ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს გიორგი მარგიანია, საქართველოს ბანკის უფროსი ანალიტიკოს-დეველოპერი.
M: რას მოიცავს შენი პოზიცია და საქმიანობა Senior Analyst-Developer (უფროსი ანალიტიკოს-დეველოპერი)?
Senior Analyst-Developer-ის საქმიანობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკა, მათი შესრულება – ანუ პროგრამირება/კოდის წერა, ახალი ტექნოლოგიების მოძიება/იმპლემენტაცია და სხვა დეველოპერების დახმარება. ამას გარდა, აუცილებელია სხვა დეველოპერების code review (კოდის გადახედვა/შემოწმება), რომ პროექტი სტაბილურად განვითარდეს და მოსახერხებელი იყოს, როგორც დეველოპერებისთვის, ასევე, მომხმარებელებისთვის.

M: ეს საქმიანობა რატომ აირჩიე?
ბავშვობიდან მიზიდავდა ძნელი, თითქოს ამოუხსნელი, თუმცა ლოგიკური ამოცანები. სულ მეგონა, რომ ყველაფრის ამოხსნა შეიძლებოდა, მთავარი სწორი გზის მოძებნა იყო. ამ გზების მონახვა კი, უდიდეს სიამოვნებას/სიხარულს მანიჭებდა. მართალია, „ამოცანები“ მხოლოდ მათემატიკაში არ არის, მაგრამ ბუნებრივად ისე მოხდა, რომ სულ მქონდა შეხება მათემატიკურ ოლიმპიადებთან, ტურნირებსა თუ მსგავს ღონისძიებებთან. მე-6 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთ-ერთი ასეთი ოლიმპიადა ჩაატარა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა „მზიური“. შემდეგ, შედეგების მიხედვით, მოსწავლეების ჯგუფი დაკომპლექტდა. ამ ჯგუფის წევრებს „მზიურმა“ შემოგვთავაზა პროგრამირებისა და მათემატიკის შესწავლა, საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა, ზოგადად, სფეროში გარკვევა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობა.
ეს ჩემი პირველი შეხება იყო პროგრამირებასთან. შემდეგ, მქონდა რამდენიმე წლიანი პაუზა, პროგრამირების მხრივ. ჩემმა ინტერესებმა სპორტისა და სხვა სფეროების შესწავლისკენ გადაინაცვლა – საქართველოს უმაღლესი სარაგბო ჩემპიონატისა და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე გახლდით. 2010 წელს, ჩავაბარე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში (ESM). პირველი კურსის დახურვის შემდგომ, მეორე ფაკულტეტად პროგრამირება ავირჩიე და კვლავ აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში. მივხვდი, ეს ის საქმიანობაა, რომლისთვისაც დროის დახარჯვა უფრო და უფრო მომწონდა; აქ სირთულე – არა ცუდთან, არამედ კარგთან: უფრო მეტის ძიებასთან, ცდასთან და სწავლასთან იყო ასოცირებული. მართალია, თითქოს რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდი. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის პასუხი ნათელი იყო: ეს საქმიანობა მომცემდა საშუალებას ინტრესით მესწავლა, გავზრდილიყავი და მეკეთებინა საქმე, რომელიც ამავდროულად, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური იქნებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ დასაქმების ბაზარზე მარტივად ჩანდა, რამდენად დიდი იყო მოთხოვნა ამ პროფესიის სპეციალისტებზე. ბევრი აღარც მიფიქრია, ESM-ის მეორე კურსიდან MACS-ის (School of Mathematics and Science) პირველ კურსზე გადავედი და პროგრამირების უფრო საფუძვლიანი შესწავლა განვაგრძე.
M: როგორ მიხვედი ამ პოზიციამდე?
მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საქართველოს ბანკის პროექტის შესახებ გავიგე. ეძებდნენ პროგრამირებით დაინტერესებულ სტუდენტებს, ვისაც საკუთარი მომავალიც სწორედ ამ საქმიანობისთვის სურდათ დაეკავშირებინათ. იყო 1 წლიანი (2 ეტაპიანი) სტაჟირების პროგრამა, სადაც გვასწავლიდნენ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ მაგალითებზე. იქნებოდა ეს მონაცემთა ბაზები, პროგრამირების ენები თუ ფიზიკური მოწყობილობები. ყველაფერს ისეთი ადამიანი გვასწავლიდა, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა, როგორც Hardware-თან და Sowtware-თან, ასევე საქართველოს ბანკის მილიონზე მეტ მომხმარებელთან. ეს, თავის მხრივ, უდიდესი შესაძლებლობაა ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანების გვერდით, ვისი მთავარი ღირებულებებიც ჩემსას დიდწილად ემთხვეოდა, ვისთვისაც პრიორიტეტი გუნდური მუშაობაა და ვინც პრობლემის ამოხსნაზე ხარჯავს რესურს. Junior-დან Senior Analyst-Developer-მდე იყო ამ ხალხთან ერთად გავლილი საინტერესო, სიახლეებით სავსე და გამოცდილების მომტანი წლები, მცირე და დიდი პროექტები, პროგრამირების ენები, საერთაშორისო კონფერენციებზე ვიზიტები და შემდეგ mBank – აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიურად, უამრავ ადამიანს უადვილებს სხვადასხვა ფინანსური (და სხვა) ოპერაციის შესრულებას, დაგეგმვასა და ანალიტიკას.
M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა?
