in

AI-მ პაციენტების დიაგნოზი სასწრაფო დახმარების ექიმებზე სწრაფად დასვა

Lenovo
Lenovo

ცნობილი გამოცემები “The Guardian” და “Techcrunch” ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალ კვლევას გვიზიარებენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.

ახალი კვლევა ადგენს, თუ როგორ მუშაობს დიდი ენობრივი მოდელები (AI) სხვადასხვა სამედიცინო სიტუაციაში, მათ შორის სასწრაფო, გადაუდებელ შემთხვევებში. ესპერიმენტი ფოკუსირებული იყო ბოსტონის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მისულ 76 პაციენტზე. ხელოვნურ ინტელექტს და ადამიან ექიმებს ერთი და იგივე სტანდარტული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერი მიეცათ წასაკითხად. ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მოდელმა დიაგნოზის სიზუსტით ადამიან ექიმებსაც კი აჯობა.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Science და განხორციელდა Harvard Medical School-ისა და Beth Israel Deaconess Medical Center-ის ექიმებისა და კომპიუტერული მეცნიერების გუნდით. მათ OpenAI-ს მოდელების მუშაობა რეალური ექიმების გადაწყვეტილებებს შეადარეს.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში გაანალიზდა 76 პაციენტის შემთხვევა, რომლებიც Beth Israel-ის გადაუდებელ განყოფილებაში მოხვდნენ. ამ პაციენტების დიაგნოზები ერთმანეთს შეადარეს: ორი თერაპევტი ექიმის მიერ დასმული და OpenAI-ს მოდელების – o1 და 4o-ის მიერ გენერირებული. შედეგების შეფასება გააკეთეს სხვა ექიმებმა ისე, რომ არ იცოდნენ, რომელი დიაგნოზი ეკუთვნოდა ადამიანს და რომელი – AI-ს.

აღმოჩნდა, რომ o1 მოდელი დიაგნოზის დასმის სხვადასხვა ეტაპზე ან უკეთეს შედეგს აჩვენებდა, ან, როგორც მინიმუმ, ექიმების დონეზე მაინც იყო. განსაკუთრებით დიდი განსხვავება ჩანდა პირველ ეტაპზე – პაციენტის პირველადი მიღების დროს, როცა ინფორმაცია ყველაზე ნაკლებია და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა საჭირო.

კვლევაში გამოყენებული მონაცემები არ ყოფილა სპეციალურად დამუშავებული. AI-მ მიიღო ზუსტად იგივე ინფორმაცია, რაც ექიმებს ჰქონდათ იმ მომენტში სამედიცინო ჩანაწერებში. ამ პირობებში, o1-მა დაახლოებით 67% შემთხვევაში სწორ ან ძალიან ახლოს მდგომი დიაგნოზი აჩვენა, მაშინ როცა ექიმების შედეგები დაახლოებით 50–55% ფარგლებში იყო.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მოდელმა პრაქტიკულად ყველა ტესტში გადააჭარბამწინა AI სისტემებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ AI უკვე მზადაა დამოუკიდებლად მიიღოს სიცოცხლესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მათი აზრით, საჭიროა დამატებითი, რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევები, რათა უკეთ შეფასდეს ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება პაციენტების მკურნალობაში.

ასევე აღინიშნა, რომ კვლევა მხოლოდ ტექსტურ მონაცემებზე მუშაობას ეხებოდა. სხვა ტიპის მონაცემებთან (მაგალითად, გამოსახულებები) AI-ს შესაძლებლობები ამ ეტაპზე უფრო შეზღუდულია.

ერთ-ერთმა ექიმმა-მკვლევარმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მკაფიო პასუხისმგებლობის სისტემა AI-ს მიერ დასმული დიაგნოზებისთვის და პაციენტებს სურთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებში ადამიანი ექიმი იყოს ჩართული.

კვლევა მოიცავს კრიტიკასაც – ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ შედეგები შეიძლება გადაჭარბებულად იყოს წარმოდგენილი, რადგან AI შეადარეს არა გადაუდებელი მედიცინის, არამედ სხვა პროფილის ექიმებს. მათი თქმით, ასეთ შედარებას პრაქტიკული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. 

როგორ დავზოგოთ დრო ChatGPT-სთან მუშაობისას

ქუთაისი – ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია | როგორია საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანია