გახსოვთ ნოემბერში Airbnb-მ Siri-ს თანადამფუძნებლის მიერ შექმნილი AI კომპანია GamePlanner.AI რომ შეიძინა? ეს ამბავი ციფრებში 200 მილიონ დოლარს უდრიდა. ახლა კი Airbnb-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ჩესკი AI-სთან დაკავშირებულ გეგმებზე იწყებს საუბარს. მოკლედ რომ გითხრათ, ისინი „ყველაზე ინოვაციური AI ინტერფეისის შექმნას აპირებენ“. თუმცა თავს არც AI-ის მშენებელ კომპანიად თვლიან და არც დიდი ენობრივი მოდელების შექმნას აპირებენ, არამედ ისეთი კომპანიების მიერ შემუშავებულ AI ტექნოლოგიებს დაეყრდნობიან, როგორებიცაა OpenAI, Meta და Google.
კომპანიაში სწამთ, რომ მათ შეუძლიათ ახალი ინტერფეისის შექმნა, რომელსაც წვდომა ექნება თანამედროვე AI მოდელებზე. ეს კი სწორედ ის არის, რაშიც Airbnb-ს GamePlanner-ის შეძენა დაეხმარება.
„მართალია, AI მოდელები ძალიან ძლიერია, მაგრამ ინტერფეისი ნამდვილად არ არის AI ინტერფეისი, იგივეა, რაც 2000-იან წლებში იყო. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არსებული მოდელები არ არის საკმარისად გამოყენებული. ამის თქმა სხვა გზითაც შეგვიძლია — უბრალოდ აიღეთ ტელეფონი და მასში არსებულ სიმბოლოებს დააკვირდით. აპლიკაციების უმეტესობა ფუნდამენტურად არ შეცვლილა გენერაციული AI-ის გამოჩენის შემდეგ…“, — აცხადებს ჩესკი.
თუ მობილური ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოჩენამ Airbnb-ის ბიზნესი გააუმჯობესა, ახლა ამას კიდევ ერთხელ AI შემოგვთავაზებს. სწორედ ამიტომ, კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებენ. უფრო ზუსტად, სურთ მისი დახმარებით მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებული გამოცდილება შესთავაზონ.
„წარმოიდგინეთ აპლიკაცია, რომელიც ისე გაგრძნობინებთ თავს, რომ თითქოს გიცნობთ, კონსიერჟის ალტერნატივაა, ინტერფეისი, რომელსაც ადაპტაციის უნარი აქვს, ვითარდება და იცვლება რეალურ დროში, განსხვავებით ინტერფეისებისგან, რომლებიც აქამდე გინახავთ“, — ამბობს ჩესკი.
ამ ეტაპისთვის უფრო კონკრეტულ AI პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე არ საუბრობენ. თუმცა ის ვიცით, რომ GamePlanner-ის გუნდი კომპანიას AI პროექტების აჩქარებაში დაეხმარება, თავისივე ხელსაწყოების ინტეგრირებით Airbnb პლატფორმაზე. ხოლო ის თუ, რამდენად შეძლებს კომპანია დასახული ამბიციების მიღწევას, ამას მალე თავადვე ვნახავთ…