ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე ფერმერი სალომე კალანდაძე გვიყვება, რომელიც მეუღლესთან, ირაკლი გიკაშვილთან ერთად გურიის სოფელ ნიგოითში „ოდაშის“ მეურნეობას უძღვება.
M: რა არის შენი, როგორც ფერმერის საქმიანობა?
ჩემი საქმე ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. პირველ რიგში, მოიცავს დაგეგმვას, თუ რა მიმართულებით ვითარდება ფერმა. ამ დროისათვის ბოსტნეულისა და მწვანილის 40-ზე მეტი ნაირსახეობა მოგვყავს ჩვენს მეურნეობაში. ჩვენი მეურნეობა „ოდაშის“ მოდელი არის ამერიკული – Community Supported Agriculture, რაც ჩვენი ბოსტნეულის წინასწარ გაყიდვას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი სეზონის პროდუქტი წინასწარ იყიდება, ავანსს ვიღებთ ადამიანებისგან, ვყიდულობთ ყველა საჭირო დეტალს, რაც ამისთვის გვჭირდება. ყველაფერი იგეგმება ზამთარში, რაშიც ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს. მაშინ ვიმარაგებთ ყველა საჭირო ატრიბუტს – კასეტები, ტორფი, თესლები, სასუქები… გაზაფხულზე კი თესვას ვიწყებთ. ახლა, ჯერჯერობით, ბოსტნეული გვაქვს, შემდეგ დაემატება სოფლის სხვა პროდუქტებიც – ქათამი, კვერცხი, სეზონური ხილი და ა.შ. შესაბამისად, რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ, სტანდარტულ ბოქსთან ერთად, ამ ტიპის პროდუქტებიც შეუკვეთონ.
თავიდან ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. ეტაპობრივად, დავამატეთ და ვხვეწთ გადახდის სისტემას. ასევე, თუკი აქამდე ჩვენით მიგვქონდა ადგილზე შეკვეთები, მალე, აუთსორსზე მივაბამთ მიტანის სერვისს და სწორიცაა, რადგან არ შეიძლება ერთდროულად იყო ფერმერიც, პროდუქტიც შენ მოგყავდეს და ბიზნესისთვის საჭირო ყველა პროცესს თავად აკეთებდე. გვინდა, საქმის ისეთ ნაწილზე ვიყოთ ორიენტირებულები, როგორიცაა გრანტებისა და პარტნიორების მოძიება, მეურნეობის მართვა და ა.შ.
M: როგორია „ოდაშის“ მეურნეობის ყოველდღიურობა?
შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ მონოტონურია, მაგრამ სინამდვილეში არცერთი დღე ჰგავს ერთმანეთს. ეს სფერო ძალიან ცვალებადია და ამინდზეა დამოკიდებული. საღამოობით ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ მეორე დღეს. ამ საქმეში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მოხალისეები. გვყავს ერთი მოხალისე, რომელიც სხვებს უხსნის, რა უნდა გააკეთონ და ყველას გადანაწილებული აქვს საქმე. ტემპერატურა ეტაპობრივად იმატებს, ამიტომ დილას უფრო ადრიანად ვიწყებთ საქმეს.
M: მოხალისეობრივი პრინციპი როგორ მუშაობს თქვენს მეურნეობაში?
საერთაშორისო პლატფორმა Workaway-ზე ვართ რეგისტრირებულები და დღის მანძილზე რამდენიმე განაცხადი შემოგვდის. ჩვენთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამენ ადამიანები, მთელი მსოფლიოდან. მაგალითად, ამ დროისათვის გრძელვადიანად გვყავს სამხრეთ აფრიკელი მოხალისე, რომელიც ჩვენთან სწავლობს სოფლის მეურნეობის მართვას, რათა შემდეგ საკუთარი ფერმის ჩამოყალიბებას მოიფიქრებს. ამ დროის განმავლობაში, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით. მოხალისეები ჩვენთან რჩებიან, უზრუნველვყოფთ კვებასა და დაბინავებას და დღეში 5-6 საათის მანძილზე გვეხმარებიან საქმეში.
M: უკვე რამდენიმე წელია, რაც სამსახური დატოვე და ამ საქმეს მოეკიდე. როგორია დღევანდელი შედეგები და რამდენად თანხვედრაშია ის მოლოდინებთან?
სოფლის მეურნეობა ჩემი და ჩემი მეუღლის, ირაკლი გიკაშვილის ინტერესების სფერო ყოველთვის იყო. ხშირად ვადევნებდით კიდეც თვალს უცხოელ ბლოგერებს. შემდეგ, პანდემიის დროს როდესაც ჩამოვედით ნიგოითში და რაღაცები დავთესეთ, იმდენად მოგვეწონა, გადავწყვიტეთ გვეცადა. ირაკლი ერთ-ერთი აგროკომპანიის ფინანსური დირექტორი იყო და მანამდეც ჰქონდა ფერმერებთან შეხება.
თავიდან ტრაქტორები ვიყიდეთ და ადგილობრივებს ვეხმარებოდით – ვხნავდით, ვთესავდით თანამედროვე სათესით და ძალიან მაგარი ტექნიკით. თან სიმინდი მოგვყავდა, თუმცა არ გაამართლა. ამიტომ სხვა მიმართულებებზე ვკონცენტრირდით და ბოსტნეულზე გადავერთეთ. შემდეგაც ბევრი სირთულე იყო – გასულ წელს წყალდიდობისას დაგვეტბორა ბოსტანი. დღეს, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, სადაც ჩამოვა ტურისტი, დარჩება და შეეძლება გავიდეს ბაღში, მიირთვას მისთვის სასურველი ბოსტნეული და იცოდეს, რომ ეს ჯანსაღი პროდუქტია.
