1980-იანი წლების დასაწყისში სპორტული ფეხსაცმელი უბრალოდ სპორტული ფეხსაცმელი იყო, სანამ ერთი ახალგაზრდა კალათბურთელი და ერთი გიგანტური კომპანია ისტორიას არ შეცვლიდნენ. ეს იყო Air Jordan-ის დაბადება – ბრენდის, რომელიც გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ სპორტული ხაზის პროდუქტი.
დასაწყისი: მაიკლ ჯორდანი და Nike-ის რისკიანი ნაბიჯი
1984 წელს Nike ჯერ კიდევ არ იყო მოდის სიმბოლო. კომპანია ცდილობდა ახალი ენერგიის შემოტანას ბაზარზე და ყურადღება მიაპყრო ერთ კონკრეტულ ახალბედა კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს, რომელიც მაშინ „ჩიკაგო ბულსში” თამაშობდა. ჯორდანს თავდაპირველად სხვა ბრენდებთან, კერძოდ, Adidas-თან და Converse-თან თანამშრომლობა სურდა, მაგრამ Nike-მა შესთავაზა რაღაც სრულიად განსხვავებული: საკუთარი ხაზის შექმნა, სადაც ის იქნებოდა მთავარი სახე და შთაგონება.
Nike-ის დიზაინერმა, პიტერ მუარმა და მარკეტინგის გუნდმა შექმნეს კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამდა ჯორდანის ფრენას, ელეგანტურ სტილსა და თამაშის დინამიკას. ასე დაიბადა Air Jordan 1, რომელიც 1985 წელს გამოვიდა ბაზარზე.
აკრძალული ფეხსაცმელი და პოპულარობა
NBA-მ Air Jordan 1-ის თავდაპირველი დიზაინი აკრძალა, წითელი და შავი ფერები არ შეესაბამებოდა ლიგის ფორმის რეგულაციებს, მაგრამ Nike-მა ეს აკრძალვა მარკეტინგულ იარაღად აქცია: მათ შექმნეს ლეგენდარული სლოგანი – “NBA may have banned them, but they can’t stop you from wearing them.”
შედეგად, გაყიდვები გაიზარდა. პირველივე წელს 126 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა Air Jordan-ით, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენელი თანხა იყო.
ინოვაციიდან იმპერიამდე
1980-იანების ბოლოსა და 1990-იანების განმავლობაში ყოველი ახალი მოდელი – Air Jordan II, III, IV, V და სხვა მოდელები უკვე კულტურული მოვლენა ხდებოდა. დიზაინერები, მათ შორის, ტინკერ ჰეტფილდი, ქმნიდნენ ფეხსაცმელს, რომელიც აერთიანებდა ტექნოლოგიურ სიახლეს, სტილსა და სიმბოლურ მნიშვნელობას.
Air Jordan III-მ პირველად წარმოადგინა „Jumpman“ ლოგო, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა მსოფლიოში.
კულტურა და მემკვიდრეობა
ჯორდანის წარმატებამ მოიცვა არა მხოლოდ სპორტი, არამედ მუსიკა, ქუჩის მოდა და პოპკულტურა. Air Jordan გახდა იდენტობის, თავდაჯერებისა და ამბიციურობის სიმბოლო.
1997 წელს Nike-მა გადაწყვიტა, რომ Air Jordan საკუთარი ბრენდი გამხდარიყო, ასე შეიქმნა Jordan Brand, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს როგორც ნახევრად დამოუკიდებელი კომპანია Nike-ის ქოლგის ქვეშ.
მოდის, სპორტისა და კოლაბორაციების ხანა
დღეს Air Jordan არის მილიარდდოლარიანი ბიზნესი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სპორტულ ფეხსაცმელს, არამედ ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ლიმიტირებულ კოლაბორაციებს ისეთ მოდის სახლებთან, როგორიცაა Dior, Travis Scott, Off-White და სხვები.
ბრენდი კვლავ ინარჩუნებს თავის მემკვიდრეობას ყოველი ახალი გამოშვება აერთიანებს ინოვაციასა და ნოსტალგიას, ხოლო ძველი მოდელები (მაგალითად Air Jordan 1 Retro) აუქციონებზე ასობით ათას დოლარად იყიდება.
მემკვიდრეობა, რომელიც ფრენას აგრძელებს
დღეს ოთხი ათწლეულის შემდეგ, Air Jordan მხოლოდ სპორტული ბრენდი აღარ არის, ის კულტურული ფენომენია. მაიკლ ჯორდანის მემკვიდრეობა ცოცხლობს ყოველი ახალი მოდელის, ყოველი ლიმიტირებული გამოშვების და ყოველი ადამიანის გავლით, ვინც მას ატარებს.
Air Jordan გვახსენებს, რომ ხანდახან საკმარისია ერთი ფრენა – რომ სამუდამოდ შეცვალო ისტორია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.











