Airbnb-სგან ანიმაციური სახლების რეალობად ქცევა უკვე აღარც გვიკვირს, მაგრამ მფრინავი სახლით ისინი კვლავ ახერხებენ მომხმარებლების მოხიბვლას. ამჯერად მათ Disney-სა და Pixar-ის ყველასთვის საყვარელი ფილმიდან Up მფრინავი სახლი შემოგვთავაზეს. ნიუ-მექსიკოში, აბიკიუში მდებარეობს და ანიმაციურ სამყაროს რეალობად აქცევს. როგორც ხედავთ, სახლის თავზე ათასობით ბუშტია მოთავსებული. თუმცა აქ მხოლოდ ბუშტები კი არ ცოცხლდება ანიმაციური ფილმიდან, არამედ კარლისა და ელის შექმნილი მყუდრო ინტერიერიც.
ესეც Airbnb-ს Icons-ის კატეგორიის ნაწილია, რომლითაც ბრენდი დიდ გაბედულ ნაბიჯს დგამს პოპკულტურაში. ხოლო სტუმრებს საშუალებას აძლევს, ეზიარონ სამყაროს, რომელიც აქამდე მხოლოდ თავიანთ ეკრანებზე ჰქონდათ ნანახი ან უბრალოდ წარმოედგინათ. თუმცა მათ შორის მფრინავი სახლი ნამდვილად გამორჩეულია, რომელიც კარგ დასვენებასაც გპირდებათ და თითოეული დეტალი ფილმთან იმდენად ახლოს არის, რომ Airbnb-ს მასპინძლად ინტუიციურად კარლ ფრედრიკსენს ჩათვლით. თანაც კარლი Airbnb-ის გამორჩეულ აღწერას გვთავაზობს:
„ჩვეულებრივ არ მომწონს სტუმრები, მაგრამ ახლა, როცა მხოლოდ მე და დუგი დავრჩით, ვფიქრობ, სასიამოვნო იქნება. ასე რომ, გიპასპინძლებთ ჩემს მყუდრო სახლში, რომელიც ელისთან ერთად შევქმენი. ეს ადგილი ადრე საწყობად იყო ქცეული, მაგრამ მე და ჩემმა მშვენიერმა ელიმ მოვაწესრიგეთ. გავაფორმეთ ის ნივთებით ყველა იმ მოგზაურობიდან, რომელსაც ვგეგმავდით. ახლა კი ცოტათი მოხუცი ვარ თავგადასავლებისთვის, მაგრამ ვიცი, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით თუ აქ დარჩენას გადაწყვეტთ, ოღონდ მხოლოდ 1 ღამით. ამიტომ, ძალიანაც ნუ მოშინაურდებით. თუ საკმარისად იღბლიანი ხართ იმისათვის, რომ აქ დარჩეთ, შეგიძლიათ, მოგზაურობის მომენტების ან თუნდაც სამკერდე ნიშნების საკუთარი კოლექციის შექმნაზეც დაიწყოთ ზრუნვა… ვფიქრობ, ამაში დახმარება შემიძლია. ელი საუკეთესო თავგადასავლების მოყვარული იყო, ამიტომ კარგად უნდა გაისარჯოთ, მისი მსგავსი რომ გახდეთ“.
იმასაც ამბობენ, რომ Up-ის მფრინავი სახლი უბრალოდ დასაწყისია, რადგან Icons-ის კატეგორია ანიმაციების რეალობის მიღმაც მიდის. ამიტომ, ჯერ Airbnb-ის მფრინავი სახლის ფოტოებს გაგიზიარებთ, შემდგომ კი კომპანიის Icon კატეგორიის სხვა ნამუშევრებიც ვნახოთ.
კომპანიამ ანიმაციების მოყვარულებს კი დიდი სიამოვნება მიანიჭა, მაგრამ არც მუსიკის მოყვარულები დავიწყებია, ისინი მინეაპოლისში Prince-ის Purple Rain-ის სახლში დასვენებას გვთავაზობენ:
ხოლო ტელევიზიის მოყვარულებს X-Men ’97-ის Xavier Institute-ში შეუძლიათ, დაჯავშნონ ერთი ღამე:
აი, ავტომობილებით გატაცებულ ადამიანებს კი იტალიაში 8 საოცარი ფერარით გარშემორტმულ Ferrari Museum-ში შეუძლიათ, დაისვენონ:
აქ არც ხელოვნების მოყვარულები დაუტოვებიათ უყურადღებოდ და მათ 2024 წლის ოლიმპიადისთვის Musée d’Orsay-ში სთავაზობენ ღამის გატარებას:
ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, რომ Airbnb-ის Icons იმაზე მეტია, ვიდრე უჩვეულო სახლები, ეს არის შანსი, შეაბიჯო სამყაროში, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა… და კომპანიაშიც ასე ფიქრობენ:
„Icons-ს მიჰყავხართ სამყაროში, რომელიც აქამდე მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობდა და რადგან ცხოვრება სულ უფრო ციფრულდება, ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ რეალურ სამყაროს მეტი ჯადოსნობა შევმატოთ. Icons-ით კი დედამიწაზე არაჩვეულებრივ გამოცდილებებს ვქმნით“, — აცხადებს ბრაიან ჩესკი, Airbnb-ის CEO.