in

აი, როგორ მუშაობს ფუდ-ფოტოგრაფი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, გესაუბრებით „ფუდ“ ფოტოგრაფიის, იგივე საკვების ფოტოგრაფიის სპეფიციკაზე. ამ პროფესიას ფოტოგრაფი თეო ბერიძე გაგაცნობთ და გაგიზიარებთ, თავად როგორ უძღვება საქმეს.

M: რას საქმიანობ, როგორც ფუდ-ფოტოგრაფი?  

ჩემი როგორც ფუდ-ფოტოგრაფის მთავარი მიზანია საკვები ვიზუალურად წარმოვაჩინო მიმზიდველად და განსაკუთრებულად მადისაღმძვრელად სხვადასხვა არხებში, როგორიც არის: სარეკლამო ბანერი, სოციალური მედია, კულინარიული წიგნები, ჟურნალები და „ფუდ“ ბლოგები. ეს გულისხმობს სხვადასხვა ფოტოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით სასურველ ვიზუალურ შედეგამდე მისვლას.

ფუდ-ფოტოგრაფები განსაკუთრებით მჭიდრო კომუნუკაციაში ვართ შეფ-მზარეულებთან და პროექტის არტ-დირექტორებთან იმისთვის, რომ შევქმნთ განსაკუთრებული ვიზუალი და მომხმარებლამდე მივიტანოთ ამა თუ იმ კამპანიის სწორი გზავნილი. ფუდ-ფოტოგრაფები ცოტათი კულინარები და ცოტათი კონდიტერებიც ვართ.

M: როგორ მოხვედი ამ საქმიანობამდე?

ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. ბავშვობიდან სულ ობიექტივის უკან ვიდექი, ხან ვიდეოკამერის ხან ფოტოკამერის… უცნაურია, მაგრამ განათლებით ექიმი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. 13 წელი მომსახურების სფეროში ვიყავი სადაზღვევო და საბანკო მიმართულებით. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მიჭირს ხოლმე დაჯერება, რომ ამ კორპორაციული კულტურის ნაწილი ვიყავი.  

ძალიან გამიმართლა და საბოლოოდ, მაინც ვიპოვე ის საქმე, რისთვისაც დავიბადე. დღეს რომ მკითხოთ, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იპოვოს საყვარელი საქმე, რაშიც შეძლებს სრულად გადაეშვას. სანამ ამ პროფესიამდე მივიდოდი, უფრო თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის გაცნობის პროცესით დავიწყე. უცებ, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდ დისკომფორტში ვარ საკუთარ თავთან და პარალელურად, ღრმად ვარ კომფორტის ზონაში.

ძალიან ბევრი სახის ტრენინგი, სემინარი, ონლაინ ლექცია გავიარე იმისთვის, რომ საბოლოოდ მიმხვდარიყავი, რეალურად რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში და ეს აღმოჩნდა ბავშვობის შემდგომ მივიწყებული ფოტოგრაფია.

უშუალოდ ფოტოგრაფიას რაც შეეხება, სამ განსაკუთრებულ ბიძგსა და საყრდენს გამოვყოფდი, რის გამოც, დღეს მაქვს საყვარელი და მთელი ცხოვრების საქმე:

პირველი ეს არის ოჯახი – მოულოდნელად მიტოვებული კარიერის დროს, მათი მუდმივი მხარდაჭერა, გამხნევება და რწმენა, რომ მე ეს შემიძლია. ვფიქრობ, ჩემზე მეტად სჯეროდათ რომ გამომივიდოდა და სჯერათ დღემდე ჩემი შესაძლებლობების, რაც უდიდესია ძალაა ცხოვრებაში.

მეორე ძალა იყო ნაკანი-მამასახლისის ფოტოსკოლა – არასოდეს მომბეზრდება მათთვის მადლობის თქმა, რადგან საბოლოო წერტილი ჩემი პროფესიული ცვლილების გადაწყვეტაში მათ დასვევს.

