ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, საქართველოს ბანკის Digital Product Owner დაჩი გორგილაძე.

M: რა როლი აქვს Digital Product Owner-ს ორგანიზაციაში?
Product Owner-ებს mini CEO-ებს ვეძახი. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ პროდუქტის წარმატებაზე. მომხმარებლებისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა შევქმნათ საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ერთის მხრივ, მომხმარებლებს ყოველდღიურობას გაუმარტივებს, მეორეს მხრივ კი – ბიზნესის მომგებიანობას გაზრდის.
ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს ბანკის ვებ-არხების (bankofgeorgia.ge, solo.ge, wealth.ge, bog.design და სხვა) განვითარების მიმართულებით. ჩვენი როლი ორიენტირებულია ღირებულების მაქსიმიზაციაზე. ეს ნიშნავს, შენს გუნდთან ერთად იზრუნო პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე. ჩვენ ერთგვარი ფასილიტატორებიც ვართ. ბიზნესსა და მომხმარებელს ერთმანეთთან ვაკავშირებთ. ინიცირებულ ამოცანებს ვაფასებთ, ვაპრიორიტეტებთ და შემდეგ, მომხმარებელთან მიგვაქვს, მათი საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით.
M: ეს მიმართულება რატომ აირჩიე?
ჯერ კიდევ, სკოლის ასაკიდან მიყვარდა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესების მართვა. იმ დროს რომ გეკითხათ რას საქმიანობო, გეტყოდით, პროექტ მენეჯერი ვარ-მეთქი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ინტერესები არ შემცვლია. პირიქით, გადაწყვეტილებების მიღების სურვილიც გამიჩნდა. ამ ყველაფერს კი ერთმანეთში საინტერესოდ აერთიანებს Product Owner-ის როლი. ძალიან მომწონს, როდესაც ღირებული და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის mini CEO-ს როლი მაქვს მორგებული.
M: მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა შენი პროფესია ამ პოზიციამდე?
ყველაფერი ფინანსური სექტორიდან დაიწყო, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი ვიყავი. დღეს რომ ვფიქრობ, მიკვირს, იქ რას ვაკეთებდი, რადგანაც იმ დროისთვის უკვე ძალიან კარგად ვიცოდი გრაფიკული დიზაინი და ვიდეო მოუშენი.
ცვლილებები მინდოდა და სტაჟირება დავიწყე აუთსორსინგულ მარკეტინგულ სააგენტოში Sales Partner, სადაც ვიმუშავე 50-ზე მეტ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების პროექტზე და ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე. გავხდი Google-ისა და Facebook-ის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი და საინტერესო პროექტებს ვმართავდი.
შემდგომ უკვე პირველი ქართული მარკეტფლეისის Vendoo ციფრული მარკეტინგის დირექტორი ვიყავი, სადაც მივხვდი, რომ Product Owner-ის როლი იყო ის, რასაც ვეძებდი და იქვე ჩავიბარე რამდენიმე პროდუქტი, მერჩანტ პორტალი, თვითონ ვებგვერდი და ლოგისტიკის პლატფორმა.
ამჟამად კი, თითქმის 2 წელია საქართველოს ბანკში ჩემს გუნდთან ერთად ვზრუნავ ვებარხების განვითარებაზე.
M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა და რა ფუნქციებს მოიცავს?
იქედან გამომდინარე, რომ ვიყენებთ პროექტების მართვის SCRUM ჩარჩოს, გვაქვს ყოველდღიური ცერემონიები, სადაც გუნდის წევრები (დიზაინერები, დევლოპერები, ტესტერები, Agile Couch-ები, Product Owner-ები, ხარისხის მართვის მენეჯერები და UX მკვლევარები) ვიკრიბებით და ვსაუბრობთ 2 კვირის განმავლობაში დასახული ამოცანების პროგრესზე.
დღის განმავლობაში, ვესწრები სხვადასხვა შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ იდეებს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილება.
ჩემი ძირითადი ფუნქციებია:
- მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება;
- სტეიკჰლოდერებთან ურთიერთობა და პროდუქტებზე საერთო ხედვის შექმნა;
- ბექლოგის მართვა და პრიორიტეტიზაცია.
- ახალი პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება: კვლევა, იდეის ტესტირება, პროექტის ღირებულების მონაცემებით გამყარება. იდეის პროტოტიპირებისა და ტესტირების დაგეგმვა, შედეგების გაცნობა და მათი გათვალისწინება
- გაშვებული პროექტის შედეგებისა და ხარისხის მონიტორინგი
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?
