in

აი, როგორ მუშაობს სქრამ მასტერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს დავით ჯერვალიძეა, საქართველოს ბანკის სქრამ მასტერი.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია და საქმიანობა?

საქართველოს ბანკში სქრამ მასტერის პოზიცია მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: პირველი არის გუნდთან/გუნდებთან აქტიური და ყოველდღიური მუშაობა და მეორე – ორგანიზაციის მასშტაბით სქრამის დანერგვის აქტიური ხელშეწყობა.

ჩემი საქმიანობაც სწორედ ამ მიმართულებებს ეხება. ამჟამად, ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების კუთხით მომუშავე ორი გუნდის სქრამ მასტერი ვარ.

M: რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ საქმეში?

ზოგადად, სქრამმა ჩემი ყურადღება რამდენიმე წლის წინ მიიქცია, ისეთი უპირატესობების წყალობით, როგორიცაა: Time to Market-ის შემცირება, ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და რაც მთავარია, აქცენტი ადამიანებზე.

რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი ეჯაილსა და სქრამს, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ჩემთვის. ღირებულებებისა და პრინციპების ნაწილში ისეთებსაც აღმოაჩენთ, რომლებსაც ორგანიზაციაში  უფრო ტრადიციული მიდგომებით მუშაობისას, შესაძლოა, გაუაზრებლად იყენებთ.

შეგქონდეს შენი წვლილი საერთო საქმის კეთებაში, შენი  გუნდის წევრებს უმარტივებდე სამუშაო პროცესს, ლობირებდე ისეთ ღირებულებებს როგორიცაა პატივისცემა, გამბედაობა და გამჭვირვალობა… ეხმარებოდე ადამიანებს და ხედავდე როგორ ვითარდებიან, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად, – ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია ამ საქმეში.

M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა?

ამ პროფესიაში ის მომწონს, რომ ერთნაირი დღეები თითქმის არ არსებობს. ძირითადი ყოველდღიური მოვალეობა სხვადასხვა შეხვედრის ფასილიტაციაა. თუმცა, დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა გუნდის წევრების დახმარებას, მათ ყოველდღიურ საქმიანობასა თუ მომავალ განვითარებას.

სქრამ მასტერი გუნდის და ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა როლს ირგებს. ეს შეიძლება იყოს ფასილიტატორი, ქოუჩი, მენტორი ან თუნდაც, მასწავლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებს ზუსტად ესმოდეთ სქრამი და მისი ღირებულებები. გუნდის გარეთ, იმავეს თქმა შეიძლება ბიზნესის წარმომადგენლებზეც.

ამ ყველაფერთან ერთად, გუნდის წევრების ბედნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ჩვენი მიზანი ეფექტურობის ისეთი ნიშნულის მიღწევაა, რა დროსაც საუკეთესო შედეგი მიიღწევა არა გუნდის წევრების სტრესის და „ოვერთაიმზე“ მუშაობით, არამედ მდგრადი განვითარებით. კროსფუნქციური ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, თავისი  ყოველდღიური საქმიანობისაგან იღებს სიამოვნებას, ვითარდება კვირიდან კვირამდე და ქმნის საუკეთესო პროდუქტს.

M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?

რამდენიმეს გამოყოფა შემიძლია. ესენია კომუნიკაციის, ადვილად ადაპტაციისა და პრობლემების მოგვარების უნარი. მთავარი კი, ალბათ, მაინც მოსმენის უნარია. საუკეთესო გადაწყვეტილებებს სქრამ მასტერი მაშინ იღებს, როდესაც გუნდის წევრებს უსმენს. იცის მათი როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ სთავაზობს გამოსავალს.

ერთია, გქონდეს თეორიული ცოდნა პრაქტიკების, რაც შეიძლება გუნდს გამოადგეს, მეორეა – ზუსტად მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა შესთავაზო. ფაქტია, მეორეს შემთხვევაში გაცილებით უკეთესი შედეგი დგება.

M: რა სირთულე ახლავს Scrum Master-ის საქმიანობას?

სქრამ მასტერს უნდა შეეძლოს საკუთარი „მეს“ უკანა პლანზე გადაწევა. მთავარი გუნდის წარმატება და შედეგია და არა საკუთარი თავის, იდეებისა თუ გადაწყვეტილებების „გაყიდვა“. ე.წ. მსახური ლიდერის Servant Leader-ის ცნებაც სწორედ აქედან მოდის.

მისი მიზანი თვითორგანიზებადი გუნდის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რა დროსაც გუნდი დამოუკიდებლად ახერხებს ყველა დაბრკოლების გადალახვას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სქრამ მასტერი არ არის მენეჯერული პოზიცია. სქრამ გუნდში მენეჯერი-დაქვემდებარებულის ცნება არ არსებობს. ამ პოზიციიდან გამომდინარე, გუნდსა და მის გარეთაც იმხელა ნდობა უნდა გქონდეს, რომ შენს რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. ეს სირთულე ერთგვარი გამოწვევაა და ამ პროფესიას დამატებით ხიბლს სძენს.

M: რა შეცვალა შენს საქმიანობაში პანდემიამ?

პანდემიის დროს, როდესაც სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, მთავარი გამოწვევა გუნდის წევრებთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ამ პერიოდს მომზადებული შევხვდით. ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის, დღის განმავლობაში, დამატებითი შეხვედრების დანიშვნის პრაქტიკამ იდეალურად იმუშავა ჩემი გუნდის შემთხვევაში. ამ არაფორმალურ შეხვედრებზე, ზოგჯერ, მხოლოდ სამსახურის გარეთ თემებზე ვსაუბრობდით და ადამიანური ურთიერთობის დანაკლისს ამით ვივსებდით. იმ პერიოდში, ეს შეხვედრა გუნდის წევრების განწყობებზე დასაკვირვებლად და ეფექტურობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალება იყო.

დღეს, უკვე ჰიბრიდული მოდელით ვმუშაობთ და ოფისიდან მუშაობის ბენეფიტსაც ისევ აქტიურად ვიყენებთ.

M: რა ხელსაწყოებს/პროგრამებს იყენებ?

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, Jira Atlassian-ს, ასევე Confluence, Trello-სა და Miro-ს, კომუნიკაციისათვის კი Slack-ს, Workplace-სა და Zoom-ს.

M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?

სულ უფრო მეტი კომპანია იწყებს ეჯაილისა და სქრამის დანერგვას მის ყოველდღიურობაში. შესაბამისად, სქრამ მასტერებიც ბაზარზე უფრო და უფრო მოთხოვნადები ხდებიან. ზოგადად, ჯერ კიდევ ახალი და ბევრისთვის უცხოა ეს ტერმინი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. თუმცა, იმედი მაქვს, სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ეჯაილით, სქრამი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე პრაქტიკა.

M: როგორ შეიძლება, დავაინტერესოთ ადამიანები, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში უწევთ?

თუ თქვენთვის საინტერესოა ის უნარები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ის გამოწვევები რაც სქრამ მასტერობას ახლავს თან, მაშინ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ამ პროფესიის შესახებ და გახდეთ ადამიანი, რომელიც გუნდის თუ ორგანიზაციულ დონეზე, არის პოზიტიური, ღია და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების სულისჩამდგმელი. ეს კი, საუკეთესო შედეგის მომტანია ნებისმიერ სფეროსა თუ მიმართულებაში.

აჭარაბეთის „დიდი მოგების მოედანის’’ გათამაშებაში უკვე 78 იღბლიანი ადამიანი გამოვლინდა!

Exactpro, საერთაშორისო კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მრავალწლიანი გამოცდილებით