in

აი, როგორ მუშაობს ტიკტოკერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, ტიკტოკერის საქმიანობას უკეთ გაგაცნობთ, სანდრო გოცირიძესთან ერთად.

M: იმ პირობებში, როდესაც ბევრი უბრალოდ, გასართობად იყენებს ტიკტოკს, შენ როგორ შესაძლებლობებს პოულობ ამ სოციალურ პლატფორმაზე?

ჩემთვის ეს პლატფორმა იმაზე მეტია, ვიდრე გართობა. კი, რა თქმა უნდა, მეც ვერთობი და ვადევნებ თვალს სხვებს, თუმცა ჩემი, როგორც კრეატორის გადმოსახედიდან, ეს არის საშუალება ისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის მოცემულ მომენტში. ბევრჯერ მქონია ამის საშუალება და კიდევ გავაგრძელებ, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც ასიათასობით ადამიანი მადევნებს თვალს, საჭიროა სწორი სამოქალაქო პოზიცია დავაფიქსირო და ვიყო ერთგვარად მაგალითის მიმცემი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჩემი მაყურებლის 80%-ს შეადგენენ.

M: როგორ გადაწყვიტე ტიკტოკერობა და შემოსავლის წყაროდ როგორ იქცა?

ტიკტოკერობა უფრო თავისით მოვიდა, ვიდრე ჩემი გადაწყვეტილებით. გეგმაში ნამდვილად არ მქონია ასეთ მასშტაბებზე გასვლა, ამიტომ ჩემთვისაც დღემდე მოულოდნელია, მინიმუმ 280,000 ადამიანი რომ მიცნობს. როცა ჩემი ცნობადობა გაიზარდა, ბუნებრივია წამოვიდა ინტერესი ბიზნესის მხრიდან. მიკავშირდებიან კონკრეტული ადამიანები თუ კომპანიები, რომლებთანაც ეფექტურად, შედეგიანად ვთანამშრომლობ და ეს ჩემთვის ნამდვილად შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

თავდაპირველად, ერთ-ერთი ვიდეო დავდე 20-30 წამიანი, რამაც მოწონება დაიმსახურა ჩემი ახლობელი ადამიანებისგან და შემდეგ უცნობი ადამიანების უკუკავშირიც მოემატა. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს უნდა გამეგრძელებინა და რეგულარულად მეკეთებინა. ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა.

M: შენი დაკვირვებით, რა არის მნიშვნელოვანი ტიკტოკზე საკუთარი ორიგინალური კონტენტის შექმნისას?

ინდივიდუალურობა და მხოლოდ ინდივიდუალურობა. სწორედ ეს გამოგვარჩევს რეალურ ცხოვრებაშიც ერთმანეთისგან, ასევეა სოციალურ ქსელშიც. პირველ რიგში, საკუთარი პიროვნება უნდა მოაწონო საზოგადოებას და შემდეგ ის შესთავაზო, რაც შენთვისაც კომფორტული საკეთებელია და მაყურებლისთვისაც სასიამოვნო სანახავი. მნიშვნელოვანია დადებითი ემოციების მიღება, ვინაიდან ადამიანთა უდიდეს ნაწილს ეს სჭირდება დატვირთული სასწავლო/სამუშაო დღის შემდეგ. ნეგატივი ხომ წესით არავის უნდა?

M: რა მიდგომას მიმართავ აუდიტორიის მოსაზიდად?

აუდიტორიის მოსაზიდად, რამდენიმე საინტერესო მეთოდს მივმართე და ახლაც ვიყენებ. ერთ-ერთი და უმთავრესი იყო ის, რომ შევქმენი უნიკალური კონტენტი, რომელიც აქამდე ქართულ ტიკ-ტოკზე არ ყოფილა. ამან ბუნებრივია გამოიწვია ხალხის ინტერესი, ვინაიდან ფაქტობრივად პირველი ვიყავი, ვინც მუდმივი პერსონაჟებით სკეტჩების კეთება დაიწყო. რასაც ყოველი ვიდეოს დროს ვიყენებ ესაა ემოციების სწორად გადმოცემა, რათა მაყურებელი მაქსიმალურად „დაიჭირო“ და გააჟღერო ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება.

M: რა უნარები უნდა ჰქონდეს კარგ ტიკტოკერს, რომელიც საკუთარი კონტენტის შექმნით აწყობს არხს?

პირველ რიგში, ისევ მივდივართ პიროვნების ინდივიდუალურობის გადმოცემამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ უკვე: კრეატიულობა, იდეები, დადებითი ემოციების სიჭარბე და ის, რომ აქტუალურ თემებს არ ჩამორჩე. ჩემი კონტენტი დამატებით იმასაც გულისხმობს, რომ საჭიროა ადამიანებსა და ფაქტებზე დაკვირვება, ვინაიდან სწორედ ესენია ჩემი ყოველი ვიდეოს შთაგონენის წყარო.

