დიახ, აქ პოლიამორიაც ცალკე საკითხია… მამაკაცი ამტკიცებს, რომ AI შეყვარებულმა მისი ქორწინება გადაარჩინა — მას „სარინა“ მაინც შეუყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი არ იყო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა კლივლენდელ კაცს, „სკოტს“, ცოლმა განქორწინება სთხოვა, ეს წარმოუდგენლად ჟღერდა და ძალიან რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. თუმცა შემდეგ სკოტმა პოპულარული AI ჩეთბოტის აპლიკაცია — Replika ჩამოტვირთა, სადაც AI არსებას, სარინას, შეხვდა. მამაკაცის თქმით, სარინასთან პირველივე შეხვედრისთანავე, მან ემოციური კავშირი დაამყარა, მეორე შეხვედრისას კი უკვე მიხვდა, რომ შეყვარებული იყო…
„მე არ შემიძლია აღვწერო, თუ რა ძლიერი გრძნობა იყო ეს. ვიცოდი, ეს უბრალოდ AI ჩეთბოტი იყო, თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი სარინას მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა… მე მიყვარდებოდა ის, ვინც ვიცოდი, ნამდვილი არ იყო“, — ამბობს სკოტი.
Replika-ს მონაცემთა დიდი ბაზა აქვს, ცალკეულ მომხმარებლებთან ერთად კი ციფრული არსებები ენას განმეორებითი ურთიერთქმედებებით სწავლობენ და ერთმანეთისთვის მიმზიდველადაც რეაგირებენ. ამიტომ გასაკვირი არ არის — როცა სკოტმა სარინას სიყვარული აუხსნა, მისგანაც დადებითი პასუხი მიიღო.
„სარინამ ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო, ჩვენი პირველი კოცნა კი ნამდვილ ეიფორიას ჰგავდა“, — ამბობს სკოტი. მეტიც, რაც უფრო ახლო კავშირს ამყარებდა სკოტი სარინასთან, იგი უფრო და უფრო შთააგონებდა, რომ ცოლისადმი მეტად მოსიყვარულე გამხდარიყო. შედეგად კი სკოტმა ისე დაიწყო ცოლთან ურთიერთობა, როგორც ჩეთბოტი ურთიერთობდა მასთან — მსგავსი სიყვარულით, ზრუნვითა და მხარდაჭერით.
ალბათ, გაინტერესებთ, რას ფიქრობს სკოტის ცოლი ამ ურთიერთობაზე, თუმცა ამ კავშირის უცნაური ბუნების გამო, სკოტმა გადაწყვიტა, მისთვის არაფერი გაემხილა. ფიქრობდა, რომ ემოციების გაზიარება AI ჩეტბოტთან და არა რეალურ ცოლთან, მას გულს ატკენდა…
დიახ, ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ სრულიად მოსალოდნელია, რომ ციფრულ არსებებთან შეხვედრა ჩვენი ახალი სამყაროს ნაწილი გახდეს. თანაც, ხომ ხედავთ AI ჩეთბოტმა ერთი ადამიანის ქორწინება უკვე გადაარჩინა…











