in

„მე შენზე წიგნი დავწერე…“ – წიგნაკი „აი“, რომლითაც ნებისმიერს გაუზიარებთ ემოციებს

Startauperi
Startauperi

ზოგჯერ ადამიანისადმი სიყვარული იმდენად გვავსებს, რომ გვინდა ემოციებს ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი და თაიგულივით მივართვათ ჩვენი გრძნობების ადრესატს და მასში გამოწვეული სიხარულით დავტკბეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ განვიცდით ასე ძლიერ სიყვარულს – შვილის, მშობლის, მეგობრის, შეყვარებულის თუ სხვების. „აი“ პატარა წიგნაკია ასეთი გულითადი გაზიარებისთვის და მისი შემოქმედი თავად ხართ. წიგნაკის იდეა მაცო ლომაშვილიდან წამოვიდა. მან ჩანაფიქრი მეგობარს, ნინუცა ფალავანდიშვილს გაუზიარა და როდესაც მის თვალებში შთაგონების ციმციმი შენიშნა, წარმოიდგინეს, რამდენ ადამიანს მისცემდნენ ემოციების გამოხატვის განსხვავებულ შესაძლებლობას. იდეამ ორივე აავსო მოტივაციით. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში დაგროვებული ცოდნა გააერთიანეს და დიზაინერთან, ელენე ღუღუნიშვილთან ერთად, „აის“ წიგნაკებს ქმნიან.

M: რას აკეთებს „აი“ – როგორია მისი კონცეფცია?

„აი“ იმ იდეით დაიბადა, რომ უფროსებს გულწრფელი საჩუქრების მნიშვნელობა შეახსენოს. ამის შესაძლებლობას კი დაწერილი ემოციებისა და გრძნობების საშუალებით გთავაზობთ.

წიგნაკები სერიული ხასიათისაა. პირველი დედაზეა და ბავშვობაში დაწერილი წერილების კონცეფცია აქვს. „დე, მე შენზე წიგნი დავწერე“ – შვილებისთვისაა ვინც გრძნობს, უყვარს და მადლიერია. წიგნაკში ფრაზები და წინადადებები, გამოტოვებული სიტყვებით, ინდივიდუალურად არის შესავსები, რაც დაეხმარება შვილს, დედას, შეყვარებულს, მეგობარს… ყველა უთქმელ გრძნობას თავი მოუყაროს და ამ ფორმით გადმოსცეს. ყოველდღიურად ან თუნდაც ხშირად, ხომ ძალიან გვიჭირს ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სიტყვების გაზიარება.

M: ამ სტარტაპის საშუალებით, მომხმარებლის ყოველდღიურობაში რის შეცვლა გსურდათ?

თანამედროვე ცხოვრების რიტმმა ისე შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, რომ ამ სიჩქარეში და ძალიან ბევრ საქმეში გვავიწყდება უმნიშვნელოვანესი, ემოციების გაზიარება. საყვარელი ადამიანებისთვის იმ სიტყვების თქმა, რომლებიც ასე აფერადებს ჩვენს ყოველდღიურობას და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს. ამ ყველაფრის გადმოსაცემად კი ეს ფორმა შევარჩიეთ. გვინდოდა ბავშვური, უანგარო სიყვარულის გამოხატვის გზით გაგვეხსენებინა დიდებისთვის, რომ აი, ახლაც შეგვიძლია არამატერიალური, სიმბოლური საჩუქრების მთელი გულით ჩუქება.

M: რა გამოცდილებით შეუდექით ამ საქმეს?

მე პირველად შევაბიჯე ამ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სამყაროში. ნინუცას კი გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს „სტარტაპის“ შენებისა და განვითარების კუთხით. მჯერა, რომ ჩვენი პროფესიული ხედვა ხელს შეგვიწყობს „აი“-ს სწორ განვითარებაში და ძალიან მალე დასახულ მიზნებს ერთად მივაღწევთ.

M: ვისთვისაა განკუთვნილიაი“?

„აის“ წიგნაკები ცალსახად განკუთვნილია დიდებისთვის, ადამიანებისთვის რომლებიც გამორჩეული შვილები, დედები, შყვარებულები, მეგობრები… არიან და აცნობიერებენ, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. უყვართ საჩუქრების უმიზეზოდ ჩუქება და იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული გამოხატული ემოცია.

წიგნაკების შეძენა ონლაინ პლატფორმებზეა ჯერ-ჯერობით შესაძლებელი. ამ ეტაპზე Facebook-ისა და Instagram-ის გვერდზე ვხვდებით ჩვენს მომხმარებელს, შემდეგ კი წიგნაკს შეთანხმებულ ლოკაციაზე ვუგზავნით, მათ შორის რეგიონებშიც.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?

ეს საქმე ორივესთვის ახალი სუნთქვაა ცხოვრებაში. რაც ამ ყველაფრის კეთება დავიწყეთ ვიგრძენით, ჩვენც კი, როგორ გვაკლდა ეს ემოციების ნაკადი. სულ ახლახან გამოვჩნდით და უკვე იმდენი აცრემლებული დედის თვალები ვნახეთ, ვხვდებით, რომ ამ საქმის გაგრძელება ნამდვილად ღირს და ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

M: თქვენი ხედვით, რამდენად პერსპექტიულია, როგორც ბიზნესი?

წიგნაკი სერიული ხასიათისაა და წინ კიდევ ბევრი გამოცემა გველოდება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ბიზნესს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, სულ განახლებადი და საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის, რადგან შემოქმედებითად ვეცდებით ყოველ ნაბიჯზე ახალი იდეებით გამოვკვებოთ ჩვენი წამოწყება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ძალიან მალე „აის“ სხვადასხვა კომპანიასთან დამეგობრების ამბებსაც მოგიყვებით.

M: რა გამოარჩევსაისმომხმარებლისთვისრით დაამახსოვრებს მას თავს?

პირველ რიგში კომუნიკაციითა და ვიზუალით. ჩვენ, მე და მაცო როგორც იდეის ავტორები არსად ვჩანვართ. მომხმარებელი „აი“-ს ესაუბრება. კომუნიკაციის ეს გზა მეტი ჯადოსნობისთვის ავირჩიეთ. ამ იდეითვე შევქმენით „მასკოტი“, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებებსა და აღქმებს თავისივე ვიზუალით. ეს მეტი შემოქმედებითობისა და ჩვენში მცხოვრები „აი“-ს როლის მორგების/გაცოცხლების შესაძლებლობას გვაძლევს.

M: რა გეგმები გაქვთ თქვენ დააის“?

გეგმები ისეთივე ფერადი და კაშკაშაა როგორც „აი“. ახალი წიგნაკი თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე გამოჩნდება ონლაინ სივრცეში. ამჯერად რომელ საყვარელ ადამიანს გავახარებთ ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ გპირდებით თქვენ იქნებით პირველები ვისაც ამას გავუმხელთ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Spotify-მ პოპულარული მუსიკალური თამაში Heardle შეიძინა

ეფექტური, სტაბილური და ეკომეგობრული თერმოელექტრული მასალა აღმოაჩინეს