in

როგორ გამოვიყენოთ AI ჩვენ სასარგებლოდ?

მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამაზე თუნდაც ChatGPT-ის მზარდი პოპულარობა მოწმობს და თუ Microsoft-ის 2024 წლის Work Trend Index-საც მოვიშველიებთ, გავიგებთ, რომ AI ხელსაწყოებს სამსახურში თანამშრომელთა 75% იყენებს…

ახლა კი Microsoft 365-ისა და Future of Work-ის გენერალური მენეჯერი კოლეტ სტალბამერი, LivePerson-ის CEO ჯონ საბინო და Salesforce AI-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიეშ გოვინდარაჯენი გვიზიარებენ, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის სასარგებლოდ. კონკრეტულად კი 3 გზას გვთავაზობენ:

გახდით ძლიერი მომხმარებლები

მართალია, ამ საკითხს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ყველას შეუძლია, ე. წ. ძლიერ მომხმარებლად იქცეს. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი აზროვნების შეცვლაა, რომელიც თქვენი როლის გადახედვას მოიცავს, მის დაყოფას ამოცანებად, რომელთაგანაც გადაწყვეტთ, რომლისთვის იქნება AI-ის გამოყენება მოგებიანი. ხოლო მეორე ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ჩვევად ქცევაა და სურვილი, გამუდმებით ატაროთ ექსპერიმენტები.

მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა გადამზადებაც, რაზეც ბევრი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გააზრებული აქვს, მაგრამ Microsoft-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 25% თუ ატარებს რეალურად AI ტრენინგებს კომპანიებში…. 

ზუსტად იმ მომენტის წინაშე ხართ, როცა უნდა გააკეთოთ არჩევანი შიშსა და სწავლას შორის. ვფიქრობ, ჩვენ ვცდილობთ, ყველა მომხმარებელს დავეხმაროთ, ამ პროცესებს გვერდი კი არ აუარონ, არამედ მისი მონაწილენი გახდნენ, რეალურად დაიწყონ სწავლა და ექსპერიმენტების ჩატარება, — აცხადებს სტალბამერი.

გააუმჯობესეთ მომხმარებელთა გამოცდილება

აი, საბინოს თქმით კი, ხელოვნური ინტელექტი ახლა პოპულარული იმიტომ ხდება, რომ პერსონალიზებული მომხმარებელთა გამოცდილების შექმნის უნარი აქვს. ხოლო თუ ამას ადამიანი მარტო აკეთებს, საკმაოდ ხარჯიანია და ბევრ დროსაც მოითხოვს… ამგვარად, AI პერსონალიზაციის მასშტაბირებას ამარტივებს. 

LivePerson-ის კვლევის მიხედვით, ხელმძღვანელთა 91% აღფრთოვანებულია AI-ის გამოყენებით მომხმარებლებთან ინტერაქციისას, ხოლო ამ უკანასკნელისთვის კონკრეტული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია. საბინოს კი ამ დისონანსის აღმოფხვრის გზად პერსონიფიცირება ესახება, რათა მომხმარებლებმა იგრძნონ, რომ კომპანიები აფასებენ — AI ყველგან შეგვხვდება, ისეთივე გახდება, როგორც კითხვის ან მათემატიკის ცოდნის უნარი… თუმცა ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ გამოიყენოთ ტექნოლოგიები თქვენი ბრენდისთვის, როგორ დაამყაროთ მისი დახმარებით კავშირი თქვენს მომხმარებლებთან.

ენდეთ და ივარჯიშეთ

თუ გოვინდარაჯენს დავუჯერებთ, ეს ზუსტად ის ორი მთავარი საკითხია, რომლებსაც კომპანია უნდა გაუმკლავდეს, როცა AI-ის დანერგვას გადაწყვეტს. მას სწამს, რომ ტექნოლოგიების ინტერგირების პროცესში ადამიანებიც უნდა იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ვენდობით და გვჯერა კიდეც, რომ ისინი შეძლებენ AI-ის სწორად გამოყენებას. ამ ნდობის შესაქმნელად კი ორგანიზაციამ დასაქმებულებს მკაფიოდ უნდა მიაწოდოს კონტექსტი იმისა, თუ რატომ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. აი, მაგალითად Salesforce ხელოვნურ ინტელექტს გაყიდვებში მონაცემთა სინთეზირებისთვის იყენებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხებზე ფოკუსირდნენ.

უამრავი გარიგება მოითხოვს პროცესში ადამიანის ჩართვას. ხელოვნური ინტელექტი კი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, იმგვარ ამოცანაზე ფოკუსირდნენ, რომლებიც ადამიანურია და არა, რუტინული, — აცხადებს გოვინდარაჯენი.

რა გველოდება „მერანოს” ღვინის ფესტივალზე 2 ივნისს

რჩევები საუკეთესო „ფიჩინგის” მოსამზადებლად და შაბლონები, რომლებიც გამოგადგებათ