in

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ კომუნიკაციას

Lenovo
Lenovo

შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები ყოველდღიური და ოფიციალური კომუნიკაციის დროსაც კი რობოტული სიტყვებით ლაპარაკობენ? თითქოს, AI-ის მიერ დაწერილი ტექსტებია. ტექსტების ავტორები და სპიჩრაიტერებიც მსგავს გამოცდილებაზე საუბრობენ. წამყვანი კომპანიების დამფუძნებლებთან მომუშავე სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში აკვირდებიან, თუ როგორ ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს. ამ ახალ ტენდენციას მათ „ბოტური საუბარი“ უწოდეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტექნოლოგიის გავლენა იჭრება ადამიანებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტექნოლოგიამ კომუნიკაციის ფორმა შეცვალა. თავის დროზე, SMS-ების გამოჩენისას, ლინგვისტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს ენას გააღარიბებდა და გარკვეულწილად ასეც მოხდა. ენათმეცნიერებმა ტექსტურ შეტყობინებებს „თითებით საუბარი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ აბრევიატურები უკვე ხმამაღლაც გამოითქმებოდა. საზოგადოება მოერგო მედიუმის შეზღუდვებს და მედიუმმაც, თავის მხრივ, შეცვალა საზოგადოება.

თუმცა ახლა განსხვავებულია არა მხოლოდ გავლენის მიმართულება, არამედ მასშტაბი, სისწრაფე და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვკარგავთ მოთმინებას. ხელოვნური ინტელექტი პასუხობს მყისიერად, არ სჭირდება სულის მოთქმა ან დაფიქრება. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ასეთ რეჟიმში, მით უფრო მეტად აღიქვამს თანამოსაუბრის ყოყმანს გადასაჭრელ პრობლემად. კოლეგა, რომელსაც საფიქრალად ერთი დღე სჭირდება, ან თანამშრომელი, რომელიც პასუხის გაცემამდე პაუზას აკეთებს, ნელი გვეჩვენება, სინელე კი უკვე პრობლემად აღიქმება.

მაქს პლანკის ადამიანის განვითარების ინსტიტუტის მკვლევრებმა ასობით ათასი ვიდეო და პოდკასტის ეპიზოდი გააანალიზეს, ჩატბოტების პოპულარიზაციამდე და მის შემდეგ და შესამჩნევი ცვლილება აღმოაჩინეს. პოპულარული ენობრივი მოდელის გამოსვლიდან 18 თვის განმავლობაში, მომხსენებლები ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ზედმიწევნით“, „ჩაღრმავება“, „სფერო“ და „დახელოვნებული“, 51%-ით უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე წინა წლებში. მკვლევრები მიუთითებენ, რომ გავლენა მხოლოდ სიტყვების შერჩევით არ შემოიფარგლება. სოციოლინგვისტები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიასთან ხშირი ინტერაქციისას კომუნიკაციაში შეტანილმა მოკლევადიანმა კორექტირებებმა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ცვლილებები არა მხოლოდ ლექსიკაში, არამედ კომუნიკაციის საერთო სტილსა და სტრუქტურაში. ენა ხდება უფრო ორგანიზებული, ფორმალური და ბრტყელი – კარგავს ემოციას და მეტად „დამუშავებულად“ ჟღერს.

ლიდერებისთვის ეს ნდობის პრობლემაა. გუნდებისთვის – კულტურის პრობლემა. პრაქტიკაში კი ეს ასე გამოიყურება: ხელმძღვანელი იწყებს უფრო ტრანზაქციულ კომუნიკაციას, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი – თვითცენზურას. ისინი წყვეტენ ცუდი ამბების გაზიარებას, წინააღმდეგობის გაწევას და აღარ ამბობენ იმას, რისი მოსმენაც რეალურად აუცილებელია. იკარგება გულწრფელობა, რაც ბიზნესში ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია.

სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ამის გამოსწორება რთული არ არის.

დააკვირდით, მართლა უსმენთ თუ უბრალოდ პასუხის გასაცემად ემზადებით. მანქანას არ სჭირდება, რომ მოუსმინონ, მას მხოლოდ ბრძანება სჭირდება. ამ დინამიკაში დიდხანს ყოფნისას, შეიძლება გაუცნობიერებლად დაიკარგოს ნამდვილი მოსმენის ჩვევა. როცა ვინმეს კითხვას დაუსვამთ, მიიღეთ მისი პასუხი. მიეცით საშუალება, რომ ნათქვამი ბოლომდე გაიაზროთ. ეს პაუზა სიცარიელე არ არის, ეს მუშაობის პროცესში მყოფი კომუნიკაციაა.

დააკვირდით, ბრძანებას გასცემთ თუ დიალოგში იწვევთ. ბრძანებები ხურავს საუბარს, კითხვები კი ხსნის მას. თუ ყველაფერი, რასაც ამბობთ, დირექტივაა, თქვენ უკვე ბრძანებებს არიგებთ და აღარ საუბრობთ. შეხვედრებზე სცადეთ საუბარი არასამუშაო კითხვით დაიწყოთ. მაგალითად: „რა იყო ამ კვირის მთავარი მოვლენა თქვენთვის?“. ეს აშენებს ნდობას და თანამშრომელიც უფრო დიდი ალბათობით შეასრულებს დაკისრებულ დავალებას.

წყარო: Fastcompany

„კომპანიის ყველაზე ძლიერ მხარედ მაინც გუნდურობა მიმაჩნია“ – ბაუმერის საიტ მენეჯერის ნიკოლოზ ტოგონიძის ამბავი

„მთავარია, გჯეროდეს, როცა მიზნისკენ მიდიხარ, ეს რწმენა გადამწყვეტია,“ – „ჰანგრიმენი“