საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) 1998 წელს ამოქმედდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოსმოსურ მისიებში. მიუხედავად ამისა, სადგური 2030 წლისთვის შეწყვეტს ფუნქციონირებას — შესაბამისად, მის ჩამნაცვლებელზე ზრუნვის დროც დადგა.
სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი, Airbus. როგორც ჩანს, კომპანიას სურს, მრავალფუნქციური ორბიტალური მოდული (MPOP) შექმნას, სახელწოდებით Airbus LOOP.
მოდულის დიამეტრი 8 მეტრია და დაახლოებით იგივეა სიგრძეშიც. ხოლო მოცულობა 100 კუბურ მეტრს აღწევს. რეალურად, ეს კოსმოსური სადგური ოთხკაციანი ეკიპაჟისთვისაა გათვლილი და სრულიად შესაფერისია მომავალი კოსმოსური სადგურებისა და მარსზე ხანგრძლივი მისიებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული დროით 8 ადამიანის დატევასაც შეძლებენ.
კომპანიის მიერ ახლად გამოქვეყნებული ვიდეოდან ვიგებთ, რომ ინტერიერის დიზაინი სამი დონისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებელი განყოფილებისთვისაა განკუთვნილი, რასაც სამეცნიერო განყოფილება და ცენტრიფუგა მოსდევს. სწორედ ეს უკანასკნელი იზრუნებს გრავიტაციის სიმულაციაზე და აქვე განთავსებული იქნება სავარჯიშო მოწყობილობებიც.
მთლიანობაში, ეს სამდონიანი დიზაინი სრულად უზრუნველყოფს კოსმოსში ხანგრძლივად დარჩენის ძირითად საჭიროებებს. თანაც, Airbus-ის მიხედვით, თავსებადია ყველა საეკიპაჟო და სატვირთო მოწყობილობასთან — მაგალითად, შესაძლებელი იქნება ISS-თან ინტეგრირებაც კი, დამატებითი მოცულობის უზრუნველსაყოფად.