მრავალი სტიქიური მოვლენიდან წყალდიდობა ერთ-ერთია, რომელთანაც ადამიანებს უწევთ გამკლავება. ამას სტატისტიკაც მოწმობს — 2011 წლიდან 2021 წლამდე სიკვდილიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი 114-ს უდრის, კონკრეტული ციფრი კი ამერიკაში 2020 წლიდან 2021 წლამდე 146%-ით გაიზარდა.
ამ საკითხის გადასაჭრელად პროფესორმა ამირ ბეჰზადანმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადაწყვიტა, რათა შეეგროვებინა და გაევრცელებინა რეალური დროის წყალდიდობის მონაცემები ქვეყნის მასშტაბით. მართალია, წყალდიდობები იშვიათი არ არის, მაგრამ ადამიანებმა მაინც ნაკლებად იციან მოსალოდნელი საფრთხისა და შესაძლო შედეგების შესახებ.
ამ საკითხზე დღეს გარკვეულწილად მხოლოდ US Geological Survey ზრუნავს, თუმცა მისი მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის… ბეჰზადანის აზრით კი, რაც უფრო მეტად იქნება ინფორმაციები ხელმისაწვდომი, მით უფრო შეძლებენ ადამიანები შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, თუ რა გააკეთონ წყალდიდობის დროს, როგორ დააღწიონ კონკრეტულ ადგილებს თავი და როგორ დაასუფთაონ ნარჩენები.
რა გააკეთა პროფესორმა? მან საგზაო Stop ნიშნების ფოტოების გადაღება შემოგვთავაზა — კონკრეტული ქალაქის მაცხოვრებლებს დატბორილ ადგილებში სწორედ ამ ნიშნისთვის უნდა გადაეღოთ სურათი და იგი BluePix-ის პლატფორმაზე აეტვირთათ. შემდგომში კი ბეჰზადანის მიერ შექმნილი AI მოდელი ამ ფოტოებს არსებულ Google Street View ფოტოებს შეადარებდა და წყლების სიღრმესაც გაიგებდა.
შთამბეჭდავია ისიც, რომ ყველა გაჩერების ნიშანს ერთნაირი დიამეტრი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სურათების გადაღება კონკრეტული კუთხიდან არ არის საჭირო — ალგორითმს შეუძლია წაიკითხოს და შეამჩნიოს განსხვავებები წყლების სიღრმეების გამოთვლისას.
მეტიც, სისტემა ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომ რუკებზე დაიტანს, რაც მაცხოვრებლებს რეალურ დროში წყალდიდობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ისიც სავარაუდოა, რომ მომავალში ამ მონაცემებს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული სურათები დაემატება…