აირბაგები, ეს ის ბალიშებია, რომლებსაც რეალურად უამრავი სიცოცხლე ჰყავს გადარჩენილი. უსაფრთხოების ღვედის მსგავსად, დღესდღეობით ის არის მანქანით მშვიდად მგზავრობისა და ავარიის შემთხვევაში დაზიანების შემსუბუქების საშუალება. ისინი გაზით დაბერილი ბალიშებია, რომლებიც მანქანის საჭესთან მონტაჟდება და შეჯახების შემთხვევაში მომენტალურად იხსნება. ის არის დამცავი ბარიერი მგზავრებსა და მყარ ზედაპირებს შორის.
აირბაგების ტიპები
აირბაგები, როგორც წესი, ორი ტიპის არსებობს: წინა და გვერდითი დარტყმისთვის. ე.წ. ფრონტალური აირბალიშები ავტომატურად განსაზღვრავს, რა დონის სიმძლავრე ექნება მძღოლის ან მგზავრის მხარეს დარტყმას. სპეციალური მონაცემების შეყვანით, მას შეუძლია ამოიცნოს მგზავრების ზომები, პოზიცია და ავარიის სიმძიმე.
გვერდითი დარტყმის აირბალიშები არის გასაბერი მოწყობილობები, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას თავი და/ან გულმკერდი ავტომობილის გვერდით შეჯახებისას სერიოზული ავარიის შემთხვევაში.
როგორ გაჩნდა აირბაგები?
აირბაგების გაჩენა რამდენიმე ადამიანს სახელს უკავშირდება და ისინი თავისებურად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ამ მიმართულებით, ამიტომ მოკლედ თითოეულ მათგანზე მოგითხრობთ.
1968 წლისთვის ალენ ბრიდმა აშშ-ში დააპატენტა უსაფრთხოების ბალიშების შექმნის მექანიზმი, რომელიც იმ დროისთვის არსებულ ავარიის გამომცდელ ერთადერთ ტექნოლოგიაზე იყო დაფუძნებული. მისმა სისტემამ გამოიყენა ელექტრომაგნიტური სენსორი და ფოლადის ბურთი, რომელიც მაგნიტით მიმაგრებული იყო მილზე. ეს იყო მსოფლიოში პირველი ელექტრომექანიკური საავტომობილო აირბაგების სისტემა. თუმცა, უნდა დავსძინოთ, რომ მცდელობები მანამდეც იყო, დაახლოებით 50-იან წლებში. გერმანელმა ვალტერ ლინდერერმა და ამერიკელმა ჯონ ჰეტრიკმა წარადგინეს აირბაგების წინამორბედების პრიმიტიული პატენტები.
ჰეტრიკი ამ იდეამდე პირადი მიზეზით მივიდა. ის აშშ-ს საზღვაო ფლოტში მსახურობდა და ავტოკატასტროფაში მოხვდა ცოლ-შვილთან ერთად. მართალია, სამივე მგზავრი გადარჩა, მაგრამ ჰეტრიკი დაფიქრდა მოწყობილობის საჭიროებაზე, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება შეჯახების შემთხვევაში.
შემდეგი იყო Linderer-ის აირბაგი, რომელიც დაფუძნებული იყო შეკუმშული ჰაერის სისტემაზე, რომელიც გამოიყოფა ბამპერთან კონტაქტით ან მძღოლის მიერ. ჰეთრიკმა მიიღო პატენტი 1953 წელს და მას უწოდებდა „უსაფრთხოების ბალიშის შეკრებას მანქანებისთვის”. 1960-იანი წლების შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ შეკუმშულ ჰაერს არ შეეძლო აირბალიშების სწრაფად გაბერვა, რომ ეფექტური ყოფილიყო.
