (power bank)
  • საათი, სასურველია GPS ფუნქციით
  • წყალი დასალევად და 1 ბოთლი ხელუხლებელი ბოთლი წყალი
  • ხემა – ხელუხლებელი მარაგი, რომელიც დაახლოებით 2000 კალორიას შეიცავს და 2-3 დღეზეა გათვლილი
  • წყლის გამაცხელებელი სალაშქრო პრიმუსი

ამ სიას სეზონის და მარშრუტის სირთულის მიხედვით ემატება სხვადასხვა ნივთები, თუმცა ძირითადი სია მეტწილად უცვლელია.

M: როგორი ფიზიკური მომზადებაა საჭირო?

საფეხმავლო გამყოლის ტერმინი თავისთავად ფეხით სიარულს მოიაზრებს. ანუ გამყოლს უნდა შეეძლოს რამდენიმე საათი უწყვეტად, სხვადასხვა სირთულის რელიეფზე მოძრაობა, ცვალებადი სიჩქარით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამყოლი ფიზიკურად კარგ ფორმაში უნდა იყოს. სხვადასხვა მიზეზებით, ზოგჯერ შეიძლება რაღაც მანძილის ძალიან სწრაფად გარბენა, ან დიდი სიმაღლის ერთბაშად აღება-დაგდება იყოს საჭირო.

M: რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს?

ვფიქრობ, უნდა იყოს:

  • ქარიზმატული
  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული 
  • ჰქონდეს ამბის თხრობის და გადმოცემის უნარი
  • ცოტა იუმორის გრძნობა არ აწყენდა
  • იყოს ემპათიური
  • მშვიდი და გაწონასწორებული

ეს ის უნარებია, რაც საფეხმავლო გამყოლს სხვებისგან გამოარჩევს და ტურსაც განსაკუთრებულს ხდის.

M: რა სირთულეები ახლავს თან?

სირთულეები შეიძლება ზოგჯერ ჩვენგან დამოუკიდებლადაც წარმოიქმნას. როცა ტურისტს უეცრად სიმაღლის შიში, მთის დაავადება ან სხვა ფიზიკური თუ ემოციური ბარიერი ექმნება. შეიძლება უეცრად ბუნებრივი კატაკლიზმის ეპიცენტრში აღმოჩნდე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საგანგებო ვითარებებში, გამყოლი არ დაიბნეს და სიტუაციის მართვა შეძლოს.

M: რა შეგძინა ამ პროფესიამ, როგორც ადამიანს?

მე მგონია, რომ იმ იღბლიანი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც აქვს ფუფუნება, სიხარულით აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს და ამაში აიღოს კარგი ანაზღაურება. წლების მანძილზე, უამრავი ადამიანი გავიცანი, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და თითქმის ყველა სოფელში მეგულება მეგობარი. ამ პროფესიამ უამრავ ჩემნაირს დამაკავშირა, აქ თუ საზღვარგარეთ და მომცა საშუალება, მათ ჩემი სამშობლოს აღმოჩენაში დავხმარებოდი.

გავიცანი ადამიანები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. მათთან ურთიერთობამ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა და ბევრი რამ სხვანაირად დამანახა. გამყოლობა მარტო სამუშაო კი არა, განათლებისა და კომუნიკაციის უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც მსოფლიოსთან გვაკავშირებს.


M: რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა დაფიქრდა საფეხმავლო გიდობაზე?

თუკი ჩემმა გამოცდილებამ დაგაფიქრა და კითხვისას, კავკასიონის მთებში ჩამავალი მზე წარმოიდგინე, ულამაზესი ხედები მწვერვალებიდანდა უღელტეხილებიდან, მწვანე მინდვრებს შეფენილი ცხვრის ფარა და საღამოს მწყემსებთან დალეული ქონდრის ჩაი, ივნისში აყვავებული დეკა ეგრისის ქედზე და ნაწვიმარზე მორბენალი ველური ცხენები, ცადე გამყოლობა, გამოცადე შენი ძალა და უნარები, იქნებ ეს სწორედ ისაა, რაც მთელი ცხოვრება გინდა აკეთო? ბარიერები ყველგანაა, ქალაქის ოფისშიც და მთაშიც. უბრალოდ, ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რატომ უნდა ვთქვათ უარი იმაზე, რაც გვაბედნიერებს? ეს ხომ ჯაჭვია – ბედნიერი ადამიანები, თავის გარშემო სხვებსაც ახარებენ.

„ან მოიგებ, ან ისწავლი“ — ემოციური ინტელექტის ძალა, რომელიც ამ ფრაზის მიღმა დგას

რატომ ვერ პოულობენ დამსაქმებლები და სამსახურის მაძიებლები ერთმანეთს?