სამუშაო დღე ყოველთვის გუნდთან შეხვედრით, წინა დღის მიმოხილვითა და მიმდინარე დღის დაგეგმვით იწყება. თუმცა, ყოველდღიურად, სხვადასხვანაირად გრძელდება. რა თქმა უნდა, საერთო დროის დიდი ნაწილი კოდის წერას ეთმობა, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილად იყოფა: არსებული კოდის maintenance, bug-ების ანალიტიკა და მათი აღმოფხვრა, ახალი ფუნქციონალის დამატება, ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია… უშუალოდ პროგრამირების გარდა, ჩემი პოზიცია სხვა რამდენიმე საქმიანობასაც მოიცავს: ბიზნეს პროცესების ანალიტიკა, ვენდორებთან შეხვედრა და მათი პროექტების განხილვა, კოდის ზრდასთან ერთად, არქიტექტურის დაგეგმვა/იმპლემენტაცია, გუნდის ახალი წევრებისთვის არსებული პროექტების გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში, მათი დახმარება და code review, UI/UX დიზაინერებთან მუშაობა, მომავალი პრეოქტების/ფუნქციონალის დაგეგმვა…
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?
ალბათ, ახლაც ბევრი თვლის, რომ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ე.წ. „მათემატიკური ტვინია“ საჭირო. არადა, შეიძლება გაგიკვირდეთ და მყავს თანამშრომლები, კოლეგები, რომლებიც განათლებით და/ან პროფესიით იყვნენ მასწავლებლები, ექიმები, ფინანსისტები, სპორტსმენები… მთავარი, ალბათ, ინტერესია და მისი არსებობის შემთხვევაში, ეს პროფესია უკვე იქცა სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის ადამიანების თვითრეალიზაციისა და საინტერესო ცხოვრების საშუალებად.
M: რა სირთულე ახლავს ანალიტიკოს-დეველოპერობას?
ამ პოზიციას თავისი სირთულეები ნამდვილად აქვს. ერთი დღის განმავლობაში შეიძლება საჭირო იყოს არამხოლოდ სხვადასხვა პროექტში გადართვა, რაც ადვილი არ არის, არამედ, სხვადასხვა პროცესებში ჩართვაც. ეს შეიძლება იყოს პროგრამირება, დაგეგმვა, შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან და შემდეგ, ამ ყველაფრის გუნდში გადმოტანა…
M: რა შეცვალა შენს საქმეში პანდემიამ?
როგორც იცით, 2018 წლიდან, საქართველოს ბანკმა ეჯაილ მოდელზე გადასვლა დაიწყო. სხვა გუნდებთან და ერთმანეთთან კავშირი, სამუშაო ოთახის გარდა, შიდა სოციალური ქსელებისა და შეხვედრების სახით უკვე გვქონდა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ონლაინ სივრცეში შედარებით მარტივად გადაინაცვლა. ეპიდსიტუაციისა და რეგულაციების შესაბამისად, იყო და არის პერიოდები, განსაკუთრებით ახალი, მნიშვნელოვანი მოდულების იმპლემენტაციისას, როდესაც გუნდი ოფისში ვიკრიბებით და იქიდან ვმუშაობთ. თუმცა, ძირითადად, ჩვენმა საქმიანობამ ონლაინ გადაინაცვლა. მეტწილად, ცვლილება მაინც გუნდის წევრებთან კონტაქტსა და სამუშაო გარემოში აისახა.
M: რა ხელსაწყოებს/პროგრამებს იყენებ?
დღევანდელი ჩემი ძირითადი სამუშაო პროგრამაა Android Studio, რომლის საშუალებითაც შეიქმნა და ვითარდება mBank. გარდა ამისა, პოზიციიდან გამომდინარე, ბევრ სხვა საქმიანობის ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. შესაბამისად, ვეხები სხვადასხვა პროგრამასა და პლატფორმას: დიზაინერებთან დიზაინის გასაცვლელად, პროექტების დასაგეგმად, ფაილების გასაგზავნად და სხვა (jira, git, zepplin, slack…). ეს პროგრამები და პლატფორმები დინამიკურად განიცდის ცვლილებებს. მთავარია, როგორც გუნდს შიგნით, ისე სხვა გუნდებს შორის, ადვილად და ეფექტიანად შევძლოთ ინფორმაციის გაცვლა და საქმის კეთება.
M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
დღევანდელი გადმოსახედით, ადამიანების ცხოვრებაში ყოველდღიურად იზრდება ტექნოლოგიური და ვირტუალური ცხოვრების წილი. მიზეზი ბევრია: სხვადასხვა დავალების გაადვილება, დროის დაზოგვა, შემეცნება, გამოთვლები, გართობა, ინფორმაციის გაცვლა/შენახვა/დამუშავება… ტენდეციები თუ ასე გაგრძელდა, ამ პროფესიის პერსპექტივას, კარგის გარდა, არაფერი „ემუქრება“.
M: რა არის ამ პროფესიის მთელი ხიბლი?
ალბათ, ბევრი მიზეზია, რატომ შეიძლება მოგწონდეს ეს პროფესია. მის ყოველ წარმომადგენელს, თავისი ისტორია ექნება მოსაყოლი, რით დაინტერესდა და მოიხიბლა. ამ პროფესიასთან შეხება რომ არ მქონდეს, ჩემს დაინტერესებას ალბათ რამდენიმე გზით შეძლებდნენ. ეს სფერო საშუალებას იძლევა, როგორც მცირე აუდიტორიას, ისე მილიონობით ადამიანს უფრო საინტერესო, ეფექტური, ან თუნდაც მარტივი გამოსავალი შესთავაზო. ასევე, აშკარაა, რომ მოთხოვნადი პროფესიაა და ყოველდღიურად იზრდება ამ სფეროს მთლიანი ეკონომიკა. შესაბამისად, ანაზღაურება შედარებით მაღალია. და რა თქმა უნდა, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი. მათ გარეშე, ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ეს სფერო კი ამ ყველაფრის ეპიცენტრში ყოფნის საშუალებას აძლევს ადამიანს.