1964 წელს იაპონური ავტომობილების ინჟინერი, იასუზაბურუ კობორი ავითარებდა აირბაგების „უსაფრთხოების ბადის“ სისტემას, რომელიც გამოიყენებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას მათი გაბერვისთვის, რისთვისაც მას მიენიჭა პატენტი 14 ქვეყანაში. სამწუხაროდ, კობორი გარდაიცვალა 1975 წელს და ვერ მოესწრო თავისი იდეების პრაქტიკულ ან ფართო გამოყენებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითები განიხილება როგორც უსაფრთხოების ბალიშების ინდუსტრიის დასაწყისი, მათი მასობრივი განთავსება ავტომობილებში არ დაწყებულა 90-იან წლებამდე.
პირველი აირბაგიანი მანქანა
უსაფრთხოების ბალიშების ტექნოლოგიაში რევოლუციის შემდეგ, ავტოკომპანიებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ თავიანთ მანქანებში. GM-მ და Ford-მა 70-იან წლებში რამდენიმე სატესტო მანქანაში დაიწყეს აირბალიშების დაყენება. GM-მა გადაწყვიტა, შეექმნა აირბაგებით აღჭურვილი მანქანები 1973 წლის Chevy Impala-ს სახით. მანქანებს არსებობის 20 წლის შემდეგ ავარიის ტესტირება ჩაუტარდათ და შედეგები განსაცვიფრებელი იყო. აირბალიშები ისევ მუშაობდა.
პირველი მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სამგზავრო აირბალიშებით, იყო GM-ის Oldsmobile Toronado, თუმცა მომხმარებლის მხრიდან დაბალი ინტერესი იყო უსაფრთხოების მახასიათებლების მიმართ და არც მაინცდამაინც ამ მოდელის მანქანაზე იყო დიდი მოთხოვნა.
ფატალური შედეგები
1960-იანი და 1970-იანი წლები იყო ეპოქა, როდესაც ამერიკელები ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს კარგავდნენ ავტოკატასტროფებში, ვიდრე ომში. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი კვირაში 1000-ს აჭარბებდა. ამ მაჩვენებლებმა აიძულა ამერიკელები, ეფიქრათ აირბაგების გამოყენებაზე.
ამას დაემატა ის, რომ 1965 წელს ამერიკელმა ადვოკატმა, რალფ ნადერმა დაწერა წიგნი, რომელიც ავტომწარმოებლებს დაუცველი მანქანების წარმოებაში ადანაშაულებდა. მან აქ ისიც ახსენა, თუ როგორ უგულებელყოფენ კომპანიები ტექნოლოგიას, რომელიც არსებობს მანქანების უსაფრთხოებისთვის.
მან იმდენი იბრძოლა თავისი იდეისთვის, რომ არა მარტო ავტომწარმოებლებისა და მძღოლების, არამედ პოლიტიკოსთა ყურადღებაც მიიპყრო. პირველად იყო უსაფრთხოების ღვედების შემოღების მცდელობა, თუმცა ხალხმა უარი თქვა მასზე. ამიტომ ავტომწარმოებლები მიუბრუნდნენ აირბაგების იდეას, რადგან მას არ სჭირდება რაიმე მოქმედება მგზავრის მხრიდან, ის თავის ფუნქციას ავტომატურად ასრულებდა საჭიროების შემთხვევაში.
რეალურად, აირბაგის დამკვიდრებას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა, რადგან როგორც ვნახეთ, პირველი მცდელობები 50-იან წლებში გამოჩნდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით 90-იან წლებამდე ვერ იქცა მასობრივ მოთხოვნად აღჭურვილობად მანქანებში.
1994 წელს TRW-მ დაიწყო პირველი გაზით გაბერილი უსაფრთხოების ბალიშის წარმოება. 1998 წლიდან კი ყველა ახალ მანქანისთვის სავალდებულო გახდა აირბალიშების ქონა. აქედან მოყოლებული, აირბაგი მანქანის უსაფრთხოების სინონიმად იქცა. დღეს მის გარეშე თანამედროვე მანქანას ვერ ნახავთ და სტატისტიკურად, წინა აირბალიშები ამცირებენ სიკვდილიანობას 30%-ით, ხოლო გვერდითი აირბალიშები 37%-ით. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მანქანაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაზიანებულია. გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ დაზიანებული ან უკვე ერთხელ გახსნილი აირბალიშები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი