in

აი, როგორ მუშაობს PR მენეჯერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, PR მენეჯერის საქმიანობას გაგაცნობთ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ PR განყოფილების ხელმძღვანელთან, ქეთევან მაღალაშვილთან ერთად.

M: რას საქმიანობს PR მენეჯერი

საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი გეგმავს და ახორციელებს კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიას, ზრუნავს კომპანიის იმიჯზე, რეპუტაციაზე, მართავს კომუნიკაციის პროცესს მომხმარებელსა და კომპანიას შორის, კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის. ზოგადად, PR-ს მე ვუყურებ, როგორც ერთ-ერთ ძირითად როლს ინფორმაციის გაცვლის პროცესში, რომ როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიას სწორი აღქმა ჩამოუყალიბდეს ბრენდზე და ესმოდეს მისი ხმა. 

M: რა არის მისი უმთავრესი როლი ორგანიზაციაში

თუ ვსაუბრობთ შიდა კომუნიკაციაზე, ეს გულისხმობს ეფექტურ კომუნიკაციას გუნდებს შორის საერთო მიზნების მისაღწევად. კომუნიკაციის ეფექტურობა ორგანიზაციაში ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ გუნდებმა გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება, მარცხი თუ წარმატება და მიიღონ კომპანიაში დანერგილი ინოვაცია. გარდა შიდა კომუნიკაციისა, მენეჯერის მთავარი როლი არის საზოგადოებაში ბრენდის იმიჯის შექმნა, ამ ბრენდის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება, გახსნილობის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ საბოლოოდ კომპანია ორმხრივად და ეფექტურად ესაუბროს თავის მომხმარებელს და ადამიანებს პოზიტიური აღქმა ჩამოუყალიბოს ამ ბრენდზე.  

M: დღესდღეობით, რა ფუნქციებს აერთიანებს PR მენეჯერის საქმიანობა

არსებობს ძირითადი როლები, რომლებსაც პიარ მენეჯერები ასრულებენ და ეს უფრო არის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება სხვადასხვა მედიისთვის, კონტენტის შექმნისა და მედიასთან ურთიერთობის პროცესი, ივენთ მენეჯმენტი, სხვადასხვა ღონისძიების, კამპანიის თუ აქტივობის ორგანიზება კომპანიის პარტნიორებისთვის, მომხმარებებისთვის, თანამშრომლებისთვის. როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, სწორედ კომპანიის იმიჯზე, ბრენდზე აისახება. 

M: რა უნარები სჭირდება კარგ PR მენეჯერს

არ ჩამოვთვლი იმ ზოგად უნარებს, რაც ნებისმიერ პროფესიას სჭირდება, სიახლეებისადმი ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სხვა. ზოგადად, PR მენეჯერი ხშირად ხვდება არასტანდარტულ გარემოებებში, რომელსაც სწრაფი ორიენტაცია და კრიტიკული აზროვნება სჭირდება. ტექნიკურ უნარებს რაც შეეხება, მთავარი არის კონტენტის შექმნა და ამისათვის საჭიროა მედიის ცოდნა, ფორმატების ცოდნა, ვიზუალური კომუნიკაციის ცოდნა, copywriting და შემოქმედებითობა, რომ ყოველთვის შეგეძლოს რაღაცის განსხვავებულად თქმა.

M: როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

ამ სფეროში მუშაობა 2009 წელს დავიწყე. მანამდე კულტურის ჟურნალისტად ვმუშაობდი. ტელევიზია დაიხურა და სამსახური კულტურის სამინისტროში შემომთავაზეს. ზოგადად, ძალიან საინტერესო პროფესიული გზა გავიარე. ვმუშაობდი საჯარო სექტორშიც, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც და კერძო სექტორშიც. ყველაზე მეტი დრო გავატარე ბიზნესში. თიბისიში 7 წელი გავატარე, ალდაგში უკვე 4 წელია ვმუშაობ. ზოგადად, მადლიერი ვარ, რომ ძალიან ბევრ მასშტაბურ, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე ვყოფილვარ და კომუნიკაციის სფერო ბევრი სხვადასხვა პერსპექტივიდან მაქვს დანახული. 

M: მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა შენი კარიერული გზა ამ პოზიციამდე

ჩემს კარიერულ გზაზე ალბათ ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, იყო მენეჯერის როლიდან ლიდერშიფზე გადასვლა და ამან ჩემშიც ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მთელი ფილოსოფიაა გუნდთან ერთად მუშაობა და როცა საქმე გამოდის, ნამდვილი ადრენალინია. კარიერის განვითარებას რაც შეეხება, სულ მზად ვიყავი სიახლეებისთვის და მგონია, ამან განაპირობა, როგორიც დღეს ვარ. წელს ვამთავრებ MBA-ს Grenoble School of Management-ში და მგონია, რომ ბიზნესის უფრო კარგად მესმის ვიდრე გუშინ, რაც კარგი გადატვირთვის საშუალებაა. 

M: რითაა შენთვის საინტერესო PR მენეჯმენტი

ჩემთვის ძალიან საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ იცვლება ბრენდის იმიჯი იმ ახალ-ახალი იდეებითა და წამოწყებებით, რომლებიც პიარის და მარკეტინგის გუნდებში იქმნება. ამ პროფესიაში ყველაზე მიმზიდველი შემოქმედებითობის შესაძლებლობაა, ბევრ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა, იდეების გაცვლა, ექსპერიმენტები და მერე ამაზე დაკვირვება. 

M: როგორია შენი, როგორც PR მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა? 

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ჩემი გუნდის მხარდაჭერა და განვითარებაა, რომ მათ ამ ბრენდის შენებით სიამოვნება მიიღონ. აღარ ჩამოვთვლი იმ ყოველდღიურ ამოცანებს, რაც შიდა და გარე მიზნებისთვის გვაქვს. გაყიდვების კამპანიების მხარდაჭრა, ბრენდის აქტივობების დაგეგმვა, გადაღებები, კამპანიების მოფიქრება და გატესტვა და ა.შ.

M: რამდენად პერსპექტიულ პროფესიად მიგაჩნია

იმდენად, რამდენადაც გარესამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე არ ვარსებობთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ სუპერ პერსპექტიულია. კომპანიებს და ორგანიზაციებს კი არა, ადამიანებსაც სჭირდებათ PR მენეჯერები (ზოგჯერ) ჩემი საყვარელი ხუმრობა, რომელსაც სოციალურ მედიაში აზიარებენ არის – pics or it did not happen. რაც მოხდა და არ ითქვა, ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს, ამიტომ ყველასა და ყველაფერს სჭირდება კომუნიკაცია და გაზიარება. 

M: რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს პროფესიად PR მენეჯმენტის არჩევაზე?

ვურჩევ, რომ ბევრი იკითხონ, ადამიანებს დაელაპარაკონ, დაფიქრდნენ იმაზე, რა ამოძრავებთ ადამიანებს, დააკვირდნენ ბრენდებსა და ტრენდებს სოციალურ მედიაში.

რას მოითხოვს ცვლილებების მენეჯმენტი?

Drops Wellness — „პირველი ინტრავენური თერაპიის ცენტრი ამიერკავკასიაში“