ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ხატია ლაპიაშვილია, საქართველოს ბანკის UI/UX დიზაინერი.
M: რას მოიცავს შენი, როგორც UI/UX დიზაინერის საქმიანობა?
UI/UX დიზაინერობა, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორ მიმართულებას მოიცავს: UX და UI დიზაინს. აქვე რომ განვმარტოთ, UI (user interface – მომხმარებლის ინტერფეისი) დიზაინი ვებგვერდის ან აპლიკაციის გრაფიკულ განლაგებას წამოადგენს. ის მოიაზრებს ინტერფეისის იმ ელემენტებს, რომელთანაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს, მაგ: ღილაკებს, რომლებსაც ვაკლიკავთ, ფონტებს, სურათებს, ჩასაწერ ველებს და სხვა მრავალს. ასევე, ამ ელემენტების განლაგებას, ანიმაციებს, ინტერაქციებს… UI დიზაინერი ზრუნავს აპლიკაციის ესთეტიკაზე და საერთო ჯამში, აპლიკაციის ინტერფეისის look and feel-ს ქმნის.
UX (User Experience – მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინი კი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მომხმარებლის ურთიერთქმედება აპლიკაციასთან ან ვებგვერდთან. რამდენად მარტივია იმ ამოცანის შესრულება, რისთვისაც პროდუქტს იყენებს. საბოლოო ჯამში, UX დიზაინერის საქმეა განსაზღვროს, რამდენად ადვილი ან რთულია ურთიერთქმედება იმ ინტერფეისთან, რომელსაც UI ელემენტები ქმნიან. ორივე როლის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები შევქმნათ.
Მოკლედ რომ ვთქვათ, UI/UX დიზაინერობა ნიშნავს, გესმოდეს, როგორ შექმნა პროდუქტის ინტერფეისი, რომელიც სწორად იმუშავებს მომხმარებლებისთვის და მათზე ორიენტირებული იქნება. თუ ინტერფეისი იმდენად ფუნქციური იქნება და თან მარტივი, რომ ადამიანი ზედმეტი ფიქრის გარეშე შეეძლება, მიაგნოს ფუნქციას და გამოიყენოს, ე.ი. ამდენი ხნის ფიქრმა და მუშაობამ შედეგი მოიტანა და ჩვენი როლი სწორად შეგვისრულებია.
M: როგორ განვითარდა შენი კარიერა, ამ პოზიციამდე?
უნივერსიტეტში სწავლისას, ეს სფერო უფრო მიზიდავდა, ვიდრე პროგრამირება. თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, ჩემთვის დავიწყე ფოტოშოფში „საიტების ხატვა“ (12 წლის წინ, დიზაინერებს სხვა ალტერნატივა არ გვქონდა). Შემდეგ, იმ დროისთვის ერთ-ერთ ძლიერ ვებკომპანიაში მოვხვდი სტაჟიორად, სადაც ძალიან კარგი მენტორი მყავდა. 8 წლის განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი გავაკეთეთ. 3 წლის წინ, შემოვუერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, სადაც ახალი ხედვები, მიდგომები და მუდმივად საინტერესო გამოწვევები გვაქვს.
მიხარია, რომ ეს გზა ავირჩიე. ყოველთვის მაბედნიერებს ის შეგრძნება, როდესაც ვუყურებ კმაყოფილ მომხმარებელს და ვხვდები, გუნდთან ერთად გაწეული შრომა ნამდვილად ღირებული აღმოჩნდა.
M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა?
დილა იწყება ეჯაილით: გვაქვს 15 წუთიანი შეხვედრები, სადაც მთელი გუნდი ვიკრიბებით და მიმდინარე დღის გეგმებს განვიხილავთ. უშუალოდ მუშაობისას, ძირითადად, დიზაინის შექმნაში გადის დრო. ერთი პროექტის ჭრილში, როგორც ვებვერსიის, ასევე ანდროიდისა და iOS-ის ვერსიებს ვამუშავებ.
გარდა ყოველდღიური ამოცანებისა, გუნდის Product Owner-თან ერთად, პროდუქტის განვითარების შემდეგ ეტაპებს ვგეგმავთ. ასევე, კონცეფციის დონეზე ვამუშავებთ პროტოტიპებს, რომ იდეები ვიზუალურად დავინახოთ. ვატარებთ UX კვლევებს და ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას პროდუქტთან მიმართებაში, რათა გავიგოთ, ჩვენი იდეა მათ საჭიროებებს რამდენად სწორად მოვარგეთ. ამ ყველაფრის დამუშავების შემდეგ, უშუალოდ ინტერფეისების დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა, რასაც ჩვენივე შექმნილი დიზაინ სისტემა საკმაოდ გვიმარტივებს. დიზაინ სისტემა, მარტივად რომ ვთქვათ, ერთიანი სტილის მქონე ელემენტების ნაკრებია. ამ ელემენტებს თავდაპირველად, დიზაინერები ვაწყობთ, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილს. შემდგომში, ხდება მისი დეველოპმენტი დიზაინ სისტემისთვის და საბოლოოდ, სხვადასხვა არხში მრავალჯერადად ვიყენებთ, როგორც უკვე მზა კომპონენტებს.
დიზაინ სისტემის გამოყენებისას, აუცილებელია გესმოდეს, როგორ მუშაობს თითოეული ელემენტი, რა თვისებები და მახასიათებლები აქვს, რომ შემდეგ სწორად მართო ეს ელემენტები და ზუსტად მოარგო კომპონენტი შენს მიმდინარე პროექტებს.
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?
