გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების ზრდამ კრეატიულ ინდუსტრიაზე საკმაოდ თვალშისაცემი გავლენა იქონია, რასაც ექსპერტები მეტწილად დადებითად აფასებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თითოეული მოწინავე პროგრამა მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს ჩვენთვის — ავტომატურად გენერირებულ კონტენტს კი მარტივად უწოდებენ „კრეატიულ ნამუშევრებს“.
თუმცა, როგორც სააგენტო Huge-ის მთავარი კრეატიული ხელმძღვანელი ფურა იოჰანესდოტირი აღნიშნავს, ზოგჯერ შემოქმედებითობის შაბლონები დიდ ზიანს აყენებს ადამიანებს. „საუკეთესო პრაქტიკებს მარტივად იღებენ, მაგრამ ძალიან ცოტაა საკმარისად მამაცი იმისთვის, რომ რაღაც ახალი აღიაროს. სად წავიდა ველური, ექსპერიმენტული აზროვნება, რომელმაც დღევანდელ მრავალფეროვნებამდე მოგვიყვანა?“, — რიტორიკული კითხვით გამოთქვამს ფურა უკმაყოფილებას, რომელიც მის მიერ აღქმულ მიუღებლობას უკავშირდება. თავადაც ჰქონია ნეგატიური გამოცდილება, როდესაც განსხვავებული პერსპექტივით შექმნილი ნამუშევრები „დაუწუნეს“, თუმცა ახლა მთელ ხედვას ხელოვნური ინტელექტისკენ მიმართავს.
დასაწყისში ვახსენეთ, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტად დადებითად აფასებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც აშკარა ან ფარული შიში აქვს ამ ტექნოლოგიის მიმართ. ფურას თვალსაზრისით, მასში არაფერია საშიში, რადგან ვერც დამოუკიდებლად შექმნის სისტემა რაღაც ინოვაციურს და თან პროგრამების მიერ გაწეული დახმარება ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს გონების დატვირთვას შეუმსუბუქებს. „გენერაციული AI ჩვენს გონებას ათავისუფლებს რეალური შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად. ის ჩვენი დროის გარღვევაა და ცუდი პარტნიორები ვიქნებით, თუ სათანადოდ ვერ გამოვიყენებთ“.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად ხელმისაწვდომ ტექნოლოგიად იქცეს? როგორც ფურა აღნიშნავს, AI-ის გამოჩენა ფოტოგრაფიის საწყის ეტაპს აგონებს, როდესაც მხატვრებს იმის მიხედვით აფასებდნენ, რამდენად ზუსტად შეძლებდნენ ფიზიკური სამყაროს ასახვას. მოულოდნელად კი ყველაფერი შეიცვალა — სრულყოფილების მოთხოვნა ინდივიდუალურმა ინტერპრეტაციებმა ჩაანაცვლა. „ახლაც მსგავსი გარდატეხის პროცესში ვართ. ცხადია, ეს ბიზნესის ბევრი ნაწილს შეაფერხებს — შაბლონებს, ტაქსონომიურ ასპექტებს, მყარად დამკვიდრებულ აზრებს… მაგრამ გვაიძულებს, შემოქმედებით პოტენციალს მეტად ყურადღებით დავაკვირდეთ. ჩვენს ფუნჯებს წაგებულის პოზიციიდან ვყრით თუ საუკუნის შანსს უპრეცედენტო გზებით ვიყენებთ?“
Pantone-თან თანამშრომლობის ამბავი
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პანტონი და Huge წარმატებით თანამშრომლობენ. მიმდინარე წელს კი ერთობლივმა მუშაობამ განსხვავებული სახე შეიძინა — 2023-ის ფერის გამოსავლენად სწორედ ხელოვნურ ინტელექტს დაეყრდნენ, კერძოდ, Midjourney-ის პროგრამას. ეს არ ყოფილა ექსპერიმენტი ექსპერიმენტისთვის, არამედ შესაძლებლობის აღმოჩენა, რომ წლის ფერი ისეთივე გრანდიოზული ეფექტის ყოფილიყო, როგორც 1999-ში — ინიციატივის ამოქმედების პერიოდში.
პროცესი უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, AI-მ შექმნა გამოსახულება, კომპანიების გუნდებმა კი საბოლოო მანიპულირებაზე იზრუნეს, რათა საზოგადოებაში მეტი ემოციური განცდა გამოეწვიათ. „როგორც შემოქმედებითი არსებები, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ, რათა ნედლეული კონცეფცია უფრო მკვეთრი გავხადოთ. ოსტატურ შესაძლებლობებთან ერთად, გასათვალისწინებელია გრძნობითი ასპექტები, რაც ფუნდამენტურ როლს ასრულებს ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობაში“.
მთლიანობაში, როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიის მიღების შემთხვევაში, გამოყენების პრინციპები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დაცული. გენერაციული AI გვეხმარება უფრო სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ შედეგები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვიცავთ ადამიანების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას; შემოქმედების პატივისცემას; კულტურული შესაბამისობის უზრუნველყოფას…