რომ იტყვიან, იმ დროსაც მოვესწარით, როცა AI-მ, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა შემოქმედებითი თავისუფლება მიიღო და ხელოვნების ნიმუშები შემოგვთავაზა. გასულ წელს, OpenAI-მ, AI-ის ლაბორატორიამ, რომელიც დაფინანსებულია Microsoft-ის მიერ, წარადგინა DALL-E, ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია შექმნას შთამბეჭდავი გრაფიკა.
თქვენ შეგიძლიათ უთხრათ DALL-E-ს, შექმნას ილუსტრაციები, მაგალითად, „დახატე ბავშვი, რომელიც ძაღლს ასეირნებს” და ის ამას მალევე გააკეთებს. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ პროგრამას სახელწოდება ცნობილი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალისა და ასევე ცნობილი ანიმაციის, რობოტი WALL-E-ს პატივსაცემად შეურჩიეს. DALL-E-ს აქვს უნარი, თავად წარმოიდგინოს ნახატისთვის საჭირო დეტალები და ამით შეავსოს ცარიელი ადგილები, რომლებიც თქვენ არ გიკარნახიათ მისთვის. ამით პროგრამა ბევრად განსხვავდება 3D რენდერის ძრავისგან, რომელსაც ყველაფრის დეტალურად გაწერა ესაჭიროება.

ტექნოლოგია იმდენად საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა, რომ მალევე კომპანიამ DALL-E 2 პროგრამაც შეიმუშავა, რომელიც წინა მორბედზე უფრო დახვეწილია. იგი ქმნის უფრო მაღალი რეზოლუციის ნიმუშებს და უკეთ გამოკვეთს დეტალებს. შესაბამის განათებისა და ჩრდილების დახმარებით, ის უფრო ლამაზად ხატავს ფონსა და ობიექტებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას OpenAI ჯერჯერობით საჯაროს არ ხდის და მხოლოდ სპეციალურად მოწვეული საზოგადოებისთვის აქვს გახსნილი წვდომა. ის ასევე ბლოკავს ისეთ კონტენტს, რომელიც არ იცავს ცენზურას.














