AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც გლობალურად ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდას ისახავს მიზნად. პროექტი მნიშვნელოვანწილად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ქმნის ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს.
უნიკალური და ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო აქტივობებით, საერთაშორისო პარტნიორებით, მულტიმედია და სხვა რესურსებით, ინიციატივა სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს მოიცავს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ქალებს, აკადემიურ სივრცეს და მცირე და საშუალო ბიზნესს.
პროექტი პირველ ეტაპზე საქართველოში განხორციელდება, შემდგომში კი გაზიარდება და გავრცელდება საერთაშორისო სივრცეში.
AI4Globe 4 მიზნობრივ ჯგუფს აერთიანებს:
ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთათვის შეიქმნება AI წიგნიერებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსები, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, სასკოლო საინფორმაციო შეხვედრები და ინოვაციების ბანაკები, იდეათონები და კონკურსები. მომზადდებიან და გადამზადდებიან მასწავლებლები და მშობლები/მეურვეები. ფართო თემატიკა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და გამოწვევებს, კიბერჰიგიენას და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის პრაქტიკებს. AI4Globe პროექტის ბავშვებისა და ახალგაზრდების კომპონენტის მხარდამჭერია UNICEF Georgia.
ქალები, რომლებიც გადამზადდებიან ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პროგრამირების, ტექნოლოგიურ სფეროში კარიერული წინსვლის მიმართულებით. აღნიშნული კომპონენტის მონაწილეთათვის ჩატარდება ჰიბრიდული ტრენინგები სხვადასხვა რეგიონებში, შეიქმნება პოდკასტების სერია, ჩამოყალიბდება AI სფეროში მომუშავე ქალთა გაერთიანება, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები უნარების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. UN Women-ის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ უკვე მიმდინარეობს უპრეცედენტო პროექტი Women in AI, რომლის მასშტაბების გაფართოება და ინტერნაციონალიზაცია, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მოხდება.
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლისთვისაც ჩატარდება გადამზადების პროგრამები და ვორკშოპები, ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინტეგრაციის შესახებ, მომზადდება და ღია წვდომით გაზიარდება უნარების განვითარებისთვის საჭირო უნიკალური მულტმედია მასალა, ჩატარდება ბიზნესის AI ბანაკები, მოხდება ტრენერთა ტრენინგი (ToT), შეიქმნება ციფრული ტრანსფორმაციის უფასო საკონსულტაციო სერვისები. აღნიშნულ კომპონენტში ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა წარიმართება ევროპის ბიზნესასოციაცია, European Business Association (EBA)-სთან.
აკადემია, რომელიც მკვლევარების, მეცნიერების, პროფესორების მონაწილეობით, შექმნის ქვეყნის საჭიროებათა რუკას, იდენტიფიცირებას გაუკეთებს საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, შეიმუშავებს AI წიგნიერების სახელმძღვანელოს, შექმნის სწავლებასა და კვლევისთვის საჭირო მეთოდოლოგიურ დოკუმენტს და უზრუნველყოფს ინიციატივის ინტერნაციონალიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
AI4Globe-ის პარტნიორები არიან: UNICEF, UN WOMEN, UNICRI, KTH შვედეთი; გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი; TalTech, ესტონეთი; ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გერმანია; Beetroot Academy, შვედეთი-უკრაინა; Tekwill; ევროპის ბიზნეს ასოციაცია.
[R]