in

როგორ გაჩნდა Airbnb-ის იდეა?

ამჯერადაც, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ჰოლივუდის რეჟისორებს ფილმის გადაღებას რომ შთააგონებს ხოლმე. მართლაც, საოცარია, როგორ შეუძლია Airbnb-სნაირ იდეას საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაც და მძლავრ ბიზნესად ქცევაც. პლატფორმის იდეა, რომელსაც 150 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და რომლის სერვისითაც 800 მლნ სტუმარს უსარგებლია, სრულიად უჩვეულოდ დაიბადა.

Airbnb-ის დაფუძნების ამბავი სიჯიუტისა და სიმტკიცის შესანიშნავი მაგალითია. ყველაფერი კი 2007 წელს დაიწყო, როცა ორი მეგობარი, ბრაიან ჩესკი და ჯო გებია, ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთმანეთს დიზაინის კოლეჯიდან იცნობდნენ. სამსახური ჯერ არ ჰქონდათ, ამიტომ ბინის ქირის გადახდა გაუჭირდათ და დამატებითი შემოსავლის მოძიებას ცდილობდნენ. იმ დროისთვის, სან-ფრანცისკოში ინდუსტრიული დიზაინის ადგილობრივი კონფერენცია მიმდინარეობდა. მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ კონფერენციისთვის უამრავი ვიზიტორი ჩამოდიოდა და ქალაქში სასტუმრო ოთახები აქტიურად იჯავშნებოდა.

მეგობრებმა ამ ამბავში ახალი შესაძლებლობა შენიშნეს. მათ იყიდეს რამდენიმე გასაბერი საწოლი და მალევე გახსნეს ვებგვერდი, სახელწოდებით „Air Bed & Breakfast“, ელექტრონულ მისამართზე airbedandbreakfast.com. ისინი ვიზიტორებს ღამის გასათევსა და საუზმეს სთავაზობდნენ. ერთი ღამით დარჩენა $80 ღირდა. იდეამ გაამართლა და პირველი სტუმრებიც გამოჩნდნენ: 30 წლის მამაკაცი ინდოეთიდან, 35 წლის ქალი ბოსტონიდან და 45 წლის მამაკაცი, ოთხი შვილის მამა იუტას შტატიდან.

ჩესკიმ და გებიამ გააცნობიერეს, რომ სრულიად შემთხვევით, პერსპექტიულ ბიზნეს-იდეას მიაგნეს. პროგრამისტი მეგობრის, ნათან ბლეჩარჩიკის დახმარებით, უკეთესი ვებგვერდისა და პლატფორმის შექმნა დაიწყეს, რაც მომხმარებლებს, ონლაინ რეჟიმში, სახლის გაქირავების საშუალებას აძლევდა. ვებგვერდი 2008 წლის ზაფხულში უკვე მზად იყო. იმ დროისთვის, დენვერში ეროვნული დემოკრატების კონფერენცია ტარდებოდა და თავისუფალი სასტუმრო ნომრების პოვნა საკმაოდ რთული იყო. სამმა თანადამფუძნებელმა სამიზნე სეგმენტად სწორედ ეს არეალი აირჩია და მოკლე დროში ასობით განცხადება განათავსა ვებგვერდზე.

ბიზნესისთვის თანხების მოძიების პროცესში, გებიამ და ჩესკიმ მარკეტინგული და დიზაინერული უნარები გამოიყენეს. 2008 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდში, ობამასა და მაკკეინის მხარდამჭერებისთვის, ლიმიტირებული სერიის ბურბუშელები გამოუშვეს. თითო შეფუთვა $40 ღირდა და საერთო ჯამში, შეგროვილი $30,000 კვლავ საქმეში დააბრუნეს.

ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია – $20,000 მეგობრებმა 2009 წლის დასაწყისში მიიღეს პოლ გრეჰემისგან, რომელმაც თავის პრესტიჟულ სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-ში მიიწვია. რამდენიმე თვის განმავლობაში გადაეწყო პროდუქტი და სერვისები. პარალელურად, მეგობრები აქტიურად მუშაობდნენ ვენჩურული კაპიტალის მოზიდვაში. უკვე მარტის თვეში, კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და Air Bed & Breakfast-ის ნაცვლად, Airbnb დაირქვა. კომპანიის ისტორიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო – Sequoia Capital-ისგან სტარტაპმა $600,000-ის ინვესტიცია მიიღო, მალე კაპიტალმა სხვა მხრიდანაც დაიწყო აქტიურად შემოდინება და Airbnb ეტაპობრივად, გლობალურ, მოგებიან ბიზნესად გადაიქცა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები Apple-ის დღევანდელი ღონისძიებიდან!

მავნე გამოსხივებისგან 100%-ით დამცავი სპეციალური ლინზები “კენარისგან”