in

აი, როგორ მუშაობს ექსპერტ ანალიტიკოს-დეველოპერი და ჩაპტერ ლიდი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს საბა ნატროშვილია, საქართველოს ბანკის ექსპერტ ანალიტიკოს-დეველოპერი და ჩაპტერ ლიდი.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია და საქმიანობა?

საქართველოს ბანკის Agile მოდელში ვმუშაობ Integration & API გუნდში. ჩვენი გუნდის მოვალეობაა, როგორც ბანკის შიდა სისტემებისა და აპლიკაციების ერთმანეთთან დაკავშირება, ისე მათი გარე სისტემებთან ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩემი, როგორც ანალიტიკოს-დეველოპერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ბანკის შიდა და გარე სისტემების განვითარებისთვის არსებული ამოცანების გაანალიზებას, მათ ტექნიკურ ამოცანებად დაყოფას, ამ ამოცანების გადაწყვეტის გზების მოფიქრებასა და მათ შესრულებას. ახალი პროდუქტების, აპლიკაციებისა და სისტემების შექმნასთან ერთად, ჩემი საქმიანობის ნაწილია უკვე არსებული სისტემების მუდმივი განვითარება და მხარდაჭერაც.

როგორც Chapter Lead-ს, მევალება ჩემს „ჩაპტერში“ შემავალ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნვა. ეს, თავისთავად, ჩემს განვითარებასაც განაპირობებს. მარტივად რომ ავხსნათ, ჩაპტერი ეს არის ერთ ტექნოლოგიურ სპექტრზე მომუშავე ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც არ არიან ერთი გუნდის წევრები, არამედ გადანაწილებულები არიან სხვადასხვა გუნდში, მუშაობენ სხვადასხვა პროდუქტის განვითარებაზე, თუმცა სამუშაო ტექნოლოგიები აერთიანებთ.

ჩაპტერის ფარგლებში, ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო სიახლეებს, ტექნიკურ სირთულეებს და მათი გადაჭრის გზებს. ასევე, 2-3-კვირიანი ინტერვალით ვატარებთ შეხვედრებს და თითოეულ შეხვედრაზე ჩაპტერის ერთი წევრი ამზადებს პრეზენტაციას ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლის შესახებ და მომზადებული პრეზენტაციის დახმარებით მთელ ჩაპტერს აცნობს ამ სიახლეს. ამ გზით ვცდილობთ ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნა მიყვებოდეს სფეროში არსებულ ტენდენციებს.

ჩემი, როგორც Chapter Lead-ის საქმიანობის ნაწილია ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესში აქტიური ჩართულობა, გასაუბრებების ჩატარება და ახლად შემოერთებული თანამშრომლების დახმარება გუნდთან ინტეგრაციის პროცესში.

M: ეს მიმართულება როგორ აირჩიე?

ბავშვობიდან მიყვარდა და მაინტერესებდა კომპიუტერთან ურთიერთობა. ასევე კარგად გამომდიოდა მათემატიკა. გადავწყვიტე ჩამებარებინა კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკენეა. ამდენად, ინფორმატიული ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. ჩემ გადაწყვეტილებაზე იმანაც იქონია გავლენა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიებში არსებული ცოდნა არის უნივერსალური. ეს ნიშნავს, რომ ამ ცოდნის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში და მას არ ზღუდავს გეოგრაფიული საზღვრები.

M: მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა შენი პროფესია, ამდროინდელ პოზიციამდე?

უნივერსიტეტის მესამე კურსიდან დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ წამყვან ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიაში. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. შესაბამისად, ჩემს სამომავლო განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სამთვიანი სტაჟირების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ საქმის კეთება ნამდვილად მაინტერესებდა და ამავე კომპანიაში, სრულ განაკვეთზე განვაგრძე მუშაობა. თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, დავაგროვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება, ვიმუშავე დიდ პროექტებზე საინტერესო და გამოცდილ ხალხთან ერთად. ამ პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მინდოდა ახალ და მრავალფეროვან პროექტებზე მემუშავა ახალ გუნდთან ერთად და მიმეღო უფრო მრავალმხრივი გამოცდილება, რის გამოც გადმოვედი საქართველოს ბანკში. აქ არსებულმა გუნდმა ყველანაირად ხელი შემიწყო ინტეგრაციასა და განვითარებაში.

