ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი (Cognitive behavioral therapy – CBT) ნინო შარია გვიყვება.
M: ვინ არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი და რა არის მისი მთავარი ამოცანა?
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტებს, ისევე, როგორც პრაქტიკოს ფსიქოლოგებს, განასხვავებს ის თეორიული, მეთოდოლოგიური და სტრუქტურული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ისინი აწარმოებენ პრაქტიკას. კოგნოტურ-ბიჰევიორული თერაპევტი (კბთ) ხელმძღვანელობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პრინციპებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტრუქტურირებული ფორმით და არის სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალიზირებული ტრენინგი ამ მიმართულებით. რაც შეეხება ამოცანებს, ერთის მხრივ, არსებობს ყველასთვის საერთო, ზოგადი ამოცანები, რაც გულისხმობს თერაპიული ალიანსის – ნდობის, პატივისცემისა და არაგანსჯითი გარემოს ჩამოყალიბებას, ადამიანის დახმარებას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი, კბთ სახავს სპეციფიკურ ამოცანებს ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის მიღწევისთვის. ის ეხება დისფუნქციური რწმენებისა და ქცევითი პატერნების იდენტიფიცირებას, მათ მოდიფიკაციას და ადამიანის აღჭურვას ადაპტური დაძლევის თუ სოციალური უნარებით.
M: რამ დაგაინტერესა ამ მიმართულებაში?
ის, რომ კბთ შედარებით სწრაფი (ხანგრძლივობა მერყეობს 6-დან 20 თერაპიულ სესიამდე) და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინტერვენციის ფორმაა, ნამდვილად წარმოადგენს მის ღირსებას და ბადებს პროფესიულ ინტერესს ამ მიმართულების თეორიული საფუძვლის, პროცესუალური ნაწილისა და მასში ინტეგრირებული მიდგომების მიმართ. როდესაც მიმართულების არჩევა ხდება, ფსიქოლოგი განიხილავს უკვე არსებულ კომპეტენციებს, პოტენციალსა და პიროვნულ უნარებს ამა თუ იმ მიდგომასთან მიმართებაში, ამასთან აფასებს მიმართულების სუბიექტურად და ობიექტურად მნიშვნელოვან ასპექტებს. ჩემ შემთხვევაში ეს ასპექტები უკავშირება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკური კვლევები ადასტურებს ამ მიდგომის ეფექტურობას, და სტრუქტურირებულობას, რაც ამარტივებს მის პრაქტიკაში გამოყენებას.
M: როგორია კბთ თერაპევტად ჩამოყალიბების გზა?
მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგია არ არის რეგულირებადი პროფესია, არსებობს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის საყოველთაოდ მიღებული და აუცილებელი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიაში ან/და მომიჯნავე სფეროებში აკადემიური ხარისხისა და შესაბამისი პრაქტიკის ქონას. ჩემი პროფესიული გზა არ იყო ამ მხრივ განსხვავებული და მოიცავს ფსიქოლოგიის ბაკალავრიატს, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურას, პრაქტიკებს ჯერ ბავშვთა, შემდეგ კი ზრდასრულთა მიმართულებით, პროფესიულ სასერთიფიკატო კურსებს, ვორკშოპებს, სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებს, მიმდინარედ კი ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (Europian Association of Behavioral and Cognitive Therapy-EABCT) მიერ აკრედიტებული საქართველოს კბთ საზოგადოების დიპლომისშემდგომ სამწლიან სასწავლო-სალიცენზიო პროგრამას. ეს პროგრამა გულისხმობს თერაპიული პრაქტიკის წარმოებას სუპერვიზიის ქვეშ.
M: ვისთვის არის კბთ ეფექტური?
კბთ ეფექტურია იმ ადამიანთათვის, რომელთაც აწუხებთ სტრესთან გამკლავების, ემოციის რეგულაციის, ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები, ძილის პრობლემები, შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობა, უარყოფითი შინაარსის ფიქრები, თვითშეფასების პრობლემა და ფუნქციონირების ხასრისხის გაუარესება; მათთვის, ვისაც აქვთ დიაგნოსტირებული მდგომარეობა, გადიან მედიკამეტოზურ მკურნალობას და საჭიროებენ კომბინირებულ მკურნალობას იმ ფსიქო-სოციალური ფაქტორების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ინარჩუნებს სიმპტომს/მდგომარეობას.