და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენო ფოტო სტუდია LAAP, სადაც 4 თვის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი. ეს ადგილი ჩემთვის პრაქტიკული ფოტოგრაფიის ჰარვარდი აღმოჩნდა და დღეს უმეტესი რამ, რაც ტექნიკურად ვიცი პრე და პოსტ ფროდაქშენის ნაწილშიც, ამ სტუდიისა და მათი საოცარი ფოტოგრაფების დამსახურებაა.

სწორედ აქ გავიცანი ჩემი მომავალი საქმიანი პარტნიორი, და უკვე ძალიან  ახლო, კარგი მეგობარი უნიჭიერესი ფოტოგრაფი ნათია გოგლიძე და დღეს ერთად გვაქვს ჩვენი ფროდაქშენ კომპანია „ქორთა“, რასაც სამი წლის წინ ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

M: რა სპეციფიკა არის დამახასიათებელი „ფუდ“ ფოტოგრაფიისთვის?

საკმადო ბევრი დეტალია მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოვყოფდი ფუდ-ფოტოგრაფიაში:

განათება: სათანადო განათება და მისი სწორად გამოყენება/განთავსება აუცილებელია საკვების გადაღებისთვის. ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ განათებას, მაგრამ ხელოვნური განათებით და სწორი ცოდნით შესაძლებელია მიიღო ზუსტად იდენტური შედეგი.

კომპოზიცია – ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვების ფოტოგრაფიაში. ვიზუალურად მიმზიდველი და მადისაღმძვრელი  ფოტოების გადასაღებად  მნიშვნელოვანია კომპოზიციაში ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფოტოს ე.წ ჩარჩოები, კუთხეები, სწორი რეკვიზიტები და მათი განლაგება სეტზე. არსებობს კომპოზიციის განლაგების სტანდარტები და ტიპები.

რეკვიზიტები და სტილისტიკა: ისეთი ნივთები, როგორიცაა ჭურჭელი, ხელსახოცები, თეფშები და ინგრედიენტები, შეუძლიათ გააუმჯობესონ საკვების ვიზუალური მხარე. სტილი გულისხმობს ამ ელემენტების დალაგებას ისე, რომ შეავსოს კერძი მისი დაჩრდილვის გარეშე და ასევე არ გვქონდეს კერძთან შეუსაბამო ინგრედიენტები. ასევე, მნიშვნელოვანია ფონი, ფერები, ტექსტურები, ფოკუსი, რედაქტირება/დამუშავება.

მთლიანობაში, საკვების ფოტოგრაფია არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მოითხოვს ძალიან მცირე დეტალებზე ორიენტირებას, მოთმინებას და ექსპერიმენტებს, რათა კერძი ვიზუალურად მიმზიდველი იყოს და ყველაზე მთავარია გააქტიუროს ჩვენი სანერწყვე ჯირკვლები.

M: როგორია სამუშაო პროცესი? 

სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესოა. როდესაც ყველა დეტალი შეთანხმებულია დამკვეთთან და მოდის გადაღების დღე,  პირველი ეტაპი არის სეტის აწყობა, განათების სქემის აწყობა, კომპოზიციის დალაგება, რამდენიმე სატესტო კადრის გადაღება, რომ წინასწარ შევაფასოთ შუქი, რაკურსი და ა.შ.

თუ გვაქვს შესაძლებლობა და გადაღებას ესწრება დამკვეთი, ვცდილობთ ყველა წინასწარ შეთანხმებული კადრი, გადაღების შემდგომ მაინც დავადასტურებინოთ დამკვეთს, მომავალში რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით.

ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს გადასაღები სეტი და გადაღების მთავარი „გმირი“ გამოიყურებოდეს იდეალურად, რომ არ გახდეს საჭირო ღრმა და უხეში პოსტ-ფროდაქშენი.

ეს ბოლო ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების გადაღების დროს, რადგან რაც არ უნდა პროფესიონალურად ფლობდე „ფოტოშოპს“, გადამუშავებულ ფოტოს ეტყობა ყოველთვის, გამოსახულება ემსგავსება ხელოვნურს, ყალბს, საკვების შემთხვევაში პლასტიკატს და თავისთავად, ვერანაირ მადისაღმძვრელობაზე ვერ ვისაუბრებთ.

ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ძალიან ლამაზი ფუდის ფოტო, მაგრამ იყოს უბრალოდ ლამაზი. ფუდ-ფოტოგრაფიის მთავარი მიზანი არ არის სილამაზე, პირველი ამოცანაა მოგშივდეთ, პლასტიკატის ან ლეგოს ბურგერის ყურებისას კი დამეთანხმებით, იშვიათია, რომ ეს მოხდეს.

გადაღების შემდგომ უკვე გადავარჩევთ ფოტოებს, ვუგზავნით დამკვეთს რომ შეარჩიოს კონკრეტული შეთანხმებული რაოდენობა და გამოგვიგზავნოს დასამუშავებლად რომ შეთანხმებულ ვადებში ჩავაბაროთ პროექტი. ჩვენს გადასაღებ მოედანზე ადამიანი იღებს ძალიან დიდი რაოდენობით პოზიტიურ ენერგიას. ეს დამოკიდებულება საქმისადმი იმდენად გადამდებია, რომ საკმაოდ ხშირად ამჩნევენ დამკვეთები, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა.

M: რა უნარებია საჭირო, რომ კარგი ფუდ ფოტოგრაფი იყო?

ჩემი ღრმა რწმენითა და გამოცდილებით ფუდ-ფოტოგრაფი, როგორც მინიმუმ უნდა იყოს ნამდვილი გურმანი ან მოყვარული მზარეული მაინც, რადგან უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვების, კერძის, კონკრეტული ინგრედიენტების ცოდნას, ცოდნას თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ესა თუ ის პროდუქტი უმი, თერმული ან ქიმიური დამუშავების დროს, მოწალული, გაყინული დ.ა.შ.

უნდა იცოდეს რისგან შედგება კერძი, რომ კომპოზიციის აწყობის დროს სეტზე არ ქონდეს კერძისთვის შეუსაბამო ინგრედიენტები ან რეკვიზიტები, რაც ფუდ-ფოტოგრაფიაში ითვლება საკმაოდ დიდ შეცდომად. თუ არ ჩავთვლით რაიმე არასტანდარტულ, ექსპერიმენტულ  და კონცეპტუალურ ფოტო-გადაღებას, სადაც შეიძლება ითქვას, ყველაფერი მოსულა.

ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს სტანდარტული განათების სქემები, ფუდ-ფოტოგრაფიის  პრინციპები და წესები.

წესების დარღვევა ყოველთვის შეგვიძლია. ფოტოგრაფია ხელოვნებაა და ხელოვნებაში ყველაფერი მოსულა, თუ ის ხარისხიანია, თუმცა ვერასოდეს იქნები კარგი ხელოვანი, თუ არ იცი საფუძვლები.

M: გუნდში როლები როგორ გაქვთ განაწილებული?

„ქორთას“ პატარა გუნდში ორი ფოტოგრაფი ვართ. მთავარი ამბავი, რაც ორივეს გვაერთიანებს არის საქმის უდიდესი და თავდავიწყებით სიყვარული, ასევე ის, რომ არ ვართ მკაფიო „სოლო-მოთამაშეები“ და გვიყვარს გუნდურად პროექტების დამუშავება.

ცალ-ცალკე ვმუშაობთ მხოლოდ გადატვირთული კალენდრის დროს, როდესაც რამდენიმე პროექტის თარიღი იკვეთება. უმეტეს შემთხვევაში, დამკვეთთან კომუნიკაციით დაწყებული, კრეატივითა და პროექტის საბოლოო ჩაბარებით დასრულებული, ვმუშაობთ ერთად, მათ შორის, გადასაღებ სეტზე. ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდი ვართ და გვაქვს სრული სინერგია, რაც ისედაც საყვარელ სამუშაო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

M: როგორ უთანხმებთ დამკვეთს პროექტის პირობებს/დეტალებს?

პირველ რიგში, ვუზიარებთ პოტენციურ დამკვეთს ჩვენს პორტფოლიოს, სოც.მედიის გვერდებს, რომ გაეცნონ ჩვენს ნამუშევრებსა და მუშაობის სტილს.

ჩვენი პირველი კომუნიკაცია უფრო ინტერვიუს ჰგავს დამკვეთთან, რადგან ყოველთვის გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა: რა შედეგის მიღება სურს? როგორია ბრენდის სტრატეგია? ფერები? რა აქვთ მთავარი სათქმელი მომხმარებლისთვის? რა არის მათთვის მთავარი  კონკრეტულ ფოტოში? მხოლოდ პროდუქტის ჩვენება სურთ თუ ინტერიერისაც? სიტუაციური ფოტოები თუ მხოლოდ კერძის სთაილინგი? და .ა.შ

როდესაც დავრწმუნდებით და დავარწმუნებთ დამკვეთს, რომ ზუსტად გავიგეთ, რა სურთ, ვამზადებთ მუდ-ბორდს ე.წ ვიზუალურ „დაფას“, სადაც ვცდილობთ მაქსიმალურად დეტალურად ვაჩვენოთ დამკვეთს ჩვენი ხედვა, ზუსტი და კონკრეტული კადრები-რეფერენსები, საჭირო რეკვიზიტები და რესურსები, ვაჩვენებთ შესაძლო ლოკაციებს (თუ თავად არ აქვთ ან განსხვავებულ გარემოს ირჩევენ), ფოტოების რაოდენობიდან და კომპოზიციის სირთულიდან გამომდინარე, ვითვლით და ვაწვდით ინფორმაციას საჭირო რაოდენობის გადასაღებ დღეებზე, საბოლოოდ პროდუქტის ჩაბარების ვადებსა და რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე. როდესაც შეთანხმება შედგება, იგეგმება უკვე უშუალოდ გადაღება.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც ფუდ ფოტოგრაფიის პროფესიულ შესწავლას აპირებს?

პირველ რიგში ვეტყოდი  – „თუ შენს თავში ფოტოგრაფი იპოვე გილოცავ, წინ დიდი თავგადასავალი გელის!“

მზად იყავი თავდაუზოგავი შრომისთვის, განვითარებისთვის!

რაც შეეხება რჩევებს, რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი რაც პირადად მე დამეხმარა ძალიან: 

  • ათვალიერე მუდმივად ბევრი ფოტოგრაფის ნამუშევრები, მხატვრების ნამუშევრები, უყურე საინტერესო ფილმებს სადაც მთავარი აქცენტი არის კადრებზე, მათ დინამიკაზე, ფერზე, შუქ-ჩრდილებზე, იარე ბევრი ბუნებაში, დააკვირდი დეტალებს – ეს მოგცემს დიდ ინსპირაციას, ასე უფრო მარტივად იპოვი შენს სტილს.
  • ეძებე დიდ ფროდაქშენ კომპანიებში სტაჟირების საშუალება და სტაჟირებისას გამოიჩინე ინიციატივა, დასვი კითხვები, არ ითაკილო არანაირი საქმე – დაწყებული სეტის დალაგება/ალაგებიდან ტექნიკის დაშლა-აწყობით დასრულებული, მხოლოდ ესე გაიღრმავებ პაქტიკულ ცოდნას, არავინ ვიბადებით კამერით ხელში.
  • არ თქვა უარი პროექტებზე, დაიწყე პატარ-პატარა გადაღებებით, არ შეუშინდე დაშვებულ შეცდომებს , მზად იყავი იმედგაცრუებებისთვის, ეს გვაძლევს გამოცდილებას და ცოდნას, მოწყდი უტოპიურ მოლოდინს, რომ ყველას მოეწონება შენი ფოტოები, მზად იყავი კრიტიკისთვის, მოისმინე და გაითვალისწინე ის რაც ზრდაში დაგეხმარება
  • აუცილებლად გადაიღე ყოველდღიურად, პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა არის ყველაზე დიდი მასწავლებელი!

 

Adobe-ს ახალი მოდელი ტექსტურ მოთხოვნებს მუსიკად აქცევს

რა ქმნის ეფექტურ დიზაინს? — Ikea-ს შემოქმედებითი დირექტორის მოსაზრება