2022 წლის დასაწყისში გავხდი Chapter Lead და მას შემდეგ ვცდილობ ჩემი გამოცდილება და ცოდნა ახალი პროდუქტების შექმნის პარალელურად მოვახმარო სხვების და საკუთარი თავის უფრო მაღალი ტემპებით განვითარებას.

M: რა ფუნქციებთანაა დაკავშირებული, შენი, როგორც ანალიტიკოს დეველოპერის ყოველდღიური საქმიანობა?

ჩვენი, როგორც Agile გუნდის ყოველი დღე იწყება ნახევარსაათიანი შეხვედრით, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ვუზიარებთ იმ ტექნიკური საკითხების სტატუსს, რომელზეც ვმუშაობთ და რომელზე მუშაობასაც ვგეგმავთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი არის Integration & API გუნდი, დღის განმავლობაში კომუნიკაცია მაქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულების ცოდნის, გამოცდილების და კომპეტენციის ადამიანთან. ეს კომუნიკაცია მყარდება როგორც ახალი ფუნქციონალის ჩამოყალიბების და განვითარების, ისე არსებული ფუნქციონალის გაუმჯობესებისა და მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

ჩემი და სხვა გუნდის წევრებთან კომუნიკაცია აუცილებელია ჩემი, როგორც ანალიტიკოსის მოვალეობის შესასრულებლად. კომუნიკაცია და უკუკავშირი არის Agile მოდელის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ტექნიკური გადაწყვეტილებები მუდმივად თანხვედრაში იყოს ბიზნესის მხრიდან არსებულ მოთხოვნებთან. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენი ტექნიკური გადაწყვეტილებები და პროდუქტები პირდაპირ უნდა პასუხობდეს მომხმარებელთა მოთხოვნებს. რაც შეეხება ჩემი პოზიციის მეორე ნაწილს – „დეველოპერს“, ეს გულისხმობს ჩვენ მიერ დასახული ამოცანების მაქსიმალურად ეფექტური, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფით გადაწყვეტას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ისეთი კოდის დაწერა, რომელიც ტექნიკურად შეესაბამება თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში არსებულ სტანდარტებს და წყვეტს ჩვენს მიერ დასმულ ბიზნეს ამოცანებს.

M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?

ჩემი აზრით, ამ პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია ტექნიკური და სისტემური აზროვნება. აუცილებელია ანალიტიკური უნარები, რადგან საშუალო სამუშაო დღის დაახლოებით ნახევარი არსებული პრობლემებისთვის ტექნიკური გადაწყვეტილებების მოფიქრებას და ამ გადაწყვეტილებების უპირატესობებისა და შესაძლო სისუსტეების გაანალიზებას მოიცავს. ასევე, სასურველია რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი, რადგან დღის განმავლობაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც ძალიან მოკლე მონაკვეთში შეიძლება მოგიწიოს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რამდენიმე სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. თუმცა ყველა ეს უნარი შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს, თუ ადამიანს არ გააჩნია გუნდური აზროვნება და გუნდურად მუშაობის უნარი, რადგან საქართველოს ბანკის მასშტაბის კომპანიაში არსებული ამოცანები შეუძლებელია გადაჭრას მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ამისთვის საჭიროა მრავალი სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანისგან შემდგარი გუნდის ერთიანი მუშაობა.

ასევე აუცილებელია მუდმივი განვითარების სურვილი და შრომისმოყვარეობა, რადგან  21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და თუ ჩვენს სფეროში დასაქმებული ადამიანი არ მიყვება ამ ცვლილებების ტენდენციას, მაშინ ის რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად რეგრესირებს.

