in

აი, როგორ მუშაობს IT ხარისხის მართვის ინჟინერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს სალომე ღაღანიძეა, საქართველოს ბანკის IT ხარისხის მართვის ინჟინერი.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია – IT ხარისხის მართვის ინჟინერი და რა როლი აქვს მას ორგანიზაციაში?

ხარისხის მართვის ინჟინერი ამოცანაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს, რომ აპლიკაციამ / ფუნქციონალმა იმუშაოს გამართულად, პასუხობდეს დასმულ პრობლემას და საჭიროებას, იყოს იოლად აღქმადი და მარტივად გამოყენებადი.

ინჟინერი საქმეში ამოცანის დაგეგმვის პროცესშივე ერთვება, დეტალურად ეცნობა ამოცანის შინაარსს და პროდუქტის საუკეთესო ვერსიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ცდილობს მომხმარებლის მხრიდან შეხედოს პროცესს, ამიტომ გამართული პროდუქტის მიწოდებისთვის, მისი, როგორც „კრიტიკოსის“  როლი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ხერხდება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, ხარისხთან მიმართებით, ეს კი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

M: ეს საქმიანობა როგორ აირჩიე?

საქართველოს ბანკი ხშირად აცხადებს IT სტაჟირების პროგრამებს, რაც კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება. კომპიუტერული მეცნიერების დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე. ჩემი პროფესიით დასაქმების დიდი სურვილი მქონდა, ამიტომ მონაცემები აპლიკანტთა მიღებაზე გავაგზავნე, გავიარე გასაუბრებისა და ტესტირების რამდენიმე საფეხური და წარმატებით ჩავირიცხე სტაჟირების პროგრამაზე. სულ მალე, საქართველოს ბანკის ძირითადი თანამშრომელი გავხდი, ხარისხის მართვის მიმართულებით. საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ, დამწყები IT ხარისხის მართვის ინჟინერი გავხდი. მოგვიანებით კი, გამოცდილების ზრდასთან და უნარების განვითარებასთან ერთად, IT ხარისხის მართვის ინჟინრის პოზიცია დავიკავე

M: როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა და რა ფუნქციებს მოიცავს?

ვმუშაობთ ეჯაილ მეთოდოლოგიით, ამიტომ დღე იწყება ყოველდღიური შეხვედრით  და ინფორმაციის გაზიარებით, თუ რა ეტაპზეა გუნდი  დასმული ამოცანის მიზანთან მიმართებით. ყოველი ორკვირიანი სპრინტის დასაწყისში,  მომდევნო პერიოდის განმავლობაში პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს წევრები დეტალურად აანალიზებენ. ამ პროცესში, ინჟინერი ცდილობს კრიტიკული თვალით შეაფასოს ამოცანის არქიტექტურული და იდეური ნაწილი. შემდეგი ეტაპი მოიცავს ტესტ  სცენარების შექმნას, თუ როგორ უნდა გადამოწმდეს კონკრეტული პროდუქტის ფუნქციონალის გამართული მუშაობა და მოთხოვნებთან შესაბამისობა. მას შემდეგ, რაც „გეგმა“ ჩამოყალიბებულია, ყველა პუნქტის ეტაპობრივ შესრულებას ვიწყებ. ხარვეზების აღმოჩენისას კი, გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად ვზრუნავ მათ აღმოფხვრაზე.

M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?

მეგობრობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ჰქონდეს კრიტიკული  აზროვნება, იყოს  დეტალებზე ორიენტირებული, შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე და შეეძლოს მომხმარებლის მხრიდან „ფიქრი“.

M: რა სირთულე ახლავს ხარისხის მართვის ინჟინრობას?

მთავარი სირთულე ისაა, რომ სიტუაციის შეფასება გიწევს მრავალი მხრიდან. ვგულისხმობ ტექნიკურ, იდეურ და ვიზუალურ  ასპექტებს. ყურადღება ყველა მიმართულებით სწორად უნდა გადანაწილდეს და არ გაიპაროს ხარვეზები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროდუქტის მომხმარებლამდე მისვლის შესახებ, საბოლოო სიტყვა ინჟინერს ეკუთვნის. შესაბამისად, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

M: ამ საქმეში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

ინჟინრის საქმე არასდროს არის რუტინული. ყოველი პროექტი სამუშაო პროცესის  ოპტიმიზაციასა და ისეთი ახალი მიდგომების პოვნაში გეხმარება, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე იქნება მორგებული. საქმის ხიბლიც სწორედ ეს მრავალფეროვნებაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვან უნარებს გიყალიბებს.  

M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?

ციფრულ სამყაროში, სადაც ყველა მცირედ წამოწყებასაც კი თავისი „ვირტუალური მისამართი“ გააჩნია, უმნიშვნელოვანესია მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება, რათა ღირსეული კონკურენცია გაწიო ბაზარზე. ამ ყველაფერს სათავეში ხარისხის მართვის ინჟინერი უდგას.  ბიზნესის ციფრული სამყარო ვითარდება. სტანდარტები მაღლა იწევს. ჩვენი პროფესია კი, უფრო და უფრო მოთხოვნადი და პერსპექტიული ხდება, რადგან განვითარების პროცესში იმდენად  მჭიდროდაა ჩართული, რომ ვერ ჩამორჩება მოვლენებს. ხარისხის კონტროლი არ ითვალისწინებს მხოლოდ კონკრეტულ მომენტში ხარვეზების პოვნასა და აღმოფხვრას. ჩვენი პროფესიის ადამიანების მთავარი ხედვა მიმართულია პროდუქტის თანამედროვეობასთან შესაბამისობაზე, რაც გულისხმობს ხარისხის შენარჩუნებას ავტომატური პროცესების ხარჯზე.  თავის მხრივ, მსგავსი მიდგომები ხარვეზების პრევენციას ადრეულ ეტაპზევე უზრუნველყოფს. ამიტომ, სამუშაო პროცესიც უფრო მოქნილი ხდება, იზოგება რესურსი და შედეგიც ბევრად ეფექტიანია. არ არის გასაკვირი, რომ ყველა დიდი ორგანიზაცისთვის პროცესების მართვის ავტომატიზაცია მთავარი ორიენტირია.

M: რამ შეიძლება დააინტერესოს ამ პროფესიაში ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში უწევთ?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არჩევანი შეაჩერო პერსპექტიულ, მაღალანაზღაურებად და განვითარებად მიმართულებაზე, რომელიც ადვილად ჩაგითრევს საქმის სპეციფიკის ხიბლში, მუდმივად ვითარდება და არ გაძლევს ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას. გიქმნის განვითარების მეტ შესაძლებლობას როგორც, ტექნოლოგიური ასევე იდეური თვალსაზრისით.

ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს — ისტორიაში პირველად

Sprite-ის განახლებული ლოგო და მასშტაბური სარეკლამო კამპანია