M: როგორია სამუშაო მეთოდიკა?
რამდენადაც ეს მიდგომა ემყარება დებულებას, რომ ჩვენს გრძნობებსა და ქცევას არა გარეგანი ფაქტორები, არამედ ჩვენი აზრები განაპირობებენ, სამუშაო მეთოდიკა მოიცავს განსაკუთრებულ ფოკუსს იმ კავშირებზე, რომლებიც არსებობს აზრებს, ემოციებსა და ქცევას შორის. ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს კონკრეტული მოდელისა და ტექნიკების მეშვეობით, დაინახოს და გააცნობიეროს ეს კავშირები. ამ პროცესში ხდება დისფუნქციური აზროვნებისა და ქცევითი პატერნების გამოვლენა. რადგან ემოციური და ქცევითი რეაქციების უმრავლესობა დასწავლილია, ხოლო აზრების ჰიპოთეზებად წარმოდგენა და მათი გადამოწმება შესაძლებელი, თერაპიულ პროცესში ადამიანის აზროვნებაში შემოდის ალტერნატიული დაშვებები და განკურნება ხდება იმის საფუძველზე, რომ ის იწყებს სხვაგვარად აზროვნებას, იძენს სხვაგვარ ხედვას და დაისწავლის კონსტრუქციული, ადაპტური რეაგირების მექანიზმებს.
M: რამდენად აქტუალური და პერსპექტიული პროფესიაა ეს დღეს?
ფსიქოლოგია დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიაა მსოფლიო მასშტაბით და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. აქტუალურია, რამდენადაც იზრდება მომართვიანობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ არის იმდენად სტიგმატიზებული, როგორც წარსულში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგად იწყებს მომზადებას, აწყდება გარკვეულ სირთულეებს ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ვერ იღებს საჭირო პრაქტიკას ან პრაქტიკული სწავლების აუცილებელ ხარიხს. ბუნებრივია, არარეგულირებადი გარემო გავლენას ახდენს სერვისის ხარისხსა და ადამიანების მხრიდან ნდობაზე. ამ პრობლემების გათვალისწინებით, მოტივაციის შენარჩუნებითა და კომპეტენციის დაგროვებაზე ზრუნვით, რა თქმა უნდა, განსხვავებული პერსპექტივების გახსნაა შესაძლებელი.
M: რა გეხმარება პროფესიულ განვითარებაში?
ამ გზაზე დამხმარეა პროფესიული კავშირები, ლოკალურ თუ საერთაშორისო კოლეგებთან კომუნიკაცია პროფესიულ ტრენინგებსა თუ კონფერენციებზე, რაც არსებითად ცოდნის გაზიარებას, უახლესი ცოდნის ხელმისაწვდომობასა და კომპეტენციების შენარჩუნებას ემსახურება. დამხმარეა სუპერვიზიისა და ინტერვიზიის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეგულაციის, ეფექტური ფუნქციონირების ასპექტებისთვის.
M: რას ურჩევდი მათ, ვისაც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტობა აინტერესებს?
როგორც აღვნიშნე, აუცილებელია სწავლების საფეხურზე პრაქტული გამოცდილება და კონკრეტულ დიაგნოზებთან შეხება, ვურჩევდი დაიწყონ ამგვარი მომზადება ფსიქოლოგიური მდგომარეობების კარგად გაგებისთვის, გაეცნონ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრონ, რა დროითი რესურსის დათმობა შეუძლიათ ამ მიზნისთვის, თვალი ადევნონ საერთაშორისო პროფესიულ ჟურნალებსა და კბთ-თან დაკავშირებულ ოფიციალურ ვებგვერდებს, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ლიტერატურითა და პროფესიული მასალებით, იზრუნონ პროფესიული უნარების განვითარებაზე და მიიღონ სიამოვნება და კმაყოფილება ამ პროცესით.