ადრე თუ გვიან, თქვენ მიერ წაკითხული ყველა სიახლე შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას. თუმცა ვიდრე ამ ეტაპამდე მივალთ, ევროკავშირი ახალ კანონებზე მუშაობს, რათა გამჭვირვალობა შენარჩუნდეს ავტომატურად გენერირებულ და ადამიანის ხელით დაწერილ ტექსტებს შორის. ამის პარალელურად, ბაზარზე გამოჩნდა ორი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელთა ერთობლივი ტექნოლოგიაც შეამოწმებს, არის თუ არა ტექსტი AI პროგრამების მიერ დაწერილი.
Quill-ისა და CommonLit-ის მიერ შექმნილი AI Writing Check ღია წყაროა, მისი გამოყენება კი სრულიად უფასოდ შეიძლება. ტექნოლოგიის განვითარება გასული წლის დეკემბერში დაიწყო — დაახლოებით იმ დროს, როდესაც ChatGPT ამოქმედდა და ავტომატურად გენერირებულმა ტექსტებმა იმატა. თანაც, გარდა OpenAI-ის სისტემისა, სხვა ბევრი მსგავსი პლატფორმა არსებობს.
AI Writing Check-ით, მასწავლებლებს და სხვებს, რომლებიც წააწყდებიან საეჭვო ტექსტს, შეუძლიათ უბრალოდ დააკოპირონ და ჩასვან ჩანაწერი ველში და სულ რამდენიმე წამში გაარკვიონ, არის თუ არა ის ხელოვნურად შედგენილი. ამისათვის არც რეგისტრაციაა საჭირო და არც რაიმე თანხის გადახდა.
CommonLit-ის აღმასრულებელი დირექტორის მიშელ ბრაუნის თქმით, ხელოვნური ინტელექტის პლაგიატის შემმოწმებელი ძირითადად აკადემიური ნაშრომებისთვის შეიქმნა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა წინა თაობების მსგავსად განაგრძონ შრომისმოყვარედ სწავლა. მოკლე გზებს გრძელვადიან წარმატებამდე არ მივყავართ“.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ AI Writing Check-ის სიზუსტე მხოლოდ 80-90%-ია, რაც დასტურდება 15000 ესეს სკანირებით.
ამ მომენტისთვის, თაღლითების დაჭერის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი გზაა მათ ადგილზე გასაუბრება, ამბობს ფილოსოფიის პროფესორი დარენ ჰიკი, რომელიც გასულ თვეში გახდა სათაურები მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისმა სტუდენტმა წარადგინა საკლასო დავალება ChatGPT-ის საშუალებით.