ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ვატო კოსტავაა, საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი.
M: რას მოიცავს შენი პოზიცია და საქმიანობა?
სახელიდანაც მარტივი მისახვედრია, რომ ანალიტიკოს-დეველოპერის პოზიცია 2 ძირითად მიმართულებას მოიცავს, ანალიტიკასა და დეველოპმენტს. უკეთ გასაგებად, თითოეული სიღრმისეულად ჩავშალოთ. ანალიტიკის ნაწილში ჩემი უშუალო მოვალეობაა საქმის დაგეგმვისას მისი მასშტაბების შეფასება და სწორი გადანაწილება, დამოკიდებულებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გუნდის წევრების ჩართვა, ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მოკვლევა-ანალიზი და ბიზნესის მხარისთვის პასუხის დაბრუნება. დეველოპმენტის ნაწილი კი, უკვე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ზემოთ ვახსენე, კონკრეტული საქმის ტექნიკურ იმპლემენტაციას, კოდის წერას გულისხმობს. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, მე iOS დეველოპერი ვარ. შესაბამისად, mBank-ის iOS პლატფორმაზე ვმუშაობ და ვქმნი საჭირო ფუნქციონალს, რომელსაც შემდეგ უკვე უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები იყენებენ და შეიძლება ითქვას, რომ მათთვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელშესახებია.
M: ეს საქმიანობა რატომ აირჩიე?
ტექნიკური მიმართულელები, ტექნოლოგიები, მეცნიერება ყოველთვის მიზიდავდა, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. 2016 წელს, ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) ფაკულტეტზე. აქ იყო ჩემი პირველი შეხება პროგრამირებასთან და მაშინ მივხვდი, ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ლექტორების მოცემული დავალებებისა თუ პროექტების კეთება ჩემთვის უფრო სასიამოვნო პროცესად აღიქმებოდა, ვიდრე დამღლელ, რუტინულ საქმედ. თუ სწორად მახსოვს, კონფუცის აქვს ნათქვამი: აქციე შენი საყვარელი საქმიანობა შენს პროფესიად და მუშაობა არასოდეს მოგიწევსო. ვფიქრობ, ეს რჩევა წარმატებით გავითვალისწინე.
M: მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა შენი პროფესია, ანალიტიკოს-დეველოპერობამდე?
მესამე კურსზე ვიყავი, როცა ვიფიქრე, რომ საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება და ამ პრაქტიკით კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მიღება იყო საჭირო. ამის ფიქრის პარალელურად, „საქართველოს ბანკმა“ გამოაცხადა ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამის – „ლიდერატორის“ ახალი მიღება. გადავწყვიტე, მეც მიმეღო მონაწილეობა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, მოვხვდი იმ კანდიდატთა სიაში, ვინც ინტერნშიპს ბანკში გაივლიდა. პროგრამების გადანაწილების შემდეგ, მე iOS დეველოპმენტი შემხვდა. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გავდიოდი iOS დეველოპმენტის კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც 6 თვიანი სტაჟირება დავიწყე „საქართველოს ბანკში“, iOS დეველოპერის პოზიციაზე, მობილბანკის გუნდში. აქ არსებულმა მეგობრულმა გარემომ და პროფესიონალთა გუნდმა „ონბორდინგის“ პროცესი საკმაოდ გამიმარტივა და მალევე ჩემი პირველი ამოცანების შესრულება დავიწყე.
M: რა ფუნქციები შედის შენს ყოველდღიურ საქმიანობაში?
„საქართველოს ბანკში“ პროექტების მართვის Agile მეთოდოლოგიას ვიყენებთ, რაც იტერაციული მიდგომაა და გუნდებს შექმნილი პროდუქტის მომხმარებლამდე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიტანაში ეხმარება. ამ იტერაციებს სპრინტებს ეძახიან, რაც ჩვენ შემთხვევაში, 2 კვირას გრძელდება. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა სპრინტში დაგეგმილი საქმის შესრულებას მოიცავს. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი კოდის წერას ეთმობა. დარჩენილი დრო ნაწილდება სხვისი კოდის გადახედვაზე (Code review), უმცროსი დეველოპერების მენტორშიპზე, სხვა iOS დეველოპერებთან ერთად, პროექტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე: system design, არქიტექტურის დაგეგმვა, საჭირო ტექნოლოგიების მოკვლევა-შესწავლა-დანერგვა. ასევე, მაქვს ხოლმე სხვადასხვა სახისა და მნიშვნელობის შეხვედრა: გუნდთან მიმდინარე საკითხებზე სინქრონიზაციისათვის, სხვა დეველოპერებთან ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისათვის და ა.შ.