უშუალოდ, ფერმერული საქმიანობის გარდა, ჩართულები ვართ ტექნოლოგიურ მიმართულებაში, სოფლის მეურნეობის კუთხით. ვქმნით მარკეტფლეის „გელას“, რომელიც გააერთიანებს ფერმერებსა და მათ პროდუქტებს ერთ სივრცეში, რაც პროდუქტების მართვასა და რეალიზებაში დაეხმარებათ, მათ შორის, გადახდასა და პროდუქტის მიტანაში. საიტი და გადახდის სისტემა დახვეწის პროცესშია. ამ სტარტაპისთვის GITA-ს გრანტიც მოვიპოვეთ. ასევე, ირაკლი ლანჩხუთის LAG-ის (Local Action Group) თავმჯდომარეა.
M: რა ცოდნა და უნარები გჭირდება შენს ყოველდღიურ საქმიანობაში?
ძალიან ბევრი უნარია საჭირო ამ საქმეში. უნდა შეგეძლოს პასუხისმგებლობის აღება, დელეგირება, სისხარტე, თვითდისციპლინა. როცა დიდი მიზანი გაქვს, ეს გაძლევს ძალას გამოიმუშაო საჭირო უნარები. ამ შემთხვევაში, ბლოგერობასაც ვითავსებ და იმდენად დიდ მხარდაჭერას ვიღებ მაყურებლისგან, არ მაქვს უფლება არ ვიყო დინამიკაში.
განვითარებაში ძალიან მეხმარება აქსელერაციის პროგრამა მეწარმე ქალთა განვითარებისთვის. გვასწავლიან ახალ უნარებს და გვიქმნიან ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, გავიარე კარტლისის აკადემიის კურსი, სადაც ბოსტნეულის მოყვანა ვისწავლე, უამრავ რაღაცას ვკითხულობ და ა.შ.
ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს ჩვენი მიმართულების ამერიკელ ფერმერებს – როგორ მუშაობენ, რა ხელსაწყოებს იყენებენ და ვცდილობთ გადმოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები ჩვენს მეურნეობაში.
ბიოფერმერები საკმაოდ ცოტანი ვართ საქართველოში, ამიტომ ძალიან ვუდგავართ მხარში ერთმანეთს, ვუზიარებთ ცოდნას. ვსწავლობთ ევროპელი და ამერიკელი ფერმერების მაგალითზე, ვტესტავთ ახალ მიდგომებს და ასე ვვითარდებით.
M: როგორ ეძებ მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობებს?
საგრანტო პროგრამებით, მაგალითად, ახლა მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია“, სადაც გვინდა მონაწილეობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, გვინდა კოტეჯები დავამატოთ ჩვენს სივრცეს, სტუმარმასპინძლობისთვის და ა.შ.
M: რა დაბრკოლებებს აწყდები შენს საქმეში?
ეს დაბრკოლებები უფრო ინფრასტრუქტურულია, ვინაიდან ადგილობრივად ეს ყველაფერი ისე არ არის განვითარებული, რომ პრობლემის მოგვარება იქვე შეგვეძლოს. ამისათვის გვიწევს სხვა, დიდ ქალაქში წასვლა, ლოდინი და ა.შ, რაც ფერმერისთვის დიდი დაბრკოლებაა.
ასევე, სირთულეებს შორის დავასახელებდი ადგილობრივების სკეპტიციზმს, რომელთაც თავიდან არ სჯეროდათ, რომ რაღაც გამოვიდოდა. რთულად იჯერებენ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავენ ხოლმე.
M: საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში…
სოციალური ქსელი ძალიან მეხმარება პროდუქტის გაყიდვაში. ამით ვაწვდენ ხმას ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღ ბოსტნეულს ეძებენ. სწორედ ამ გვერდების დახმარებით გავიცანი ბევრი მეწარმე, დავმეგობრდით და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობაშიც დამეხმარა.
ძალიან მინდა, მაყურებელს გავუზიარო, როგორ მოგვყავს ბოსტნეული, რა შრომა იდება ამ ყველაფერში და ეს ვაჩვენო ეტაპობრივად.
M: რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც ფერმერობა აინტერესებთ?
ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ აქვთ მიწა და მეკითხებიან, რა კულტურა მოიყვანონ და ა.შ. მე ამ რჩევებისგან თავს ვიკავებ, რადგან ძალიან რთულია. რაც შეეხება განათლების კუთხით, გააჩნია რა მიმართულება აინტერესებს ადამიანს, მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, იმის მიხედვით უნდა მოიძიონ შესაბამისი სასწავლო კურსი. ვისაც ფერმერობა სურს, ყველამ თავისი მასწავლებელი უნდა იპოვოს. მაგალითად, ამერიკელი ფერმერი, რომლის ბლოგსაც თვალს ვადევნებთ, დეტალურად ასწავლის, როგორ შეიძლება მეურნეობის ჩამოყალიბება ეტაპობრივად.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი