რომის კოლოსეუმში თითქმის 2000 წელია არ მომხდარა ის, რასაც ახლა Airbnb და Paramount Pictures-ს აპირებენ — გლადიატორთა ბრძოლას აწყობენ, რათა 22 ნოემბერს Gladiator II-ის გამოსვლა აღნიშნონ. ოღონდ ისე არა, როგორც ადრე, გლადიატორის როლის მორგებას მაყურებლებს სთავაზობენ და მათ იმის გამოცდის საშუალებას აძლევენ, რაც ადრე რომაული ცის ქვეშ ხდებოდა.
2025 წლის 7 და 8 მაისს გაბედულ მონაწილეებს შეეძლებათ, სრულად შეიგრძნონ Gladiator II-ის ცხოვრება, ოღონდ ისტორიული ამფითეატრის სამუშაო საათების შემდეგ. ეს უფასო გამოცდილება სტუმრებს გლადიატორის ავთენტური აღჭურვილობის ტარების, მიწისქვეშა ოთახებში გასეირნების, არენაზე შებიჯებისა და ბრძოლის შესაძლებლობას სთავაზობს.
მთავარი ამბავი აქ, რაღა თქმა უნდა, გლადიატორთა დუელია, რომელიც როგორც გასართობ, ისე სავარჯიშო სესიას გულისხმობს იმისათვის, რაც მათ შემდგომში ელოდებათ — ხომ გახსოვთ, მონაწილეები თავად შედიან არენაზე…
კოლოსეუმის სახელგანთქმულ ჰიპოგეუმში სტუმრები მოსამზადებელ სივრცეებში დაიშვებიან, სადაც ისინი არჩეული საბრძოლო სტილისთვის შესაფერისი სპეციალური ჯავშნით აღიჭურვებიან, იქნება ეს რეტიარიუსი ბადით მებრძოლი გლადიატორისთვის თუ ე. წ. ჯავშნიანი მურმილო. როგორც კი მოემზადებიან, ჩირაღდნით განათებულ დერეფნებს გაივლიან და იმ ადამიანებზე დაფიქრების შესაძლებლობა მიეცემათ, რომლებიც მანამდე აქ იბრძოდნენ.
ამ ღონისძიებას ისტორიული ელემენტებიც ავსებს, მათ შორის რომაული ხემსის დარიგება თავისი ნუშით, ყურძნით, ბროწეულითა და ნიგვზით. თუმცა მდიდრულ რაღაცებს ვერ ნახავთ, რადგან, როგორც Airbnb-ში აღნიშნავენ: „თქვენ გლადიატორი ხართ და არა, იმპერატორი, თქვენ ვერ იქნებით გაუმაძღარი, ეს თქვენს გრძნობებსა და რეფლექსებს შეანელებს…“.
საღამო კულმინაციას გლადიატორულ ბრძოლაში ვარჯიშით აღწევს — სტუმრები ერთმანეთს გლადიატორების ტრადიციული მსაჯის მეთვალყურეობის ქვეშ დაუპირისპირდებიან — ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ გლადიატორთა ცხოვრება მეტად ხელშესახები გახადონ მაყურებლისთვის.
თუმცა სანამ თავად მოინდომებთ გლადიატორობას, დაჯავშნა მოგიწევთ, რაც 27 ნოემბრიდან დაიწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. იღბლიან 32 მონაწილეს კი Airbnb აირჩევს.