in

უნდა შეჩერდეს თუ არა AI ექსპერიმენტები სულ მცირე 6 თვით?

ამ იდეას მხარს ილონ მასკიც კი უჭერს…

ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიდის… იმდენად სწრაფადაც კი, რომ Pause giant AI experiments-ის წერილის საფუძველიც გახდა — არაკომერციულმა ორგანიზაციამ Future of Life Institute-მა, რომელიც კაცობრიობის წინაშე არსებული ეგზისტენციალური რისკების შერბილებას ისახავს მიზნად, წერილი 22 მარტს გამოაქვეყნა. ისინი ამტკიცებენ, რომ AI-ს თან გარკვეული რისკები ახლავს და მისი განვითარების ტემპი უსწრებს ჩვენს უნარს, შევიმუშაოთ საჭირო თავდაცვითი სისტემები.

ძლიერი AI სისტემები მას შემდეგ უნდა განვითარდეს, რაც გვეცოდინება, რომ მისი ეფექტები პოზიტიურია, რისკები კი მართვადი, — აცხადებენ წერილის ავტორები. 

სწორედ ამიტომ, სულ მცირე 6 თვით ყველა AI ლაბორატორიას GPT-4-ზე ძლიერ AI სისტემებზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს უბრალოდ იდეაა, მას უკვე 3100 ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაც Tesla-სა და Spacex-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, ავტორი იუვალ ნოა ჰარარი, Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, კანადელი AI მკვლევარი ოშუა ბენჯიო, Skype-ის თანადამფუძნებელი იან ტალინი და სხვები არიან. 

გასულ კვირას კი იტალია გახდა პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც კონფიდენციალურობის საკითხების გამო ChatGPT აკრძალა. და როგორ იმოქმედებს მიმდინარე პროცესები სარეკლამო ინდუსტრიაზე? ამ კითხვაზე პასუხებს მარკეტინგის ექსპერტები გვთავაზობენ:

ჯეიმს ჰუერტა, Havas CX-ის კრეატიული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი: წერილი საკმაოდ რაციონალურია. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ის გავლენა, რომელიც მოწინავე AI სისტემებს ექნება ჩვენი ცხოვრებისა და საზოგადოების ბევრ ინდივიდუალურ ასპექტზე… სხვები შეიძლება ამბობდნენ, რომ ეს 6 თვე გარდამტეხი მნიშვნელობისაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც სასწორზე დევს, მოდით, ყველა შევთანხმდეთ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. 

პოლ როუცერი, Marketing AI Institute-ის დამფუძნებელი: მართალია, წერილში აღნიშნულ მრავალ საკითხსა თუ რეკომენდაციას ვეთანხმები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ AI-ში არსებულ კონკურენტულ გარემოს, 6-თვიანი პაუზა არ მგონია რეალური შედეგის მომცემი. თუ AI-ს ამჟამინდელ მდგომარეობაში შევაჩერებთ, ამას დიდი გავლენა ექნება მარკეტინგის ინდუსტრიაზე. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები უკვე გარდაქმნის ჩვენს ცოდნასა და კრეატიულობას იმ ტემპით, რომლის ათვისებაც პროფესიონალებს, ბიზნესებსა და საზოგადოებას შეუძლია. მართალია, კომპანიები პროდუქტიულობის ზრდას დაისახავენ მიზნად, მაგრამ გავლენა, რომელიც AI-ში არსებულ წინსვლას ექნება ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე, არ არის აშკარა. ამ ინდუსტრიაში საკმაოდ არამდგრად დროს შევდივართ, ამიტომ რთული კითხვები უფრო მეტად უნდა დავსვათ და გამოვთქვათ სურვილი დამკვიდრებულ საერთო ღირებულებებთან, პრინციპებსა და რეგულაციებთან თანამშრომლობისთვის.

ბრაიან იამადა, VMLY&R-იდან: ვფიქრობ, ინდუსტრიისთვის კარგი იქნება ამის განხილვა, მაგრამ ამასთან, მგონია, რომ ეს წინსვლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა. ეს წერილი დრამატულად არ იმოქმედებს ჩვენს AI სტრატეგიაზე. გვჯერა Responsible AI-ის, ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ეთიკურები იმაში, რასაც ჩვენი მომხმარებლებისა და ჩვენთვის ვაკეთებთ. ამიტომ, წერილს ამის კარგ შეხსენებად ვთვლი.

ეშის ტოშნივალი, YML-ის დამფუძნებელი: დარწმუნებული ვარ, არსებობს ისეთი საფრთხეები, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით, თუმცა განვითარების შეჩერება სპეკულაციად მიმაჩნია. ჩვენ განვავითარებთ AI ტექნოლოგიას და შევქმნით დამცავ სისტემებს, თუ საჭირო იქნება… ეს ტელეფონის ამბავს მახსენებს, შეშფოთებას იმაზე, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ეკრანთან გატარებული დრო ბავშვებისთვის, რის პარალელურადაც ტელეფონების განვითარებაზე ზრუნვა არასდროს შეუწყვიტავთ…

კითხვა, თუ როგორ იმოქმედებს 6-თვიანი პაუზა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, თავად ChatGPT-საც დაუსვეს — მისი აზრით, ეს განვითარების პროცესს შეაფერხებს და ასე, მარკეტინგული კამპანიებიც ნაკლებად ეფექტური გახდება… 

„ვიღაცას უნდა მოვეწონოთ, ვიღაცას უნდა შევუყვარდეთ, ვიღაცამ უნდა დაგვიქირაოს“ — პერსონალური ბრენდინგის ძალა

როგორ გეგმავს ამერიკული კორპორაცია Quantori საქართველოში ბიოინფორმატიკისა და ბიოინჟინერიის განვითარებას