M: რა სირთულე ახლავს შენს სპეციალობას?

ჩემი სპეციალობა ძალიან მომთხოვნია. ის მოიცავს საკმაოდ კომპლექსური ამოცანების გადაჭრისთვის ეფექტური გზების მოძიებასა და მათ შესრულებას. ამ საქმეს თან ახლავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან ჩვენ მიერ შესრულებული საქმე პირდაპირ აისახება იმ უამრავი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებიც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ერთგვარი გამოწვევაცაა, რომელიც პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

M: როგორ შეიცვალა შენი საქმიანობა პანდემიის განმავლობაში?

პანდემიამ ჩემს, ისევე როგორც სხვა საქმიანობების უმრავლესობაში, შეამცირა ადამიანური ურთიერთობების რაოდენობა. როგორც აღვნიშნე, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში უდიდესი როლი უჭირავს როგორც ჩემი, ისევე სხვა გუნდების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში ამ ურთიერთობებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს. საბედნიეროდ. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც კვლავ ოფისში ვართ და ყველაფერი უბრუნდება პანდემიამდელ ნორმალურ მდგომარეობას.

M: რით გხიბლავს ეს საქმე, ყველაზე მეტად?

ჩემს საქმეში ყველაზე მეტად მომწონს ის შეგრძნება, რომელიც თან ახლავს მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებულად განხორციელებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თითოეული ამოცანა მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, თითოეული მცირე ამოცანის გადაწყვეტაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. იმის გაანალიზება, რომ შენი შრომის შედეგი ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ ცვლის, დიდი მოტივაციაა. ამასთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება და გაანალიზება, რომ ჩემ გარშემო არსებულ გამოცდილ და საინტერესო ხალხთან ურთიერთობის შედეგად ვვითარდები პიროვნულად და პროფესიულად, ასევე შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვეხმარები სხვებს განვითარებაში.

M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ანალიტიკოს-დეველოპერის პროფესიას?

ამ პროფესიით მუშაობის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება უნივერსალურია და მისი გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ. ანალიტიკოს-დეველოპერებს შეუძლიათ განვითარება მრავალი მიმართულებით. თუ ამ პროფესიის ადამიანს უფრო მეტი ინტერესი აქვს საქმიანობის ანალიტიკური ნაწილის მიმართ, შეუძლია გახდეს Solution Architect (ბიზნესი ანალიტიკოსი), ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი ჭარბობს, შესაძლებელია უფრო მეტად ტექნიკური მიმართულებით განვითარება, მაგალითად IT Architect ან სხვა პოზიციების მიმართულებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი უნარების ქონის შემთხვევაში, შესაძლებელია მენეჯერული განვითარებაც და ამას ხელს უწყობს ისიც, რომ IT სფეროში მომუშავე მენეჯერისთვის ყოველთვის ორმაგად ღირებულია ტექნიკური ცოდნა, რადგან ამ ცოდნის ქონის შემთხვევაში, მენეჯერს შეუძლია უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვიტოს კომპანიაში არსებული პრობლემები და გამოწვევები.

M: რამ შეიძლება დააინტერესოს ამ პროფესიაში ადამიანები, რომლებიც ახლა ირჩევენ სპეციალობას?

21-ე საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მოთხოვნად სფეროს. შესაბამისად, ამ სფეროს წარმომადგენლები მოთხოვნადები არიან როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმოადგენს მუდმივი სიახლეების სფეროს, რაც საინტერესო უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის. ეს პროფესია ავითარებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება და გუნდურობა, რაც არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაშია გამოსადეგი, არამედ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გარდა ამისა, ანალიტიკოს-დეველოპერებს საკმაოდ ხშირ შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა იმუშავონ მათთვის სასურველი გარემოდან და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ბრენდი, რომელიც Apollo 11-თან ერთად გაფრინდა მთვარეზე

Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა