in

როგორ ცვლის AI წერის პროცესს?

თუ ადრე მწერლებს მუშაობის პროცესში წერის მუზა ეკარგებოდათ, ეუფლებოდათ განცდა, რომ მათი გონება დაცარიელდა და აღარაფერი ჰქონდათ დასაწერი, ამის მოგვარებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ ან საერთოდ წერის პროცესს თვეობით აჩერებდნენ… დღეს კი ამ ამოცანას ხელოვნური ინტელექტი ასრულებს — მწერლებს უკვე AI მეგობარი ჰყავთ, რომელიც მათ მიერ დაწერილ სიუჟეტზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებს, რა შეიძლება მოხდეს შემდგომ.

დიახ, მაღალი ხარისხის კომპიუტერულად გენერირებული ტექსტის სახით, მათ ჰყავთ მეგობარი, რომელსაც სურს, უბრალოდ გააკეთოს ის, რასაც სთხოვენ, თუნდაც, მას ეს ყოველთვის წარმატებით არ გამოსდიოდეს… ის მწერლებს შემდეგ კითხვებს უსვამს: ტექსტის რომელი ნაწილია ისეთი დამღლელი, რომ სიამოვნებით წაშლიდით? რომელ ნაწილს მოაქვს თქვენამდე ის აუხსნელი ბედნიერება, რომელიც არაფრისგან რაღაცის შექმნისკენ გიბიძგებთ? და რა გიყვართ წერისას ყველაზე მეტად? 

ხშირად მწერლები AI-ს დახმარების საშუალებას აძლევენ, მაგრამ მკაფიოდ განსაზღვრავენ, რომ სიუჟეტის შექმნა ფუნდამენტურად ადამიანების საქმეა და არა, რობოტების. ხელოვნური ინტელექტი კი მათ უბრალოდ ხარვეზების აღმოფხვრაში ეხმარება. თუმცა, კომპიუტერით გენერირებული ტექსტი ხელით ნაწერს შეადარეს, რამაც აჩვენა, რომ მათ ადამიანებზე უკეთესი შესაძლებლობებიც კი შეიძლება ჰქონდეთ…

აქ ერთ საკითხზეც უნდა დაფიქრდეთ, მწერალი AI-ს წინადადების გაგრძელებაში დახმარებას თხოვს, მაგრამ ამ წინადადებით არასდროს მიმართავს ადამიანს, რადგან, როცა საქმე მათ ნამუშევრებს ეხება, ეს არ არის ის გზა, რომლითაც მწერლები ადამიანებთან ურთიერთობენ. მათთვის ნამუშევარი ძალიან დელიკატური საკითხია.

თუმცა მწერლები ხშირად AI-ს საშუალებას აძლევენ, პროექტს კონკრეტული მიმართულება მისცენ და არა, უბრალოდ რამდენიმე წინადადების დამატების უფლება. ამ შემთხვევაში ისინი სადავეებს კომპიუტერს გადასცემენ. აქ დაგეგმვის პროცესიც სახალისო შეიძლება იყოს, რაც სიუჟეტის საკვანძო ადგილების, დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრას მოიცავს, ამასთან, ნებისმიერ აქტივობას, რომელიც წერაზე მაღლა დგას. ეს უკანასკნელი კი ის არის, რასაც ბევრი მწერალი ნაწარმოების რთულ, ინტელექტუალურ და საინტერესო ნაწილად მიიჩნევს, ნაწილი, რომელიც ცალსახად ადამიანურია.

უშუალოდ ტექსტის შედგენაში დღეს არსებულ მრავალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თქვენი დახმარება, მაგალითად SudoWrite, პოპულარული AI ინსტრუმენტი, რომელიც წერის გასაგრძელებლად სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ, აღწერს ხაზგასმულ არსებით სახელებს და ე. წ. ბრეინშტორმინგის მეთოდს მიმართავს იმ იდეების გასაანალიზებლად, რომლებიც თქვენ მიერ აღწერილ სიტუაციას ეფუძნება. Jasper.ai-სა და Lex-ის სისტემებს თქვენივე ინსტრუქციების მიხედვით აბზაცის დასრულებაც კი შეუძლია. აქვე უნდა ვახსენოთ Laika, რომელიც მათი მსგავსია, მაგრამ უფრო მეტად მხატვრულ ლიტერატურასა და დრამაზეა ორიენტირებული.

დღეს არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო და უფრო ვითარდება, თანაც, იმაზე მეტ ტექსტს იყენებს, ვიდრე ადამიანს შეუძლია რომ წაიკითხოს. მისი მოულოდნელი შეთავაზებები კი მწერლებს უკეთესი ნამუშევრების შექმნაში ეხმარება. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მწერლების უმეტესობა AI-ს დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურთ, პროცესი თავად აკონტროლონ, რადგან ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცების შეცვლა რომ დაიწყოს, ეს მწერალს შეაშინებს — ისინი დაიწყებენ ფიქრს, ცვლის თუ არა მათ ხედვას AI, რომელსაც რეალური სამყაროს გამოცდილება საერთოდ არ აქვს…

თუმცა ფაქტია, რომ კომპიუტერით გენერირებული ტექსტი მეტ ადამიანს აძლევს შანსს, თქვან ის, რისი თქმაც სურთ, რეალობად აქციონ საკუთარი ხედვა იმ სისტემის მეშვეობით, რომელიც მათ დაგეგმვაში, შედგენაში, გადახედვასა თუ სხვა რამეში ეხმარება. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ ადამიანები იცოცხლებენ, სრულად კომპიუტერით გენერირებული წიგნები არ იარსებებს, რადგან ბევრად უფრო საინტერესოა ის, რაზეც ადამიანები საუბრობენ და არა, რობოტები.

წყარო: Wired

ნახეთ: 2022 წლის ლანდშაფტის ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები

3 რამ, რაც 2023 წლის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიისთვის გამოგადგებათ