in

აი, როგორ მუშაობს გრაფიკოსი დიზაინერი და ილუსტრატორი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე თიბისის გრაფიკოსი დიზაინერი და ილუსტრატორი თამუნა კონტრიძე გვიყვება.

M: როგორია შენი როლი სამუშაო პროცესში?

ჩემი, როგორც გრაფიკოს დიზაინერისა და ილუსტრატორის სამუშაო პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი და შემოქმედებითად აქტიურია, ყოველდღიურად სხვადასხვა წვრილ თუ დიდ პროექტზე მიწევს მუშაობა დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს ილუსტრაცია, ტიპოგრაფიკა, ვიზუალური სტილი და ა.შ.

სამუშაო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიულ გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია, სხვადასხვა სირთულის პროექტზე მუშაობისას აუცილებელია გუნდურობა, ამიტომაც ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია მაქვს ბრენდ მენეჯერებთან და ბრენდ ლიდთან. ყოველი კამპანიის, პროექტის იდეას დეტალურად განვიხილავთ. სანამ შექმნის პროცესზე გადავალ, მნიშვნელოვანია ბრიფისა და მთავარი კონცეფციის სწორად გააზრება და დამუშავება, რომ საბოლოოდ ზუსტად განვახორციელო ჩემი, როგორც დიზაინერის მთვარი მისია და შევძლო გამართული და ეფექტური ვიზუალის შექმნა.

M: როგორ გახდი გრაფიკოსი დიზაინერი და რით დაგაინტერესა ამ საქმემ?

ზოგადად, ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა, თავიდან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, სულაც არ ვფიქრობდი, რომ მომავალ პროფესიას ამ ნიჭს დავუკავშირებდი, სხვა ინტერესებიც მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რაღაც ისეთი უნდა ამერჩია, რაც, აუცილებლად ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. საბოლოოდ, გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მულტიმედიის ფაკულტეტზე. ეს ფაკულტეტი დიზაინის ბევრ მიმართუოლებას აერთიანებდა: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია და ა.შ. სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა სხვადასხვა იდეის გამოსახვა პოსტერის, ტიპოგრაფიკის, ილუსტრაციის სახით და გავაცნობიერე, რომ ყველაზე დიდ კმაყოფილებას ზუსტად იმ პროცესისგან ვიღებდი, როცა პატარა დაკვირვებებითა და აღმოჩენებით დიდ იდეამდე მივდიოდი და საბოლოო ჯამში, რაღაც ახალს ვქმნიდი.

M: როგორი კარიერული გზა გაიარე ამ პოზიციამდე?

უნივერსიტეტის პარალელურად, ყოველთვის ვცდილობდი დამეგროვებინა გამოცდილება, საკუთარ თავზე მემუშავა, რადგანაც საწყის ეტაპზე არ მქონდა კომერციული პროექტები, არც ცნობადობა და სანაცნობო წრე, ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად მემუშავა პერსონალურ პროექტებზე, ანუ ჩემივე გამოგონილი პროექტები დამეკვეთა საკუთარი თავისთვის, რომლის ბრენდ მენეჯერიცა და არტ დირექტორიც თავად ვიყავი. უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად ვცდილობდი საკუთარ თავზე მემუშავა, რაც ვფიქრობ, ყველაზე მეტად დამეხმარა საკუთარი ხელწერისა და სტილის პოვნაში. სწავლის პარალელურად, დავიწყე მუშაობა ქართულ ტანსაცმლის ბრენდში “Lacoaj”, სადაც საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე პრინტის მიმართულებით. ნელ-ნელა ფრილანს პროექტებზეც ავმუშავდი, უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა გავხდი თიბისელი და ყველაზე დიდი თავგადასავალიც სწორედ აქედან დაიწყო…

M: რა გამოარჩევს პროფესიონალ გრაფიკოს დიზაინერს?

საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხელწერა, ყველა პროექტს უნდა ეტყობოდეს შენი უნიკალური სტილი. გარდა პროგრამების ტექნიკური ცოდნისა აუცილებელია დიზაინერს ჰქონდეს კარგი ინტუიცია, დიზაინის მთავარი კომპონენეტების – კომპოზიციის, სივრცის, ფერის შეგრძნება, გემოვნება, საკუთარი სტილი გააჩნდეს… ნამუშევარს ყოველთვის ეტყობა პროფესიონალური დამოკიდებულება, ფიქრის პროცესი, რეალურად შიდა „სამზარეულო“ აირეკლება საბოლოოო შედეგზეც, იყო კარგი დიზაინერი არ ნიშნავს მხოლოდ გამართულ ტექნიკურ ცოდნას, აუცილებელია და უფრო მნიშვნელოვანიც არის შეგრძნება და ემოცია.

M: რა უნარები სჭირდება კარგ გრაფიკოს დიზაინერს?

ცნობისმოყვარეობა – ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი უნარია, რომელიც, ყველაზე მეტად გეხმარება, რომ შემოქმედებითი ხედვის სპექტრი მაქსიმალურად გახსნა, ენერგიის წყაროც არის, იმისთვის, რომ ყოველთვის გქონდეს სურვილი და მონდომება აკეთო საყვარელი საქმე.

