ადამიანები მოგზაურობის დროს გართობაზე სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ და შესაბამისად, მსოფლიო ტურიზმის სფეროში კონკურენციაც იზრდება. როგორც The Wall Street Journal წერს, ისეთი ონლაინ სერვისები, როგორებიც არიან Airbnb, Booking, Expedia და TripAdvisor, სასტუმროსა თუ რესტორანის დაჯავშნასთან ერთად, მომხმარებლისთვის გართობის სერვისის შეთავაზებას აპირებენ. უფრო კონკრეტულად, გეგმავენ გააციფრულონ მოგზაურობის აქტივობის 80%, რომელიც აქამდე ოფლაინ სერვისს წარმოადგენდა.
ეს ნიშნავს, ასეთი ვებგვერდები ცდილობენ მიაწოდონ მომხმარებელს იმაზე მეტი, ვიდრე ბინის დაჯავშნა, თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა, თუ მანქანის დაქირავებაა. „ვოლ სთრით ჟურნალის“ თქმით, ისინი ცდილობენ მომხმარებლისთვის მეტი გამოცდილების შეთავაზებას, იქნება ეს ექსკურსიები, ტურები ქვეყნის სამზარეულოს გასაცნობად, თუ სხვადასხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილში.
2014 წლიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, ტურისტების მიერ მოგზაურობისას გართობაზე დახარჯული თანხა 21%-ით, 159 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აქამდე, ისინი გართობის სერვისს ტურისტულ სააგენტოებში ყუდულობენ, ასევე, კონკრეტული სასტუმროსგან, ან თუნდაც, ქალაქებში სეირნობისას. თუმცა, არა ონლაინ.
„ეს არის ტურიზმის სფეროს ერთადერთი ბოლო მომსახურება, რომელიც მთლიანად არ არის ონლაინში გადასული“, – აცხადებს Euromonitor International-ის ტურიზმისა და მოგზაურობის განყოფილების ხელმძღვანელი, კეროლაინ ბრემნერმა.

სრულად შეითავსებენ, თუ არა ონლაინ დაჯავშნის გიგანტები ტურისტული სააგენტოების ფუნქციას?
„ტურისტულ სააგენტოებს, ჯერჯერობით, ონლაინ კონკურენტების გამოჩენის არ ეშინიათ, რადგან ისინი მომხმარებელს ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობენ. მომავალშიც, მომსახურების მაღალი დონის გამო, ტურისტები მაინც სააგენტოების სერვისს აირჩევენ“, – ამბობს American Society of Travel Advisors-ის ხელმძღვანელი ერიკა რიხტერი.
მეორე მხრივ კი, TripAdvisor-ის ინფორმაციით, ექსკურსიებისა და გასართობი ღონისძიებების დაჯავშნა არის ყველაზე სწრაფად მზარდი შემოსავლის წყარო. გასულ წელს კომპანიამ ამ მომსახურებით 180 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აგვისტოში ამერიკაში სერვისი Booking Experiences ამოქმედდა, რომელიც ტურისტებს გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს. რაც შეეხება Airbnb-ს, მან გართობის სერვისი 2 წლის წინ აამოქმედა და დღეს, Airbnb ტურისტებს მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში, 15 000-მდე გართობის სერვისს სთავაზობს.