M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი პროფესიის ადამიანისთვის?
მე სწრაფი ადაპტაციისა და საკუთარი თავის განვითარების უნარს გამოვარჩევდი. ჩვენს სფეროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება და საჭიროა დროულად ავუწყოთ ფეხი ამ ყველაფერს. საჭიროა გვესმოდეს, ვხედავდეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო, რათა ჩვენი უნარები მუდმივად თანხვედრაში იყოს არსებულ რეალობასთან.
M: რა სირთულე ახლავს ანალიტიკოს-დეველოპერის საქმიანობას?
„საქართველოს ბანკი“, ალბათ, საქართველოში ყველაზე დიდი ფინტექ კომპანიაა (მე ასე დავარქმევდი). mBank-ს დაახლოებით 900 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მუდმივად ახალ-ახალი ბიზნეს მოთხოვნები ჩნდება, რომელთა იმპლემენტაციაა საჭირო. ამ მასშტაბის, მუდმივად ცვლადი პროექტის maintenance მარტივი ნამდვილად არ არის. დეველოპერებს ყოველდღიურად გვიწევს ერთმანეთის კოდის გარჩევა, ცვლილების შეტანა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში სინქრონიზაციას, სწორი არქიტექტურის გამოყენებას, კოდის ხარისხის შენარჩუნებას, რათა შემდგომ ახალი ფუნქციონალი „უმტკივნეულოდ“ დაემატოს.
M: რა შეცვალა შენს საქმიანობაში პანდემიამ?
ჩემი პროფესია თავისი არსით ერთ ადგილას ჯდომას და კომპიუტერთან მუშაობას გულისხმობს. ამიტომ პანდემიას, ვფიქრობ, რადიკალურად დიდი არაფერი შეუცვლია. მხოლოდ სხვებთან კომუნიკაციის ნაწილმა მთლიანად გადაინაცვლა სხვადასხვა ციფრულ არხში, რასაც ნაწილობრივ, ისედაც ვაკეთებდით. პროგრამული უზრუნველყოფა ალბათ ერთ-ერთი სწორედ ისეთი საქმეა, რის დისტანციურად კეთებაც სრულიად შესაძლებელია და პანდემიამდეც უამრავი ადამიანი სწორედ ასე მუშაობდა, მსოფლიოში.
M: რა პროგრამებს იყენებ მუშაობისას?
როგორც iOS დეველოპერისათვის მთავარი სამუშაო პროგრამა Xcode-ია: Apple-ის code editor, რომელშიც ვწერ კოდს. ასევე, დამხმარე პროგრამები სხვადასხვა საქმისათვის: Slack, Zoom – გუნდის წევრებთან კომუნიკაციისათვის, Jira – საქმის მენეჯმენტისათვის, Zeplin, Figma – დიზაინების სანახავად და რა თქმა უნდა, – Spotify.
M: რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ საქმეში?
ჩემთვის ძალიან მამოტივირებელია, როცა ამა თუ იმ პროდუქტს ამდენი ადამიანისათვის ხელშესახებად ვაქცევ.
M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
ტექნოლოგიები ძალიან დიდი წილით არის ჩვენს ცხოვრებაში შემოსული. თანაც, მუდმივად იხვეწება და ვითარდება. ბოლო წლების მანძილზე, უამრავი რამის გაციფრულება მოხდა, ჩვენ თვალწინ. მობილბანკები, მიტანის სერვისი, ტაქსის მომსახურება პირდაპირ ჩვენს მობილურებში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი სულ უფრო ზრდის ჩვენი პროფესიის საჭიროებას.
M: რა არის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი?
ალბათ, უამრავი ადამიანისგან მოისმენდით, რომ პროგრამირების სწავლა არის მომავალი და აქტიურად მოგვიწოდებენ ამისკენ. ჩემი აზრით, პროგრამირება მომავალი კი არა, უკვე აწმყოა. ახალი შექმნილი სტარტაპების უმეტესობა სწორედ ტექნოლოგიურ სფეროშია. არსებული დიდი კომპანიები აქტიურად ცდილობენ ციფრულ ტრანსფორმაციას. სხვანაირად, ასეთ კონკურენტულ გარემოში, ალბათ, ვერც გადარჩებიან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენი პროფესიისთვის ბადებს უსაზღვრო შესაძლებლობებს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესებში. ამას ემატება ისიც, რომ ტექნოლოგიურ სექტორში კარგი ადამიანური რესურსის განსაკუთრებული სიმცირეა, შესაბამისად, სამუშაო ადგილის შოვნა, ფაქტობრივად, გარანტირებულია.