in

როგორ ამოვიცნოთ AI-ს მიერ შექმნილი ყალბი კონტენტი?

ონლაინ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული კონტენტი ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუნდაც იმიტომ, რომ ყალბი სურათები, ვიდეოები თუ აუდიო ჭარბად და ბოროტად გამოიყენება. თანაც ყალბი კონტენტის შექმნას დიდი არც არაფერი სჭირდება, უბრალოდ მოთხოვნას ჩაწერთ და დანარჩენს ხელოვნური ინტელექტი მიხედავს. ტექნოლოგიებიც სულ უფრო იხვეწება, რის გამოც, კიდევ უფრო რთულია რეალური ყალბისგან განასხვაო. ამიტომ, ახლა განვიხილოთ, როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ თავიდან ყალბი კონტენტი.

როგორ ამოვიცნოთ ყალბი კონტენტი?

ტექნოლოგიის განვითარების ადრეულ პერიოდში, როცა იგი სრულყოფილისგან საკმაოდ შორს იყო, ყალბი კონტენტის ამოცნობა ბევრად მარტივ საქმეს წარმოადგენდა. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს ხელზე 5-ის ნაცვლად 6 თითი ჰქონდათ, ან სათვალეების ერთი შუშის ფორმა მეორისგან განსხვავდებოდა… თუმცა AI რომ სრულყოფილებას მიუახლოვდა, ამის აღიარებაც მოგვიწევს. ამან ყალბი კონტენტის ამოცნობა კი გაართულა, მაგრამ რაღაც დეტალები მაინც რჩება ისეთი, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევს. 

AI ფოტოებში, განსაკუთრებით კი იმ გამოსახულებებში, რომლებშიც ადამიანები არიან, კანი ზედმეტად სუფთად გამოიყურება და პრიალებს. თუმცა ხშირად AI მანიპულაციებს საკმაოდ სწორად ასრულებს, აქ კი უკვე ჩრდილებისა და განათების შესაბამისობას უნდა დააკვირდეთ. კარგი იქნება, თუ სურათის ფონსაც ყურადღებით შეისწავლით, რადგან ხშირად აქ AI არარეალურ ან ზედმეტად გაპრიალებულ ობიექტებს გვთავაზობს. 

დააკვირდით სახეებს

ექსპერტები სახის კიდეებზე დაკვირვებას გირჩევენ, ნახეთ, რამდენად ესადაგება სახის კანის ტონი სხეულის სხვა ნაწილებს, გადასვლები მკვეთრია თუ პირიქით… ხოლო, თუ მაგალითად ვიდეოს უყურებთ, ადამიანის პირის მოძრაობას დააკვირდით — რამდენად ემთხვევა მათი სიტყვები და პირის მოძრაობა ერთმანეთს? კბილებზე დაკვირვებასაც კი გვირჩევენ, იმის განსაზღვრას ძალიან მკაფიოა, ბუნდოვანი თუ რეალურისგან საკმაოდ შორს? კიბერუსაფრთხოების კომპანია Norton-ის მიხედვით, ალგორითმი არ არის იმდენად დახვეწილი, რომ კბილები ინდივიდუალურად დააგენერიროს.

იფიქრეთ უფრო დიდ სურათზე

ზოგჯერ კონტექსტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს… მაგალითად, როგორ ფიქრობთ, პაპი ნამდვილად ჩაიცვამდა ამ ქურთუკს? და თუ ასე გგონიათ, ლეგიტიმური წყაროებიდან დამატებითი ფოტო და ვიდეო მასალაც ხომ უნდა არსებობდეს?!

გამოიყენეთ AI ყალბი კონტენტის ამოსაცნობად

დიახ, AI თავად ხელოვნურ ინტელექტთან საბრძოლველადაც გამოდგება. მაიკროსოფტის ავთენტიფიკაციის ხელსაწყოზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც ფოტოებსა და ვიდეოებს აანალიზებს, შემდგომ კი ქულას ანიჭებს იმის მიხედვით, თუ რამდენად გვაქვს საქმე მანიპულაციებთან. თუმცა ჯერჯერობით ეს საჯარო არ არის… მაგრამ აქვეა Chipmaker Intel-ის FakeCatcher, რომელიც ალგორითმს იყენებს, რათა გააანალიზოს სურათების პიქსელები და განსაზღვროს, ყალბია თუ არა იგი. ამ მიზნით სხვა ონლაინ ხელსაწყოებსაც შეგიძლიათ, მიმართოთ. 

თუმცა ექსპერტების თქმით, არც ისე სამართლიანია, ჩვეულებრივ ადამიანებს რომ ეკისრებათ ციფრული შერლოკ ჰოლმსების როლი. თანაც ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ ზემოთ მოცემული რჩევებიც კი შეიძლება, ერთ წელში გამოსადეგი აღარ იყოს… 

ინფლუენსერები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად! – როგორ გადაიქცა VELI.store „ქალების მხარდაჭერის ველად“

#AItool: როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა Notion AI-ის დახმარებით