M: ტიკტოკერობამდე და ტიკტოკერობის პარალელურად, რას საქმიანობ? ვიდეოების შექმნა იმ საქმეში თუ გეხმარება (ან პირიქით)?

როცა ვიდეოების კეთება დავიწყე, პარალელურად ვმუშაობდი კიდეც გაყიდვების სფეროში, რაც ხელს საერთოდ არ უშლიდა ტიკ-ტოკზე აქტიურობას. ახლა ტიკ-ტოკის პარალელურად, ვარ სკოლის მასწავლებელიც, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია. ტიკ-ტოკის დამსახურებით, უამრავი ადამიანის (განსაკუთრებით ბავშვების) სიყვარულს ვიმსახურებ მაშინაც კი, როდესაც მათთან პირადი შეხება არ მაქვს. ტიკ-ტოკმა მომცა იმდენი სიკეთე, რასაც ვისურვებდი, ყველას ჰქონდეს საკუთარ ცხოვრებაში.

M: როგორ ფიქრობ, რამდენად სერიოზულად შეიძლება მიუდგეს ადამიანი ამ საქმეს, როგორც პროფესიას?

კი, სავსებით შესაძლებელია ეს პროფესიადაც იქციო. ჩემ შემთვევაში, თითქმის ორწლიანი მიღვაწეობა ტიკ-ტოკზე ვერ ასოცირდება პროფესიასთან, ამიტომ ვსაქმიანობ პარალელურადაც. ეს არის ადამიანის ინდივიდუალური დამოკიდებულება: ზოგმა შეიძლება ეს აქციოს პროფესიად, ზოგმა კი უბრალოდ ჰობის სახით დაიტოვოს, როგორც ეს, მაგალითად, მე გავაკეთე.

შემოსავლის კუთხით, ძალიან საინტერესოა და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პოპულარულია კონტენტი. რაც მეტად მაღალია ცნობადობა და ვიდეოს ნახვები, მით მეტად იზრდება თანამშრომლობიდან მიღებული შემოსავალი

M: როგორ ქმნი ვიდეოებისთვის სცენარს? პერსონაჟებს? მათ ხასიათს?

სცენარების წერა ყველაზე ძნელი ნაწილია ჩემი საქმიანობის, ვინაიდან საჭიროა სწორ მომენტში გაჩნდეს ის „მუზა“, რომელიც სცენარის დაწერის საშუალებას მომცემს. სცენარები მოდის იქიდან, რომ კარგი დაკვირვების უნარი მაქვს: ვუყურებ და ვუსმენ, ვიჭერ საინტერესო მომენტებს და მასზე ვაგებ სცენარს. ზოგჯერ ერთი სიტყვის გაგონებაც კი საკმარისია, რომ მთელი სცენარი რამდენიმე წამში დაიწეროს გონებაში. პერსონაჟებს რაც შეეხება, ვფიქრობ თითოეული მათგანის მსგავსი ადამიანი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ გარშემო. ესენი „ქართული პერსონაჟები“ არიან, ამიტომ მათი ამოცნობა რეალურ ცხოვრებაშიც მარტივია. თითოეული პერსონაჟი ზოგადი ტიპაჟის კონკრეტული გამოვლინებაა.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე?

ეს საქმე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ვაძლევ მხოლოდ დადებითს, რაც კარგად აისახება ჩემდამი დამოკიდებულებაზეც. ეს ნიშნავს იმასაც, რომ შემიძლია გავაჟღერო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მესიჯები მაშინ, როცა საჭირო ხდება. ეს არის შემოსავლის წყაროც და ჩემი ბავშვობის ოცნების, ვყოფილიყავი მსახიობი, ცოტაოდენი გამოვლინება.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც საკუთარი ტიკტოკ არხის აქტიურ განვითარებაზე ფიქრობს?

ვურჩევდი, პირველ რიგში, არ დაკარგონ კონტაქტი რეალურ სამყაროსთან და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ვირტუალურით. „თავით გადაშვება“ ამ საქმეში სასარგებლო არაა, ამიტომ საჭიროა დაიჭირონ ბალანსი, იყვნენ ინდივიდუალურები, კრეატიულები და შორს ნეგატივისგან.

რა იწვევს E-mail მარკეტინგის გააქტიურებას?

შესაძლოა, ლაბორატორიაში შექმნილმა ფილტვებმა ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს ბოლო მოუღოს!