საქმისადმი თავგანწირვა – უხეშად ჟღერს, რა თქმა უნდა, ბალანსი მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითად არ გადაიწვა. თუმცა აქ უფრო ვგულისხმობ, იმას, რომ დაწყებული საქმე შენი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის, თუ საჭიროა ორმაგი რესურსიც ჩადო და თუნდაც იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე მოგეთხოვება. ეს ბევრ სხვა უნარსაც გაგივითარებს – უფრო თავდაჯერებული, მტკიცე და მიზანდასახული გახდები.

დისციპლინა – როცა გრაფიკოსი დიზაინერი ხარ ბევრი სხვადასხვა შინაარსის, სპეციფიკისა და სირთულის პროექტზე გიწევს მუშაობა. რამდენადაც საინტერესო და სასიამოვნო არუნდა იყოს პროცესი, გარკვეული ტიპის სტრესი მაინც თან ახლავს. იმისთვის, რომ ბალანსი შეინარჩუნო, თანმიმდევრული იყო მუშაობის პროცესში, აუცილებელია გამოიმუშავო პირადი დისციპლინა, მაგალითად ძილის რეჟიმი, ყოველდღიური დასვენების რიტუალები, პრიორიტეტული დავალებების ბოლომდე შესრულება, საქმის არგადადება, დედლაინების დაცვა და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარების ქონა, რაც საჭიროა დამკვეთთანაც და ზოგადად, როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდური მუშაობის დროს.

M: როგორ ახერხებ თვითგანვითარებას და რა გზებს მიმართავ შთაგონების საძიებლად?

როგორც ზემოთ ვახსენე, თვითგანვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალურ პროექტებზე მუშაობა. უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით სწორედ ამ დროს ვარ სავსე, ეს თვისება მეხმარება, რომ მუდმივად ტონუსში ვიყო და სხვადასხვა სირთულის რეალურ პროექტს მარტივად გავუმკლავდე. ასევე აღმოჩენების კარგი წყაროც არის, მაგალითად ბოლოს პირადი ბრენდის კონცეფცია და ლოგოტიპი შევქმენი, რომლის ბრენდინგზეც აქტიურად ვმუშაობ თავისუფალ დროს. შთაგონების ყველაზე დიდი წყარო ჩემსავე გონებაში შექმნილი ბიბლიოთეკაა, საყვარელი არტისტების ნამუშევრების თვალიერება, ან უბრალოდ საინტერესო საგნების, ფორმების აღმოჩენა იმ გარემოში, სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, მუდბორდების შექმნა. ასევე, იდეების მოფიქრების ერთ-ერთი საყვარელი ხერხია ასოციაციის პრინციპით ფურცელზე ჩამოწერო ყველაფერი, რაც კონკრეტულ თემაზე ფიქრის დროს გაგიელვებს. მოკლედ შთაგონების წყარო ყველგანაა, შენ თვითონ უნდა ავარჯიშო გონება ისე, რომ დანახვა შეძლო.

M: რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?

ვფიქრობ, რთული პროცესია საკუთარი თავის დამკვიდრება, განსაკუთრებით, როცა დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ და ნაკლები პრაქტიკული გამოცდილება გაქვს. ასევე რთულია დამკვეთებთან კომუნიკაციაც, თავიდან ბევრად უფრო მოწყვლადი ხარ და შეიძლება მარტივად დაისტრესო პატარა დეტალებზეც. თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ყველა გრაფიკოს დიზაინერმა გაიარე ეს გზა, მონდომებითა და მიზანდასახულობით ყველა სირთულე გადალახვადია! ასევე, რაღაც პროექტები შეიძლება ისეთი არ გამოვიდეს, როგორც გინდოდა ან დამკვეთთან კომუნიკაცია ვერ შედგეს. ამ პატარა „წარუმატებლობების“ გამო უკან არ უნდა დაიხიო, Big Picture-ს თუ შევხედავთ, სწორედ ეს სირთულეები გზრდის.

M: შენს გამორჩეულ პროექტებზე გვიამბე…

ყველა პატარა თუ დიდი, პერსონალური თუ კომერციული პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილების ნაწილია, ამ წლის ერთ-ერთი ბოლო ყველაზე საყვარელი და საინტერესო პროექტია თიბისისთვის შექმნილი სარვამარტო ყოჩივარდების ილუსტრაცია და ტიპოგრაფია – წინა წლის საპასუხისმგებლო პროექტი იყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი –  რომლის ვიზუალურ სტილზე ვიმუშავე და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. ყველაზე გუნდური პროექტი – hi app – თიბისის ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის –  წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოებისთვის შექმნილი ტიპოგრაფიკა – „ერთად ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ვართ“ – ასევე, პერსონალური პროექტებიდანაც გამოვარჩევ ჩემი ძაღლის ინსპირაციით შექმნილ ბრენდს – მოკლედ ყველა პროექტიდან რაღაც ახალს ვსწავლობ.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც მიზნად ისახავს პროფესიონალი გრაფიკოსი დიზაინერი გახდეს?

ვურჩევ,  იყვნენ თამამები, არ შეზღუდონ წარმოსახვის უნარი, ენდონ საკუთარ ინტუიციას, ყოველთვის გაანახლონ შემოქმედებითი ენერგიები და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომ განვითარდენენ და მეტი გამოცდილება დააგროვონ.

ლიბერთის განცხადება საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით

შფოთვა, შური, მოწყენილობა და უხერხულობა — Inside Out 2-ის ახალი პერსონაჟები