ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე გვესაუბრება. მის ნამუშევრებს შორისაა „გარდენიას“, „თიბისის“, „თბილისი ჰილსისა“ და სხვა პროექტები.
M: რა როლი აქვს ლანდშაფტის არქიტექტორს?
ლანდშაფტის არქიტექტორის როლია დააკავშიროს ერთმანეთთან ბუნება და არქიტექტურა და ამ ორის სინთეზით შექმნას დაცული, მყუდრო გარემო. ეს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ გაჯანსაღებას ემსახურება და მოიცავს ბევრ მიმართულებას, როგორიცაა: ეკოლოგია, დიზაინი, არქიტექტურა, ურბანული გეგმარება, ურბანული გამწვანების განვითარება, მდგრადი განვითარება… ლანდშაფტის არქიტექტურა პასუხისმგებელია ურბანულ დაგეგმარებაზე, პარკების, სკვერების დაპროექტებაზე, ქალაქგეგმარებაში გათვალისწინებულ გამწვანებაზე, სივრცეების სწორად გადანაწილებაზე. ლანდშაფტის დიზაინერი უფრო მეტად ინდივიდუალურ სივრცეებს აგეგმარებს.
ესთეტური მხარის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციური დანიშნულება. არ შეიძლება ყველა სივრცის ერთნაირი დაპროექტება. გასათვალისწინებელია, კონკრეტულად რა დანიშნულებით იქმნება გარემო. განსხვავებული აქცენტებია გასათვალისწინებელი ინდივიდუალურ ეზოში, საზოგადოებრივ პარკში, კორპორაციულ გარემოში, კლინიკის ტერიტორიაზე და სხვა. ერთი და იგივე რამ, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეში განსხვავებულ როლს ითავსებს და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი დაგეგმარებისას. სწორედ აქ ჩანს პროფესიონალის როლი – მოვისმინო საჭიროება, სათანადოდ შევაფასო რესურსები და მოთხოვნისა და რესურსიდან გამომდინარე შევთავაზო დამკვეთს საუკეთესო ვარიანტი.
M: ეს პროფესია როგორ აირჩიეთ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სფერო ლანდშაფტის არქიტექტურაა, ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემმა ოჯახმა პროფესიულ არჩევანში. არქიტექტორების გარემოცვაში გავიზარდე და ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. თუმცა უმაღლესში ჩაბარებისას მოულოდნელად აზრი შევიცვალე და ESM-ში გადავწყვიტე ჩაბარება. ჩემთვის ძალიან რთულ გარემოში მოვხვდი და გამიჭირდა. თითქოს თავადვე გავტანჯე საკუთარი თავი. ბიზნესი, მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ბუღალტერია – არ იყო ეს სფერო საჩემო, მაგრამ რადგან ჩავები, ინერციით მივყვებოდი. მახსოვს, პირველი სემესტრის ბოლოს, გამოცდები რომ დავასრულე, ერთმა შესანიშნავმა ლექტორმა თავისთან მიხმო და გულახდილად მითხრა – ხომ ხვდები, რომ ეს „შენი“ არ არისო… კი-მეთქი, ვუთხარი. მერე, რას ელოდებიო? ეს მომენტი იყო სრული გამოფხიზლება. ESM-დან გამოვედი, თუმცა ეს ერთი წელი დაკარგულად არ მიმაჩნია – სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი ძალების გამოცდა ვისწავლე. ჩავაბარე ლანდშაფტის არქიტექტურაზე და თავი ისე ვიგრძენი, როგორც თევზმა წყალში.
M: თქვენ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც გვიამბეთ…
ძალიან ბევრი ინდივიდუალური ეზოს გარდა, ვიმუშავე ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: სკვერი „მწვანე უბანი ლისთან“, თიბისის ახალი სათავო ოფისის დენდროლოგიური ნაწილი, ვარკეთილის პროექტის გამწვანებაზე „არტ-სტუდიოსთან“ ერთად, „ლისი ტოპოგრაფის“ გამწვანება, გამწვანების პროექტი „აუთლეტ სოფელში“, „მონოლითი“ ჯგუფის გამწვანება, „თბილისი ჰილსის“ პარკი და რეგულარულად ვთანამშრომლობ „გარდენიასთან“.
M: რა უნარებია საჭირო ამ პროფესიაში?
პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია მოსმენის უნარი. ლანდშაფტის არქიტექტორები ვემსახურებით ადამიანების ფანტაზიას, რის შესახებაც შეიძლება თავად არც კი იცოდნენ. ამიტომ მათ გულდასმით უნდა მოუსმინო და გაიგო, რა სჭირდებათ. აუცილებელია შემოქმედებითი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მუდმივად ახლის სწავლის წყურვილი და ბუნების სიყვარული. საჭიროა შეგეძლოს ხატვა, ხაზვა, იცნობდე მცენარეულ საფარს, ფაუნას, ფლორას, ნიადაგს, აგრარულ მიმართულებას. არ ვგულისხმობ, რომ ადამიანმა ყველა მომიჯნავე პროფესია ზედმიწევნით იცოდეს. ჩვენ ვქმნით კონცეფციას, ვაგეგმარებთ, შემდეგ კი საკონსულტაციო ჯგუფთან გავდივართ დენდროლოგებთან, ნიადაგმცოდნეებთან, კონსტრუქტორებთან და ა.შ. ყველა რგოლში კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი მუშაობს, შედეგად, მაღალი დონის პროექტი იქმნება.
M: თქვენი შეფასებით, რამდენად პერსპექტიულია ლანდშაფტის არქიტექტორისა და დიზაინერის პროფესია?
მიმაჩნია, რომ ყველა პროფესია აქტუალური და საჭიროა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შრომობს ადამიანი და რამდენად აინტერესებს საქმე. როდესაც ლანდშაფტის არქიტექტურაზე ჩავაბარე, ჩემი სპეციალობა საერთოდ არ იყო აქტუალური, დამცინოდნენ კიდეც, რომ არავის დასჭირდებოდა ბნელ 90-იანებში ეს პროფესია. თუმცა იმდენად მიყვარდა, რომ პერსპექტივა სრულებით არ მაინტერესებდა. დაწაფებული ვიყავი სიახლეებს. მაშინ არც ინტერნეტი იყო, ამიტომ ძალიან რთული გახლდათ რაიმეს მოძებნა. არც იყო ვინმე, ვისაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა და ამის შესახებ მომიყვებოდა. ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, რადგან მაშინ ბევრს არ ესმოდა, რას ვაკეთებდი. არცაა გასაკვირი – ის დრო იყო, შუქი და წყალი რომ გრაფიკით მოგვეწოდებოდა, ხოლო ჩემი პროფესია ფუფუნების საგანია და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან. თუ ლანდშაფტის არქიტექტორი და დიზაინერი საჭიროა, ე.ი. ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. 20 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს და ყოველწლიურად იგრძნობოდა ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესის ზრდა. ამ დროის განმავლობაში, არ ყოფილა წყვეტა პროფესიაში, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან პერსპექტიული პროფესიაა. ის საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, საზღვარგარეთ კი საკმაოდ ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
M: როგორ მუშაობთ თვითგანვითარებაზე?
ამ საქმის მიმართ მუდმივად მაქვს ინტერესი. თავისუფალ დროსაც კი, როდესაც შემიძლია მსოფლიო ლიტერატურა წავიკითხო ან დავისვენო, ისევ სიახლის ძიებასა და ახალი მიდგომების შესწავლაში ვარ. რეგულარულად ვესწრები საერთაშორისო სემინარებს, პროფესიულ მასტერკლასებს, კონფერენციებს, ვეცნობი სიახლეებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიის ადამიანების შეკრებები, ამის დიდი დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყნებში, სადაც არსებობს პროფესიული კომუნა, შეკრებისას ბევრად სწრაფად ახერხებ განვითარებას, უფრო ობიექტურად აფასებ შენს გამოცდილებას, განვითარების საჭიროებას უწყობ ფეხს და ა.შ.
კომუნის არსებობა აუცილებელია, ამიტომ ამ კუთხით მეც გადავდგი ნაბიჯები და ამ ზაფხულს ჩავატარე ვორქშოპი, როგორიც ევროპაში ამ სფეროსთვისაა დამახასიათებელი. ეს გახლდათ კახეთში და ვუამბე კონკრეტული მაგალითები, თავისი ეტაპებით, პროცესებით, გამოწვევებით, მოლაპარაკებებითა და შედეგებით.
M: რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ლანდშაფტის არქიტექტორისა და დიზაინერის პროფესია აინტერესებთ?
თუკი ლანდშაფტის არქიტექტურა და დიზაინი გაინტერესებთ და ფიქრობთ, აირჩიოთ თუ არა პროფესიად, პირველ რიგში, კარგად უნდა გაითავისოთ, რამდენად გიყვართ ბუნებასთან კავშირი. დააკვირდით, რამდენად მოგწონთ შემოქმედებითი ენერგიის ამ მიმართულებით დახარჯვა. უნდა გიყვარდეთ ადამიანები, რადგან ამ ყველაფერს სწორედ მათთვის ქმნით. ეს გახლავთ დარგი, რომელიც თან ხელოვნებაა და თან საზოგადოებას უნდა მოარგოთ, სადაც ადამიანები კომფორტულად იგრძნობთ თავს. ზოგადად, პროფესიის ასარჩევად 17-18 წლის ასაკი არასათანადო პერიოდია, როცა ძნელია გაიგო, ზუსტად რა გინდა ან რა გამოგდის. არ შეგეშინდეთ, თუ მიხვალთ აზრამდე, რომ ესა თუ ის სპეციალობა თქვენთვის ორგანულ პროფესიას არ წარმოადგენს. თუ ინტერესი მოულოდნელად შეგეცვალათ, არ დაფრთხეთ. პროფესიას უნდა ახლდეს სასიამოვნო დაღლა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი