კი ამბობდნენ, AI ადამიანებს სამსახურებს წაართმევსო, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, მათ შორის პირველი სანტა თუ იქნებოდა… სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად AI-იც თითქმის ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც მერაია ქერის საშობაო სიმღერა… უკვე გვაქვს სანტას ჩეტბოტები, AI საჩუქრების მრჩეველი, ასევე AI-ის მიერ გენერირებული ჯეიმს სტიუარტი, რომელიც ძილის წინ ზღაპრებს მოგიყვებათ…
SantaGPT ამ თვის დასაწყისში გამოუშვეს, სადაც Santabot-ს შეხვდებით, რომელიც სადღესასწაულო განწყობის გავრცელებასა და საჩუქრებისთვის იდეების მოფიქრებას გპირდებათ. თუმცა ამისთვის ChatGPT Plus-ის გამომწერი უნდა იყოთ, რაც ყოველთვიურად 20 დოლარის გადახდას გულისხმობს.
თუ სხვა ვარიანტიც გაინტერესებთ, მაშინ მსგავს AI Santa ჩეტბოტს შემოგთავაზებთ, რომელიც Hunt.Gather-მა შექმნა. 17 დეკემბრიდან კომპანია Santa’s Magical Mailroom-ს უმასპინძლებს, სადაც შეგიძლიათ, სანტასთან ერთად მეგობრისთვის, შვილისა თუ შეყვარებულისთვის წერილი დაწეროთ. თუმცა ამისთვის რეციპიენტზე სამი ტიპის ინფორმაცია უნდა გაუზიაროთ, რათა გარკვეული კონტექსტი შესთავაზოთ მას და მიახვედროთ, როგორ ადამიანს სწერს. ამის შემდგომ კი სანტა წერილს გამოგიგზავნით და თუ დაადასტურებთ, შეგიძლიათ, გაგზავნოთ კიდეც. მართალია, აქაც 20 დოლარია გადასახდელი, თუმცა ეს ფული Girls Who Code-ის ფონდში ჩაირიცხება.
მედიტაციის აპლიკაცია Calm კი პრემიუმ გამომწერებს ჯეიმს სტიუარტის AI-ის მიერ გენერირებულ ვერსიას სთავაზობს. ამბის დასაწყისში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხმა გეტყვით: „გამარჯობა, მე ჯეიმს სტიუარტი ვარ, მაგრამ ჯიმიც შეგიძლია დამიძახო, დღეს ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც გულს აგივსებს სიყვარულით, იმედითა და ბედნიერებით, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მშვენიერი ზღაპარია“.
ეს რეალობა კი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საცალო მოვაჭრეებმა მომხმარებლების მოსაზიდად AI-ის ინტეგრირება დაიწყეს. Salesforce Shopping Index-ის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ონლაინ შეკვეთები AI-ის მზარდ გავლენას განიცდის. ხოლო მყიდველების 10% აპირებს, რომ მეგობრებისთვის საჩუქრების არჩევაში დაიხმაროს იგი…