ზოგადად, დიზაინის ხსენებისას, ლამაზად გაფორმებული ვებგვერდები ან აპლიკაციები ახსენდებათ ხოლმე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გესმოდეს – დიზაინში მთავარია არა ის, თუ როგორ გამოიყურება ვებგვერდი ან აპლიკაცია, არამედ – როგორ მუშაობს. კრეატივთან ერთად, მნიშვნელოვანია ანალიზის უნარი – რაღაც დონეზე, უნდა გესმოდეს მომხმარებლის ფსიქოლოგიაც. Შენი ანალიზისა და იდეების სისწორის შესამოწმებლად, უნდა შეგეძლოს UX Flow-სა და პროდუქტის მარტივი პროტოტიპების შექმნა. ასევე, მიღებული უკუკავშირის გათვალისწინება, პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; შემდეგ სრული UI დიზაინის და ინტერაქციული პროტოტიპების შექმნა. მომხმარებლებთან სწორი ვიზუალური კომუნიკაცია უნდა დაამყარო: იქნება ეს ლეიაუთები, ფერები, ტიპოგრაფია, სურათები, აიქონები თუ სხვა.
ეს ყველაფერი კი, დეველოპერებთან და სხვა გუნდის წევრებთან მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. მგონი, ცოტა რთული გზის დახატვა გამომივიდა. სინამდვილეში, მთავარია, გიყვარდეს რასაც აკეთებ, გქონდეს ამ სფეროს ინტერესი და პრაქტიკასთან ერთად, ყველაფერი მიღწევადია.
M: რა სირთულე ახლავს UI/UX დიზაინერის საქმიანობას?
ეს საქმიანობა ინოვაციური სფეროა და მუდმივად ვითარდება. თუ ფიქრობთ, რომ საბაზისო პრინციპების სწავლა საკმარისია, შეიძლება დარჩეთ ერთ ადგილას და უბრალოდ, ვერ გაიზარდოთ. ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ გინდათ, უკეთესი გახდეთ და პროფესიული ზრდა გააგრძელოთ, მუდმივად უნდა იყოთ ჩართული სფეროს სიახლეებში, გამოცადოთ ახალი ინსტრუმენტები, აქტიურად ჩაერთოთ ონლაინ კომუნაში, იფიქროთ სხვა დიზაინერებთან ერთად, გაითვალისწინოთ უკუკავშირი თქვენს დიზაინზე და ა.შ.
M: რა ხელსაწყოებს/პროგრამებს იყენებ?
UI-ის ასაწყობად, Სხვადასხვა პროგრამების გამოცდის შემდეგ, საბოლოოდ, Figma-ზე გადმოვბარგდით. ძირითადად, ამ პლატფორმაზე ვმუშაობთ, რადგან დიზაინი, პროტოტიპები, ვერსიების მართვა, კოლაბორაციის საშუალება და სხვა ბევრი სასარგებლო ხელსაწყოები ერთიან სივრცეში აქვთ მოქცეული. ზოგიერთი პროექტისთვის Zeplin, XD, Sketch და Abstract-ს ვიყენებ. Wireframe-სა და პროტოტიპებისთვის – ადვილი გამოსაყენებელია, Marvel, Framer. გუნდში აქტიურად ვიყენებთ Slack-ს კომუნიკაციისთვის, ასევე miro-ს – ვიზუალური კოლაბორაციისთვის. საქართველოს ბანკში, მოგეხსენებათ, ეჯაილის პრინციპით ვმუშაობთ, და გუნდის სინქრონიზაციისთვის Jira-ს ვიყენებთ. პანდემიისგან გამომდინარე, Zoom-ის გამოყენებაც აუცილებლობად იქცა.
M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ყოველდღიურად ახალი ხედვები და მიმართულებები ჩნდება. UI/UX ყველგანაა, ფიზიკური ინსტრუმენტიდან დაწყებული – ვირტუალური რეალობით დამთავრებული. ტექნოლოგიები კი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დღითიდღე უფრო მეტ წილს იკავებს. პანდემიამაც დააჩქარა ეს პროცესი. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა. ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება სფეროს აქტუალობასა და მის პერსპექტივაზე.
M: რა არის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი?
პირადად ჩემთვის, ეს პროფესია მომხიბვლელი თავისი მრავალფეროვნებით გახდა. მგონია, რუტინა ყველასთვის მომაბეზრებელია, როცა ერთსა და იმავეს მრავალჯერ აკეთებ. აქ კი, ყველაფერი პირიქითაა: სხვადასხვა პროექტის კეთებისას, ბევრ საინტერესო სფეროსთან გიწევს შეხება. ყოველთვის ეძებ ახალს, არ უშინდები ექსპერიმენტებს, სწავლობ შეცდომებით, იღებ შენიშვნებს, აკვირდები სხვების ხედვას, ამატებ შენსას და იღებ შედეგს, რომლის მთავარი მიზანია, იყოს ფუნქციური, მოსახერხებელი, ინტუიტური და ორი სიტყვით: „გაამარტივოს ცხოვრება“.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი ისიცაა, რომ ოფისის გარდა, შეგიძლია, ერთ დღეს სახლიდან იმუშაო, მეორე დღეს კი – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკეთო შენი საქმე;
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიზაინერის პროფესია სააშუალებას იძლევა, იმუშაო ფრილანსერად, ჩაერთო სტარტაპებში და მიიღო კიდევ უფრო მეტი გამოწვევა
როცა ადამიანი პროფესიას ირჩევს, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამომავლოდ შრომა და შემოსავლის მიღებაა. ხოლო, როცა საქმე საინტერესო, მიმზიდველი, მოთხოვნადი და ამავდროულად სარგებლიანიცაა, მემგონი ყველა დამეთანხმება, რომ რთული არ იქნება გადაწყვეტილების მიღება. მთავარია, ინტერესი და მონდომება.