გაგიკვირდებათ და, მსოფლიოს პირველი ელექტრომობილი მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მისი გამოგონება რამდენიმე ადამიანს უკავშირდება. 1828 წელს, ანიოს იედლიკმა გამოიგონა ელექტრული ძრავი, შემდეგ კი, ამ ძრავის მქონე მცირე ზომის ავტომობილიც ააწყო. 1834 წელს, მჭედელმა ვერმონტ თომას დევენპორტმა ააგო მსგავსი მოწყობილობა. 1834 წელსვე, ჰოლანდიელმა პროფესორმა, სიბრანდუს სტაინინგმა და მისმა თანაშემწემ, კრისტოფერ ბეკერმა, შექმნეს მცირე ელექტრომობილი, რომელიც ერთჯერად ელემენტებზე მუშაობდა. შემდეგ, იყო გალვანურ ელემენტებზე მომუშავე ელექტრო ლოკომოტივი, 1837 წელს… თუმცა, 20-ე საუკუნის დასაწყისში, ინტერესი საწვავის ძრავის მქონე ავტომობილების მიმართ სწრაფად გაიზარდა და ელექტრომობილებმაც აქტუალობა დროებით დაკარგა. თუმცა, XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მსოფლიო ემისიით გამოწვეული გარემოს დაბინძურებასა და ეკოლოგიურ საფრთხეზე ალაპარაკდა.
ავტომწარმოებლებმა ელექტრომობილების წარმოებაზე დაიწყეს მუშაობა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნამაც პერმანენტულად იმატა. ამ ტენდენციას საქართველოც შეუერთდა. ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობა იწყება. თანამედროვე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქართულმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა AiGroup-მა საკუთარ თავზე აიღო.
“დამზადებულია საქართველოში” – ამ წარწერით გავა საერთაშორისო ბაზარზე ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილები და როგორც ამბობენ, ევროპის ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტად იქცევა, რაც ამავდროულად, ვალუტის გადინებას შეამცირებს.
კომპანია Aigroup -ის ხელმძღვანელის, კახა გულედანის ინფორმაციით, ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰა ფართობზე განთავსდება. ელექტრომობილების საწარმოში, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჩანგანის“ პარტნიორობით განხორციელდება.
“დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაში, ვგეგმავთ საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო პირველ ქართულ ელექტრომობილებს იხილავს, აღნიშნულ პროდუქტს გავიტანთ ევროპისა და აზიის ბაზარზე, ცხადია, დავაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარსაც. სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სულ მალე ჩვენი ქუჩები სრულიად დაიტვირთება ელექტრომობილებით, რაც მიანიშნებს ჩვენს ზრუნვას გარემოზე. შედეგად, დაიზოგება ელექტრომატარებლების იმპორტი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ვალუტის გადინებაც შემცირდება”, – განაცხადა კახა გულედანმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, უახლოესი 10 წელიწადში დღეს არსებული ავტომობილების ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლებაა დაგეგმილი: “მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია Aigroup, რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის “ჩანგანის” დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას. რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება იწყება…”
ელექტრომობილების პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველში მწვანე ბიზნესის წარმოებასა და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნას შესაძლებელს გახდის. ავტორების თქმით, პროექტის საშუალებით, ქუთაისი დაიბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აიგრუპი დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით. ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.
ქართული ავტომობილის დიზაინი ამჟამად იქმნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინს სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია შექმნის: “ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული აღნიშნულ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბუქ ელექტრომობილზე, რომელიც სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე წარსდება. ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის არა მარტო საქართველოში გაყიდვას, არამედ მთელ მსოფლიოში. ისეთ ელექტრომობილებს შევქმნით, რომლებიც 100 წლიან ბრენდებს გაუწევს კონკურენციას, მე ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ.”
ელექტრომობილების ქარხნის პროექტი შეაფასა იტალიელმა ექსპერტმა და სამრეწველო დიზაინერმა, დოქტორმა ჯან კარლო პერინიმაც: “ელექტრომობილების წარმოების განვითარება, უალტერნატივო გზაა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად, უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი – დიზაინერები და ინჟინრები – რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში“.