ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე მონოლით ჯგუფის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამუნა როსტიაშვილი გვესაუბრება.
M: როგორია შენი, როგორც მარკეტერის მთავარი როლი?
დღეს, მარკეტინგს, ზოგადად დიდი როლი აქვს ნებისმიერი კომპანიისთვის. მარკეტერის მთავარი როლი არის განსაზღვროს სწორი სტრატეგია და შემდეგ, მისი იმპლემენტაცია მოახდინოს. ამისთვის მნოშვნელოვანია მომხმარებლის კარგად შესწავლა, ანალიტიკის წარმოება, სწორი ხედვა და განსხვავებული, არასტანდარტული მიდგომა. ეს არის ის, რასაც მე ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ ხოლმე.
M: ეს პროფესია როგორ აირჩიე, რა მოგეწონა, რამ შთაგაგონა?
ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ძირითად მიმართულებად ბიზნეს ადმინისტრირება მქონდა არჩეული, სადაც ერთ-ერთი მოდული იყო მარკეტინგი, სწორედ მაქედან დაიწყო ჩემი ინტერესი ამ პროფესიისადმი, თუმცა რა თქმა უნდა, დიდ როლი ითამაშა თვითონ რეალურ ცხოვრებაში, კომპანიებში დანახულმა პროცესებმა და შედეგმა, რომელიც მარკეტერის საქმიანობას მოყვება.
M: მიმოვიხილოთ შენი კარიერული გზა…
ჩემი კარიერული გზა 15 წლის წინ დაიწყო მარკეტინგის მიმართულებას რომ მივყვეთ, პირველი კომპანია, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება კომპანია „ელიტ ელექტრონიქსია“, სადაც მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 4 წელი ვიმუშავე. საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო პერიოდი იყო გამოცდილების დაგროვების კუთხით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიაში მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს შემდგომ განვითარებაში.
„ელიტ ელექტრონიქსიდან“ კომპანია „ალტაოქეის“ მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე გადავინაცვლე, სადაც ასევე საინტერესო გამოწვევებით სავსე ოთხი წელი გავატარე. ამ პერიოდს დაემთხვა, ალტასა და ოქეის გაერთიანება და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების წარმატებით გადაჭრა. შემდეგი კარიერული საფეხური უკვე ბიბლუსი ჯგუფის არა მარტო მარკეტინგის არამედ ასევე გაყიდვების დირექტორის პოზიციის დაკავება გახლდათ. ჯგუფი აეთიანებს მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს, პეპელას, XS სათამაშოებს, კაფეების ქსელ პიატოსა და მრავალბრენდულ სივრცე მულტის.
პარალელურად, ამ წლებში დავაფუძნე და წარმატებით ვანვითარებ კომპანია Black Bird-ს, რომელიც კლიენტებს უწევს მენეჯმენტ კონსალტინგსა და მარკეტინგულ მომსახურებას.
ბოლო ერთი წელია სამშენებლო სექტორში გადავინაცვლე, კომპანია მონოლით ჯგუფში, სადაც ასევე მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებებს ვხელმძღვანელობ. ეს სექტორი ჩემთვის ახალი იყო, შესაბამისად, დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე მასში და გრძელვადიანი გეგმებით ვრჩები.
M: რა უნარები სჭირდება კარგ მარკეტერს?
ფართო სურათის დანახვისა და შემდეგ, დეტალებად და პროცესებად ჩაშლის უნარი, ანალიტიკური აზროვნება და განსხვავებული, არაშაბლონური აზროვნება – ეს არის ის უნარები რაც კარგ მარკეტერს სჭირდება.
M: რა გეხმარება პროფესიულ განვითარებაში?
ნებისმიერი საკითხი, რომელი დღეს პირველად გადავწყვიტე, არის ის, რაც პროფესიულ განვითარებაში მეხმარება.
M: როგორია მცდარი შეხედულებები და სტერეოტიპები, ამ საქმესთან დაკავშირებით, რასაც შეხვედრიხარ?
ზოგადად, მარკეტინგის როლს ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, მხოლოდ რეკლამას უკავშირებენ და ავტომატურად გამოდის მარკეტერი = „გამრეკლამებელი “. საბედნიეროდ კომპანიებში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, ვიდრე ვთქვათ 15 წლის წინ იყო, თუმცა დღესაც გარკვეულწილად მაინც არის.
M: რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას და მარკეტერობაზე ფიქრობენ?
მთლიანობაში, ნებისმიერი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ფიქრი, საქმიანობის სწორად გააზრება, სწორად დანახვა. მარკეტერობაზე ვინც ფიქრობს, უნდა იყოს მზად ბევრი საინტერესო გამოწვევისთვის, არასტანდარტული ფიქრისთვის. ასევე ჩემი რჩევა იქნებოდა რომ ჩარჩოში არ იყოთ და ინტერესი გამოხატოთ სხვადასხვა საკითხებისადმი, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც შემდგომში დაგეხმარებათ თქვენი, როგორც მარკეტერის საქმიანობაში.