იქედან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, საჭიროა იყო კომუნიკაბელური, მეგობრული, კეთილგანწყობილი და არ გეშინოდეს სიახლეების. ცნობისმოყვარეობა, რადგან მნიშნვნელოვანია არ გამოგრჩეს სიახლეები და არ ჩამორჩე ტრენდს. პასუხისმგებლიანობა – როგორც Product Owner-ს, პასუხისმგებლობა გაკისრია შენი გუნდის წინაშე, ორგანიზაციის წინაშე და რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მომხმარებლების წინაშე. რაც მთავარია, არ უნდა იყო “yes man”, თითოეულ მოტანილ პრობლემასა და ამოცანაზე თავი არ უნდა დააქნიო და მოცემულობად არ უნდა მიიღო.
M: რა სირთულე ახლავს შენს სპეციალობას?
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნაბიჯს ვდგამთ ძალიან გაზომილად, რაც გამოიხატება კვლევებსა და ტესტირებაში, ბოლომდე მაინც არ ვართ დარწმუნებული, რადგან პროდუქტმა შეიძლება ბაზარზე ისე არ გაისროლოს, როგორც გვქონდა წარმოდგენილი. ასევე იდეები, რომლებსაც ვაგენერირებთ ჩვენი პროდუქტის ირგვლივ, ყოველთვის ვერ იქნება გამარჯვებული და თანაბრად უნდა შეგვეძლოს წარმატებისა და მარცხის მიღება.
M: რა შეცვალა შენს საქმიანობაში პანდემიამ?
პანდემიამ კარგად გვაჩვენა ციფრული პროდუქტების აუცილებლობა. მეტად დავინახე ჩემი პროფესიის საჭირობა და მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა საქმის მამართ, რადგან პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელს ვაწვდიდი, „სახლში ჩაკეტილი ხალხისთვის“ უფრო მეტად მოთხოვნადი და საჭირო გახდა. იმ მომენტში, ციფრული არხები იყო ის ადგილი, რომელსაც არ ჰქონდა საზღვრები და პირიქით, უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნდა. სწორედ ამან დამაწყებინა ფიქრი ჩემი პროდუქტის სხვანაირად განსავითარებლად.
M: ყველაზე მეტად რა გხიბლავს ამ საქმეში?
პროდუქტი არის პრობლემის გადაწყვეტა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბევრ ადამიანს, რომელიც ჩვენს პროდუქტს მოიხმარს, სხვადასხვა პრობლემა გადავუჭრათ და დავეხმაროთ. შესაძლებლობა იმისა, რომ შენი გაკეთებული საქმე ფართო საზოგადოებამ ნახოს, პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი სიამოვნებაა. ერთი დადებითი უკუკავშირიც კი უდიდესი მოტივაცაა იმისთვის, რომ არ გაჩერდე და უფრო უკეთ აკეთო შენი საქმე.
M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
ციფრული ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება. იზრდება მომხმარებლის საჭიროებები. შესაბამისად, ის, რაც დღეს არის აქტუალური, ხვალ შეიძლება ყველაფერი მივიწყებული იყოს, ამიტომ სიახლეების ფეხდაფეხ მიყოლა და მუდმივი პროფესიული განვითარება . პროდუქტის ფლობისას გექმნება შეგრძნება ოუნერშიფობაზე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც გასწავლის სხვადასხვა ერთობლიობების მართვას. მგონია, რომ Product Owner სულ ამ პოზიციით არ შემოიფარგლება და მომავალში ორგანიზაციაში ზედა რგოლის მენჯერადაც შეუძლია გადავიდეს. ზემოდან რომ შევხედოთ პროდუქტის მართვა, გუნდის მართვა, ორგანიზაციის მართვა ერთმანეთან ძალიან დაკავშირებულია.
ასევე ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას ბიზნესის მართვის ბევრი უნარები შეიძინო, გააღრმავო და საბოლოოდ შენივე წარმატებული სტარტაპი დააარსო.
M: რითაა ეს საქმე საინტერესო მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
Product Owner როგორც პროფესია უნივერსიტეტში არსად ისწავლება. ეს არის საქმე, რომელსაც სხვადასხვა უნარის ერთობლიობით აკეთებ. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს, თუ შენ გაქვს სურვილი რაღაცა შექმნა და მომხმარებელს შესთავაზო, ეს ის ადგილია, სადაც უნდა სცადო ბედი. არ არის აუცილებელი ციფრული ტექნოლოგიები ავითარო, რა პრობლემებსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით, შესაძლოა იმ პრობლემის გადაჭრა მოგინდეს და შემდეგ, უკვე, მთავარია მომხმარებელს ეს პროდუქტი სწორად მიაწოდო. ეს ის ადგილია, რომელიც ამ შესაძლებლობებს იძლევა.











