წელს, პირველად, ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში სამი დადგმით ჩამოვიდა. პირველი, „ბალ-მასკარადი“ უკვე გაიმართა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. საღამო 16 აგვისტოს შედგა. ახლა, საორგანიზაციო ჯგუფმა, შეკვეთილში „ბლექ სი არენაზე“ გადაინაცვლა.

„ აქ დი ვერონასეული „აიდას“ დადგმა ხორციელდება და საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოიტანეს შესაბამისი დეკორაციები, ასევე კოსტიუმები“.
„აიდას“, მაყურებელი, 23 აგვისტოს იხილავს. დადგმაში მონაწილეობენ: სუზანა ბრანკინი (აიდა), დეიან ვაჩკოვი (ეგვიპტის მეფე), დანიელა ბარჩელონა (ამნერისი), სერხიო ესკობარი (რადამესი), გაბრიელე ვივიანი (ამონასრო), გიორგი ანდღულაძე (რამფისი), ფილიპო მიკალე (მაცნე), გონჯა დოგანი (უმაღლესი ქურუმი ქალის ხმა). დირიჟორი – პიერ ჯორჯო მორანდი, რეჟისორი – ენრიკო სტინკელი, კოსტიუმების მხატვარი – კარლა გალერი, სცენოგრაფი – ჯუზეპე დე ფილიპი, განათების მხატვარი – ენრიკო სტინკელი.

ვერდის ფესტივალი საქართველოში, 25 აგვისტოს, გალა-კონცერტით დასრულდება.
„ ჟუზეპე ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქებში პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება. 2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ფესტივალი პროგრამის ,,საქართველო, ევროპა” ფარგლებში იმართება“.

ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-სა და Biletebi.ge-ზე.
ფესტივალის ორ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, 23 და 25 აგვისტოს, დამატებითი მატარებელი ინიშნება. რეისები ორივე მიმართულებით შესრულდება.

„23 და 25 აგვისტოს, თბილისი – ბათუმის მატარებელს და 24 და 26 აგვისტოს ბათუმი-თბილისის მატარებელს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ“.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით Georgian Railway Tickets და ვებგვერდებზე Railway.ge; TKT.GE; Biletebi.ge; matarebeli.ge. ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.












