ვირტუალური ინფლუენსერები ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოგონილი, ციფრული პერსონაჟები, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს და ძალიანაც ჰგავს რეალურს, ონლაინ აუდიტორიას სულ რამდენიმე წლის წინ სოციალურ მედია პლატფორმებზე ართობდა, აჯადოებდა და ხან აწუხებდა კიდეც.
ბევრი მიმდევარიც ჰყავდათ, რაც მათ ბრენდებთან პარტნიორობის კარგ კანდიდატებად აქცევდა. ასე იყო ლილ მიკელას შემთხვევაშიც, რომელიც საკუთარ თავს „19 წლის ლოს-ანჯელესში მცხოვრებ რობოტად“ აღწერს — Calvin Klein-ის რეკლამაზე სუპერმოდელ ბელა ჰადიდთან ერთად იმუშავა. ბუნებრივია, კარგად გვესმის ის ფაქტი, რომ კულისებში რეალური ადამიანი იმალება, რომელიც ვირტუალურ და რეალურ ადამიანს ერთმანეთს აკავშირებს… აქ კი ერთი კითხვა იბადება: შეიძლება თუ არა ეს ხაზი ჩეტბოტებმა და AI-მ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადოს?!
Louis Vuitton-ის მფლობელმა კომპანიამ საკუთარი ბრენდის ვირტუალური ელჩიც კი შექმნა და გასულ წელს LVMH Innovation Award-ზე წარადგინა. დიახ, ვირტუალური ინფლუენსერები ბრენდებისთვის კრეატიულ სამყაროს აფართოებენ. ასე კი ბრენდებს უნიკალური და ზოგჯერ პროვოკაციული კამპანიების გაშვებაც შეუძლიათ… მაგრამ ასეა თუ ისე, ვირტუალური ინფლუენსერების სიყვარულის საკითხი ჯერ მაინც კითხვით ნიშნის ქვეშაა.
გამჭვირვალობის ნაკლებობა
დღეს ონლაინ სივრცეში რეალური და ხელოვნური ადამიანის ერთმანეთისგან განსხვავება ბევრს შეუძლია. თუმცა მარკეტერებს სწამთ, რომ ეს მალე შეიცვლება — ხელოვნური ინტელექტი ვირტუალურ ინფლუენსერებს ავტონომიურობისა და უფრო რეალური სახის მიღებაში დაეხმარება. ბუნებრივია, ზღვარის წაშლამ რეალურ და გამოგონილ პერსონაჟებს შორის შეიძლება ეთიკური საკითხები წამოწიოს წინ, ამიტომ, აქ მკაცრი რეგულირება ხდება საჭირო.
თუმცა გვეუბნებიან, რომ: „ინდოეთი ამ კუთხით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გამოგონილ პერსონაჟებზე სოციალური მედია პლატფორმების მასშტაბით კანონიერად მოითხოვა გამჭვირვალე ეტიკეტირება“.
იმისათვის, რომ მომხმარებელთა ნდობა შეინარჩუნოთ, თქვენც ამ გზას უნდა მიმართოთ. არავის სურს, ვინმეს თავი „გაასულელებინოს“ და თუ ვინმე ხელოვნურ ინტელექტს ფარულად გამოიყენებს, ასე, ბრენდის რეპუტაციას საფრთხის წინაშე დააყენებს. აქ უმცირესობათა ჯგუფებზეც წუხან, შემთხვევით რასობრივი სტერეოტიპების გაძლიერება რომ არ მოხდეს…
ავატარების ეპოქაში შებიჯება
თუ ვირტუალური ინფლუენსერების ბედი ჯერ კიდევ საეჭვოა, ყურადღების ცენტრში სხვა ტიპის ვირტუალური კრეატორი შეიძლება მოექცეს — მალე ავატარებს უნდა შეეგებოთ. მათ კომპიუტერის მიერ გენერირებულ პერსონაჟებად აღწერენ, რომლებიც ნამდვილ ადამიანებს ციფრულად ასახავენ. დიახ, ავატარები ახალი პროდუქტი არ არის და მაგალითად, გეიმინგში უკვე წლებია, რაც არსებობს… მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ იგი მეტად პოპულარული გახდება, ასე კი, ვირტუალურ და რეალურ ინფლუენსერებს შორის ხაზი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.
მეტიც, ავატარებმა ბრენდებს ციფრულ სივრცეში მეტად ავთენტური და დამაჯერებელი გზებით ინტერაქციის საშუალება უნდა მისცეს. „ავატარებით მფლობელის ვინაობა თქვენი რეალური იდენტობის ციფრული პრეზენტაციაა, თუმცა ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვირტუალურ ინფლუენსერებთან შედარებით, აქ კრეატიულობის მასშტაბიც ნაკლები იქნება“…